დიდი ბატასინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდი ბატასინი

დიდი ბატასინი (ლათ. Mergus merganser Linnaeus, 1758) − ფრინველი იხვისებრთა ოჯახიდან. დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 235-300 მმ-ია, ნისკარტი − 40-60 მმ, წონა – 1200-2000 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაშიც სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული. მამალს გამრავლების დროს თავი და კისერი ზემო მხრიდან შავი აქვს, მომწვანო მეტალური ელვარებით. კეფაზე წაგრძელებული ბუმბულები ქოჩორს წარმოქმნის. ზურგი და მხრების შიგნითა ბუმბულები შავია, წელი და კუდის ზემო მფარავები – მუქი რუხი. კისრის ძირითადი (ქვემო) ნახევარი და მთელი მუცლის მხარე, აგრეთვე მხრების გარეთა ბუმბულები, ფრთების ზემო მფარავები და „სარკე“ ფრთებზე თეთრია, ხშირად ინტენსიური მოვარდისფრო ელფერით. წვივისა და წელის გვერდების ბუმბულებზე რუხი სიჭრელეა. დედალს თავი და კისრის ზედა ნახევარი მოქარცისფრო-მურა აქვს. ყელი და კისრის ქვემო ნახევარი – თეთრი. კეფაზე არის წაგრძელებული ბუმბულების ქოჩორი. სხეულის მთელი ზედა მხარე, აგრეთვე ფრთების პატარა და საშუალო მფარავები რუხია. სხეულის ქვემო მხარე და „სარკე“ ფრთებზე თეთრია, მორუხო ელფერით ჩიჩახვსა და გვერდებზე.

აღწერილია 3 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი დიდი ბატასინი – M. m. merganser Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

დიდი ბატასინი ბუდობს მეტწილად ევრაზიისა და ჩრდილოეთი ამერიკის ტყის ზონაში, აგრეთვე შუა აზიის მთიან ადგილებში, ჰიმალაიზე და ტიბეტში. იზამთრებს ძირითადად ევრაზიისა და ჩრდილოეთი ამერიკის ატლანტისა და წყნარი ოკეანეების სანაპიროებზე, ხმელთაშუა და შავი ზღვების აუზებში, კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროებზე, სპარსეთის ყურეში, ჩრდილოეთ ინდოეთში, ინდოჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში. საქართველოშიც მხოლოდ ზამთრობით მოიპოვება.

ბიოტოპი

დიდი ბატასინი ბინადრობს თევზებით მდიდარ მდინარეებსა და სუფთა ტბებზე, მცირედ განვითარებული მცენარეულობით, მაგრამ ტყიანი ნაპირებით. უპირატესობას ანიჭებს მთიან ლანდშაფტს, ხოლო სამხრეთ განედებში მხოლოდ მთებში ბინადრობს. ზღვებზე გვხვდება შედარებით იშვიათად, მეტწილად – ზამთარში.

გამრავლება

ბუდობს სწრაფი მდინარეების ნაპირებზე. ბუდეს იკეთებს ხეების ფუღუროებში. ხშირად იყენებს შავი კოდალას მიერ გაკეთებულ ფუღუროებს. ზოგჯერ ბუდობს სანაპირო კლდეების ნაპრალებშიც. მაისის შუა რიცხვებში დებს 8-9 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 32 დღეს გრძელდება.

კვება

დიდი ბატასინის საკვებს თითქმის მხოლოდ თევზები შეადგენენ. მასში მცირე რაოდენობით შეიძლება შეერიოს წყლის მწერები და მოლუსკები.

მნიშვნელობა

სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ სხვა იხვებზე ნადირობის დროს საკმაო რაოდენობით მოიპოვებენ. იყენებენ ტყავსა და ბუმბულს. ხორცი დაბალი ღირსებისაა.


წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები