დიდუბის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდუბის ეკლესია. საერთო ხედი

დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი (ინგლ. The Didube Temple of the Virgin Maryʹs Birth) – ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს თბილისში, დიდუბეში, წერეთლის გამზირზე.

დიდუბის ეკლესია. დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი
დიდუბის ეკლესია. გუმბათის ყელი

ფსევდო-რუსული (ე.წ. ნეო-რუსული) სტილის გუმბათოვანი მართლმადიდებლური ტაძარი აგებულია XIX საუკუნის ბოლოს სავარაუდოდ იმ ადგილას, სადაც მდებარეობდა თამარ მეფის სახელთან დაკავშირებული ეკლესია. გადმოცემის თანახმად მეფე თამარის დედა დედოფალი ბურდუხანი ავად გამხდარა. მეფე გიორგი III (1156-1184 წწ.) აღთქმა მიუცია ღმერთისათვის თუ დედოფალი მშვიდობით მორჩებოდა, დიდუბეში ეკლესია და სასახლე აეშენებინა, რაც შეასრულა კიდეც (მანამდე ამ ადგილას VI საუკუნის მცირე ეკლესია მდგარა). პოეტის, იოსებ დავითაშვილის ინფორმაციით (XIX ს.) ძველი ეკლესია გეგმით მართკუთხა იყო, სავარაუდოდ, პატარა დარბაზული, ერთი დაბალი შესასვლელით და ორი სარკმლით). ისტორიული წყაროების მიხედვით, თამარ მეფემ სწორედ დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში დაიწერა ჯვარი დავით სოსლანზე 1189 წელს. 1760 წელს ეკლესია ლეკების შემოსევის დროს დაზიანდა, თუმცა მალევე შეაკეთეს. 1795 წელს ის დაანგრია ირანის მმართველის აღა-მაჰმადხანის ლაშქარმა და ამ სახით მოაღწია XIX საუკუნემდე. ახალი ტაძრის მშენებლობა დაწყებულა 1872 წელს დეკანოზ ბესარიონ ზედგინიძისა და მღვდელ პეტრე იმნაძის თაოსნობითა და მეცენატ გიორგი ქართველიშვილის შემწეობით. მშენებლობა დამთავრდა 1889 წელს, როდესაც ტაძარს დაედგა ქვის გუმბათი. მშენებლობის დაწყებამდე რუსმა ეგზარქოსმა, რომლის ინტერესებში არ შედიოდა ქართული საეკლესიო არქიტექტურის ტრადიციების გაგრძელება და სურდა დიდუბის ეკლესიის რუსიფიკაციის საშუალებად გადაქცევა, დეკანოზ ბესარიონს შესთავაზა ხუთგუმბათიანი ტაძრის პროექტი (ავტორი არქიტექტორი ა. ჩიჟოვი). დეკანოზმა ბესარიონმა დიდი ბრძოლის შემდეგ მოახერხა ზედმეტი გუმბათები პროექტიდან ამოეღოთ და ცაკლეული ქართული დეტალებიც შეეტანათ მათში. შესაბამისად, ტაძრის არქიტექტურაში ჭარბობს რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის არქიტექტურული იერსახის გავლენა. ინტერიერის ფრესკები 1979-1991 წლებში განაახლა მხატვარმა ალექსანდრე ბანძელაძემ. ტაძარში დაბრძანებულია თანამედროვე და გასული საუკუნის ხატები, რომელთაგან გამოსაყოფია: კანკელის მაცხოვრის ხატი, წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, წმიდა ნინოს, წმიდა ილია მართლის, წმიდა თამარ მეფის (დაწერილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ) ხატები. ტაძრის უდიდესი სიწმინდეა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც საქართველოში ცნობილია როგორც ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი. ხატი შემოსილია მოოქროვილი პერანგით. ეს ხატი თვით თამარ მეფეს შეუწირავს დიდუბის ეკლესიისთვის. დიდუბის ეკლესიის მიმდებარედ განთავსებულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები