დიაქრონია
დიაქრონია − (ბერძ. dia – გავლით, გამჭოლი და chronos –დრო), ენობრივი მოვლენების, ენობრივი სისტემის ცვალებადობის ისტორიული თანამიმდევრობა; ენის შესწავლა ამ თანამიმდევრობის თვალსაზრისით.
ტერმინი „დიაქრონიული ენათმეცნიერება“ შემოტანილია ფ. დე სოსიურის მიერ „ისტორიული ენათმეცნიერების“ ნაცვლად. სოსიურის კონცეფციაში დიაქრონია – ენის ცვალებადობა დროში – გამიჯნულია სინქრონიისაგან – რომელიმე მოცემულ ეტაპზე ენის მდგომარეობისაგან. მაგრამ მათ შორის ურთიერთგამომრიცხავი წინააღმდეგობა არ არსებობს – ისინი ავსებენ და ამდიდრებენ ერთმანეთს.
ენა მუდმივ ცვლილებას განიცდის. დროთა განმავლობაში ენობრივი მოვლენების ერთი ნაწილი ქრება, მეორე – ჩნდება და ა. შ. მაგრამ რამდენადაც ენობრივი ფაქტები, მოვლენები არსებობენ სისტემაში, სადაც ერთი ელემენტის შეცვლა ცვლილებებს იწვევს სხვებში, იცვლება მთლიანი სისტემაც. დიაქრონიული ენათმეცნიერება გულისხმობს ენობრივ სისტემათა სინქრონიული ეტაპების, სინქრონიული ჭრილების ქრონოლოგიურ თანმიმდევრობათა შესწავლას, ენის გარკვეულ სინქრონიულ მდგომარეობათა ცვლის აღწერას. იგი ენის განვითარების ეტაპებისათვის დამახასიათებელი მოვლენების ახსნისა და გაგების საშუალებას იძლევა. შესაძლებელია ენის განვითარების გარკვეული ეტაპის შესწავლა სათანადო დოკუმენტაციის (წერილობითი ძეგლების) საფუძველზე (მაგ., X ს. ქართულის ახ. ქართულთან შეპირისპირებით). იქ, სადაც დოკუმენტაცია არ არსებობს, დიაქრონიული ენათმეცნიერება იყენებს სპეცმეთოდებს, როგორიცაა მონათესავე ენათა ან დიალექტთა შედარება, შინაგანი რეკონსტრუქცია და ა. შ.
ლიტერატურა
- ჩიქობავა არნ. სინქრონული და დიაქრონული ენათმეცნიერების ურთიერთობისათვის. – იხ. მისი: ზოგადი ენათმეცნიერება, II. ძირითადი პრობლემები, თბ. (1945) 1983;
- გამყრელიძე თ. მაჭავარიანი გ. სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში. თბ., 1965;
- შარაძენიძე თ. ცოცხალი ენის დიალექტთა მნიშვნელობა ენის განვითარების შესწავლისათვის (სინქრონია-დიაქრონიისა და სტატიკა-დინამიკის ურთიერთობასთან დაკავშირებით). - იხ. მისი: თანამედროვე ენათმეცნიერების თეორიული საკითხები, თბ., 1972.