დიდი მწვანე ლეღვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდი მწვანე ლეღვი

დიდი მწვანე ლეღვი – ოსმალური სმირნის ტიპის ჯიში. კახეთში ახლადშეტანილ, უცხოეთის ჯიშებს შორის, თავისი მსხვილი და მაღალხარისხოვანი ნაყოფის მიხედვით, ყურადღებას იპყრობს თურქული ან ოსმალური დიდი მწვანე.

ოსმალური დიდი მწვანე, თითო-ოროლა ხის სახით გვხვდება ქვედა კახეთის ცალკეულ მეკომურთა კარმიდამოზე. ჩვენს მიერ აღწერილია სოფ. კარდენახში მცხოვრებ სარაჯიშვილის კარმიდამოზე აღებული ნიმუში.

ხის მორფოლოგიურ აღწერილობაზე რაიმეს თქმა ძნელია იმიტომ, რომ ჩვენ ნაყოფი ავიღეთ ახალგაზრდა, 5–6 წლიან ბუჩქიდან.

ვიძლევით ნაყოფის აღწერას, ისიც ზაფხულისას.

თურქული დიდი მწვანე იძლევა 2 მოსავალს. გაზაფხულის – უფრო მსხვილი, ქოთნისებრი მოყვანილობას და უფრო ტკბილი და წვნიანი ნაყოფია, ვიდრე ზაფხულისა. ორივე ტიპის ნაყოფი კაპრიფიგატორებია.

ოსმალური დიდი მწვანე ნაყოფი მოგრძო ფორმისაა, ვიწრო თავით და განიერი ძირით.

ნაყოფი მოგრძო სფერული მოყვანილობისაა და თავდება არა ყელით, არამედ სქელი და საკმაოდ გრძელი, მწვანე ფერის ყუნწით, რომლის ირგვლივ, მოყვითალო-მომწვანო ფერის წერტილებია შემოლაგებული.

ნაყოფის კანი ღია ყვითელი-მომწვანო ფერისაა, ზოლისებურად ერთი-მეორეში გარდამავალი. ნაყოფის კანის ქვეშ ხორცი მეტად სქელია, მოთეთრო ფერის მასაა, რომელიც ნაყოფის სრულ სიმწიფისას, მთლად წვნიანი და თუმთუმა ხდება.

ნაყოფის გული ნაძვის ხის ფორმის მსგავსად სხივისებრად განლაგებულია ნაყოფსაჯდომზე. ნაყოფის ხორცი ძლიერ მოგრძოა და გულისკენ მიმართული. მის გულში მსხვილი, კარგად განვითარებული თესლია. ამ ჯიშის ზაფხულის ნაყოფის ყველა თესლი აღმოცენების უნარისაა.

ნაყოფის მილი განიერია და ნაყოფსაჯდომის მარცხნივ და მარჯვნივ შეფენილია ქერტლით. სრული სიმწიფისას, ნაყოფის გულიდან ჟონავს ტკბილი წვენი; გადამწიფებისას ნაყოფი ჭკნება ხეზევე, როგორც ეს სჩვევია კაპრიფიგირებულ ნაყოფს.

ოსმალური დიდი მწვანე, ეიზენის კლასიფიკაციისა და თავისი ნაყოფის განვითარების და განაყოფიერების მხრივ, ეკუთვნის აშკარად სმირნის ტიპის ჯგუფს; ქვედა კახეთის პირობებისთვის ოსმალური დიდი მწვანე უსათუოდ ერთ-ერთ საუკეთესო საჩირე ჯიშად უნდა ჩაითვალოს. მისი გავრცელება მეტად საჭიროა. ოსმალური დიდი მწვანის ფოთოლი მეტად თავისებური მოყვანილობისაა. თვით ფოთლის სიფრიფანა დანაკვთულია შვიდ თათად (არც ერთ ადგილობრივ კახურ ჯიშს შვიდთათა ფოთოლი არა აქვს); მათ შორის ყველაზე განვითარებულია შუა თათი.

დანაკვთულობა თათებს შორის ძალიან ღრმაა და ვიწრო, ისე, რომ ფოთლის სიფრიფანა, თითებივით არის დაყოფილი, მათი დანაკვთულობა ფოთლის სიფრიფანის 2/3 -ზე აღწევს. თვით თათებიც ოდნავ დანაკვთულია და დაკბილულიც, რაც სხვა კახური ლეღვის ჯიშების ფოთლების ნაკვთებს არ ახასიათებს. დაძარღულობა მსხვილია და ძლიერი. ყუნწი გრძელია და შეადგენს ფოთლის ფირფიტის უშუალო გაგრძელებას, ან ზის განიერ ამონაკვთში.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები