დვალეთის კავკასიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დვალეთის კავკასიონი

დვალეთის კავკასიონიკავკასიონის სამხრეთ კალთის მონაკვეთი. მდინარეების დიდი ლიახვის, პატარა ლიახვის, ქსნისა და ლეხურის აუზების ფარგლებში.

მთავარი ქედი დვალეთის ფარგლებში შედარებით დაბალია; არც ერთი აქაური მწვერვალი 4000 მ-ს ვერ აღწევს. აღსანიშნავია ჯავის ქედი, რომელიც მთავარ ქედს მდ. ფაწასა და ჯომაღისწყლის სათავეებს შორის გამოეყოფა. ამ ქედის ჩრდილო ნაწილი ცნობილია ბრუტსაბძელის (3670 მ) სახელწოდებით. დვალეთშივე, მდ. დიდი ლიახვის ზემო წელის სამხრეთით, კავკასიონის მთავარი ქედის პარალელურად, გადაჭიმულია გერმუხის ქედი (3339 მ). აღსანიშნავია, აგრეთვე, ხარულისა და ალევის ქედები. მნიშვნელოვან ინტერესს იწვევს ყელის ვულკანური ზეგანი, რომელიც ნაწილობრივ მთიულეთის ტერიტორიის ფარგლებში ვრცელდება. აქაური რელიეფის აბსოლუტური ნიშნულები 2600 მ-დან 3300 მ-მდეა. ყელის ზეგანზე აღმართულია ვულკანური კონუსები (10-ზე მეტი ვულკანური ცენტრით) – ყელი, შარხოხი, შადილხოხი, ფიდარხოხი, დიდი ხორისარი, დიდი და პატარა ნეფისკალო და სხვ, რომელთა შეფარდებითი სიმაღლეები 300-700 მ-ის ფარგლებში ცვალებადობს (მარუაშვილი, 1970).

ყელის ზეგნის უმეტესი ნაწილი უკავია 2600-3200 მ სიმაღლეზე აზიდულ ზედაპირებს, რომლებიც დაფარულია ყინვითი გამოფიტვის უხვი პროდუქტებით და პერიგლაციალური წარმონაქმნებით (ტუფები, მრავალკუთხედები და სხვ.). ეს ზეგანი რეგიონში ტბების სიმრავლითაა გამორჩეული. ამ მხრივ, იგი მხოლოდ ჯავახეთს თუ ჩამოუვარდება. აქაური ტბები განლაგებულია 2800-3000 მ-ზე მაღლა და მიეკუთვნებიან როგორც ვულკანურ და მყინვარულ, ისე შეგუბებით გაჩენილ წარმონაქმნებს. აქ აღრიცხული 57 ტბიდან მხოლოდ 16 ტბის სარკის ფართობი აღემატება 0,01 კმ-ს; ყველა ტბის ჯამური ფართობი 3 კმ-საც ვერ აღწევს. მათ შორის ყველაზე დიდია ყელის ტბა (ფართობი 1,28 კმ, მაქსიმალური სიგრძე 2,52 კმ, სიგანე – 1,14 კმ, საშუალო სიღრმე 27,8 მ); ტბის სამხრეთ ნაწილიდან სათავეს იღებს მდ. ქსანი. ზამთრობით, როცა ტბა ყინულის სქელი ფენით იფარება, ტბიდან განადენი წყდება (აფხაზავა, 1975);

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები