დიდი ჭრელი კოდალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიდი ჭრელი კოდალა (ლათ. Dendrocopos major Linnaeus, 1758) − ფრინველი კოდალასნაირთა რიგიდან.

დიდი ჭრელი კოდალა ყველაზე დიდია ჭრელი კოდალების გვარში, ფრთა 130-145 მმ-ია, ნისკარტი – 23-27 მმ, კუდი – 60-90 მმ, წონა – 70-95 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაშიც სქესთა შორის მცირე განსხვავებაა. ზრდასრული მამალი ზურგის მხარეს შავია, სხვადასხვა სიდიდის თეთრი ლაქებით. შუბლი ღია მურაა, თავი – შავი, მოლურჯო ელფერით და კეფაზე მკვეთრი წითელი განივი ზოლით. ზურგი, წელი და კუდის ზედა მფარავები შავია; ყელი, თავის გვერდები და კისერი – თეთრი. ნისკარტქვედას ძირებიდან კეფისაკენ მიემართება ვიწრო შავი ზოლები, რომლებიც კისრის გვერდებზე იტოტებიან. პირველი რიგის მომქნევები მუქი-რუხია, მკვეთრი თეთრი ლაქებით. გამონაკლისია არასრულად განვითარებული პირველი მომქნევი, რომლის გარეთა მარაოზე ლაქები არაა. მეორე მომქნევზე მხოლოდ ერთი თეთრი ლაქაა ძირში. მეორე რიგის შავ მომქნევებზე უფრო დიდი თეთრი ლაქებია. მხრებისა და ფრთების საშუალო მფარავები თეთრია. როცა ფრთები იკეცება, ზურგის კიდეებზე ფართო თეთრი ლაქები ჩნდება. კუდი ჭრელია. საჭის ორი ცენტრალური წყვილი შავია, ხოლო ორი კიდურა წყვილი – თეთრი, ფართო შავი განივი ზოლებით. მკერდი და მუცლის ზემო ნაწილი თეთრია. მუცლის უკანა ნაწილი და კუდის ქვემო მფარავები – მკვეთრი წითელი. დედალს კეფაზე განივი წითელი ზოლი არა აქვს. ნისკარტი მუქი-რქისფერია, ძირში შავი ჯაგრისებრი ბუმბულებით. ფეხები მომწვანო-რუხია.

აღწერილია 19 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური დიდი ჭრელი კოდალა – D. m. tenuirostris Buturlin. 1906.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის ფოთლოვანი და წიწვიანი ტყეების ზონას, ბრიტანეთიდან და პირენეიდან, კურილის კუნძულებამდე. ჩრდილოეთი საზღვარი მიჰყვება დაახლოებით 70-ე პარალელს, ხოლო სამხრეთით ვრცელდება თურქეთში, ჩრდილო-დასავლეთ ირანში, კავკასიაში, სამხრეთ ურალში, ცენტრალურ ყაზახეთში, ალტაისა და ტიანშანზე, უსურის მხარეში. არის აგრეთვე მაროკოში, ალჟირსა და ტუნისში. საქართველოში მოიპოვება ყველგან როგორც მობინადრე ფრინველი.

ბიოტოპი

ნაირგვარი ტიპის ტყეები. კავკასიაში – უპირატესად მთების ფოთლოვანი და შერეული, იშვიათად წიწვიანი ტყეები, აგრეთვე ჭალები, ბაღები, კორომები. ვერტიკალურად ვრცელდება 2100 მ-მდე ზ. დ., თუმცა უფრო ეტანება მთის ტყეების შუა ზოლს.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. ბუდობს ხის ფუღუროში. აპრილის მეორე ნახევარში დებს 5-7 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 12-13 დღეს გრძელდება. ბარტყების კვებაში მონაწილეობს მამალიც, მაგრამ უფრო აქტიურია დედალი.

კვება

ძირითადია ცხოველური საკვები, უპირატესად ქსილოფაგი მწერები, მათი განვითარების სხვადასხვა სტადიაში. იკვებება ნაირგვარი ნაყოფითაც – ხეხილით, კენკრით, ჭყინტი სიმინდით, რკოთი, წიწვიანების თესლებით. საკვების შედგენილობა იცვლება სეზონებისა და ადგილობრივი პირობების კვალობაზე.

მნიშვნელობა

საშიში ქსილოფაგი მწერების დიდი რაოდენობით განადგურებით, დიდი სარგებლობა მოაქვს სატყეო მეურნეობისათვის.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები