დიალა
დჲალა (Дйала) – ვაინახური წარმართული პანთეონის უზენაესი ღმერთი, დემიურგი, ჭექა-ქუხილის ღვთაების („სელა“) უფროსი ძმა, ნაყოფიერების ქალღმერთის – თუშოლის მამა; ცხოვრობს ზეცაში. მან შექმნა ცა და მიწა; როცა მიწა ცაზე სამჯერ დიდი აღმოჩნდა, შეკუმშა იგი და ასე გაჩნდნენ მთები და გორები; შემდეგ მან მიწა ქვის მთებით – კლდეებით – განამტკიცა და ხარებს დაავალა, იგი რქებით დაეჭირათ. დჲალამ შექმნა ფრინველები, ცხოველები და ადამიანები, რომელთა პირველი წყვილის შეერთებას ზარნაშომ ხელი შეუშალა, რისთვისაც ღმერთმა იგი დასაჯა და დღისით მხედველობა წაართვა.
შედარებით ძველი წარმოდგენების მიხედვით, დჲალამ ქვეყნიერების მართვა ნაწილობრივ გადააბარა სხვა ღვთაებებს, რომლებიც თავიანთ სფერობში დამოუკიდებლად მოქმედებენ და ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავლად გვევლინებიან. ჩეჩნეთ-ინგუშეთში მისი სახელობის მრავალი საკულტო ნაგებობაა დაფიქსირებული, რომელთა შორის ყველაზე უძველესი (X-XI სს.) წეჲ-ლამის მთაზე მდებარეობს. ისლამის გავრცელების შემდეგ დჲალა ალაჰთან იქნა გაიგივებული.
ლიტერატურა
- Архиев Ч. Избранное. Магас-Назрань, 2000;
- Далгат Б. К. Первобытная религия чеченцев и ингушей. М., 2004;
- Шиллинг Е. М. Ингуши и чеченцы // Религиозные верования народов СССР. М.,-Л., 1931;
- Дахкильгов И. А. Мифы и легенды вайнахов. Грозный, 1991;
- Акиева П. Х. Архетипическое в этнокультуре ингушей (на материале мифологии, нартского эпоса и обрядов жизненного цикла). Дисертация на соискание степени доктора исторических наук. Махачкала, 2016.