დემოდეკოზი
დემოდეკოზი - (demodecosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Demodex + osis დაავადება) – ცხოველებისა და ადამიანის არაქნოზული დაავადება. აღმძვრელები – Demodex-ის გვარის ტკიპები პარაზიტობენ ცხოველის ბეწვის ბოლქვებსა და ცხიმის ფოლიკულებში. განსაკუთრებით მძიმე ფორმით ავადდებიან ძაღლები და მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვი, უპირატესად – მოზარდეული.
დემოდეკოზით ძაღლის დაავადებისას არჩევენ მსუბუქ (ქერცლოვან) და მძიმე (პუსტულოზურ) ფორმებს. თავდაპირველად ზიანდება კანი წარბზედა რკალის, ტუჩების, ლოყების, კისრის, იდაყვების მიდამოებში, შემდეგ – სხეულის სხვა ნაწილებზე. ამ ადგილებში ბეწვი ცვივა, კანი წითლდება, სქელდება, იჭმუხნება, ქატოსებრი ქერცლებით იფარება, ზედაპირიდან სითხე ჟონავს. ქავილის შეგრძნება სუსტია ან არ აღინიშნება. პუსტულოზური ფორმის დროს წარმოიქმნება ბორცვები, რომელთა წვერზე არსებული ხვრელიდან შიგთავსი გამოედინება და ხმება. კანი წითელი, უხეში და დანაოჭებულია. ვითარდება ანემია და პროგრესირებადი სიგამხდრე. ძაღლი კვდება სიგამხდრისა და სეფსისისაგან.
დემოდეკოზით მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის დაავადებისას კისრის, ბეჭების, მკერდის და ზურგის მოდამოებში კანზე ვითარდება 2-დან 10 მმ-მდე დიამეტრის ბორცვები, რომელთა წვერზე არსებული ხვრელიდან სითხე გამოდის, ხოლო ხელის დაჭერისას – მოთეთრო-ცვილისებრი შიგთავსი. დაზიანებულ ადგილებში ბალანი ხუჭუჭდება და ცვივა, კანი გასქელებულია. ქავილი არ აღინიშნება.