დიდი კამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდი კამა, ცერეცო - Foeniculum vulgare L.

Foeniculum vulgare L. – დიდი კამა, ცერეცო.

მეგრულად – დიდ კამა.

მრავალწლოვანი (კულტურაში ერთ ან ორწლოვანი) მცენარეა თითისტარისებრი ხორცოვანი სქელი ფესვით. ღერო 2 მეტრამდე სიმაღლისაა, მომრგვალო, მსხვილი, ვიწრო ღარებიანი, დატოტვილი, ლეგა ფერის. ფოთლები სამმაგ-ოთხმაგ ფრთისებრ განკვეთილია, გრძელ, ჯაგრისებრ ნაკვთულებად. ყვავილები წვრილია, ყვითელი, 5-20 სხივიან ქოლგისებრ ყვავილედებად შეკრებილი. ნაყოფი ბაცი შეფერილობის თესლურაა. ყვ. VII-X; ნაყ.VIII-XI. იზრდება ზღვის სანაპირო ზოლში მთის წინებზე, ქვიშნარ და კლდოვან ადგილებზე. კულტივირებულია მრავალ ქვეყანაში სანელებელი მცენარეა. სასიამოვნო სუნს განსაზღვრავს ეთერზეთები, რომელიც ყველა ორგანოში აღინიშნება: ნაყოფებში – 7 მგ%-მდეა, ვეგეტატიურ ნაწილებში 2-3-ჯერ ნაკლები. სუფთა სახით დიდი კამის ეთერზეთები მიღებულ იქნა XVIII ს-ში; მის შემადგენლობაშია ანეთოლი, ანისულის ალდეჰიდი, ანისულის მჟავა და სხვა არომატული შენაერთები, აღინიშნება აგრეთვე ცხიმოვანი ზეთები, ხოლო ფოთლებსა და ღეროებში – ასკორბინის მჟავა, კაროტინი, B, E, K ჯგუფების ვიტამინები.

მეცნიერულ მედიცინაში თესლები გამოიყენება. ე.წ. „კამის წყალს“ იყენებენ ჩვილ ბავშვებში მუცლის გაბერვისა და კუჭ-ნაწლავის მტკივნეული სპაზმების დროს. ასევე შედის მრავალ სხვადასხვა დანიშნულების სამკურნალო ნაკრებების შემადგენლობაში: საფაღარათო, ნაღველმდენი, დამამშვიდებელი და ა.შ.

დიდი კამის ეთერზეთები პრეპარატ სოლუტანის ძირითადი კომპონენტია, რომელსაც უნიშნავენ ბრონქიტისა და ბრონქიალური ასთმის დროს. მცენარის ეთერზეთები ხასიათდება დამამშვიდებელი მოქმედებით, აქრობს შიშსა და ნევროზს.

ძველ მედიცინაში თესლები და მიწისზედა ნაწილი ფართოდ გამოიყენებოდა როგორც მადის აღმძვრელი, ამოსახველებელი, ქარმდენი, შარდმდენი, ჭრილობების შემახორცებელი, ლაქტოგენური, ანთებისა და შხამსაწინააღმდეგო საშუალება.

წარსულში მიიჩნევდნენ, რომ თუ ადამიანი ყოველწლიურად ვერძის თანავარსკვლავედში მზის ამოსვლისას მიიღებდა ერთ დირხემს (2,96 გ) წვრილად დაფქვილ თესლს ამავე რაოდენობის შაქრის ფხვნილთან ერთად, მაშინ მთელი წლის მანძილზე არაფრით დაავადდებოდა. ავიცენას აღწერით დიდი კამა ხსნის საცობებს სისხლძარღვებში, აუმჯობესებს მხედველობას, მეძუძურ ქალებში აძლიერებს რძის გამოყოფას, აქუცმაცებს ქვებს, შველის გულის რევასა და კუჭის ანთებას. თესლების ნახარში სასარგებლოა თირკმელებისა და შარდის ბუშტის დაავადებების, გვერდების ტკივილისა და გულის რიტმის დარღვევებისას.

ქართულ ხალხურ მედიცინაში დიდი კამის (ცერეცო) ზეთი იხმარებოდა თავის ტკივილის დროს ყურში და ცხვირში წასასმელად, ყურის ტკივილის დროს – ყურში ჩასაწვეთებლად, თირკმელებში ქვიშის არსებობისას ზურგს ზეთით უზელდნენ, პირღებინებისას დიდი კამის მარილიან წყალს ხმარობდ¬ ნენ (ბიძინაშვილი, 2013).

მისი თესლების ნახარში ჩაის სახით სამურზაყანოში გამოიყენებოდა შარდის შეკავებისას, როგორც შარდმდენი საშუალება /Шабловский, 1886.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები