დისტრიბუცია (ლინგვისტიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დისტრიბუცია – (ლათ. distribuere – განაწილება, დაყოფა), ენობრივი ერთეულების განლაგება უფრო დიდი მოცულობის ერთეულებში, კონტექსტებში. დისტრიბუცია როგორც კრიტერიუმი, მეტ-ნაკლებად თანამიმდევრული სახით გამოყენებულია ფონოლოგიაში (ნ. ტრუბეცკოი, დ. ჯოუნზი, ლ. ბლუმფილდი, ამერიკელი დესკრიპტივისტები…) ბგერითი ნაკადის სეგმენტაციისა და იდენტიფიკაციისთვის. შემდეგ გადატანილ იქნა მორფოლოგიისა და სინტაქსის სფეროებში (მათი სპეციფიკის გათვალისწინებითა და შესაბამისი ცვლილებებით). შესაძლებელია მისი გამოყენება ენის სემანტიკურ დონეზეც. ამ კრიტერიუმების გამოყენებით სეგმენტაციისა და იდენტიფიკაციის პრინციპები ძირითადად შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგი წესების სახით:

1.თუ ტექსტის სეგმენტაციით მიღებული ორი (ფონეტიკურად მსგავსი ან ფუნქციურად იდენტური) ერთეული არ დასტურდება ერთსა და იმავე პოზიციაში (გარემოცვაში), მაშინ ეს ერთეულები ერთმანეთის მიმართ იმყოფებიან დამატებითი დისტრიბუციის დამოკიდებულებაში და განეკუთვნებიან ერთსა და იმავე ენობრივ ერთეულს. მაგ., ქართულ სიტყვაში „ლალი“ პირველი მარცვლის მაგარი ლ არასოდეს შეგხვდება ი-ს წინ, სადაც მხოლოდ რბილი ლ დასტურდება. ისინი ერთმანეთის მიმართ იმყოფებიან დამატებითი დისტრიბუციის დამოკიდებულებაში და განეკუთვნებიან ლ ფონემას. ასევე ქართულში მოთხრობითი ბრუნვის ნიშნები -მ და - მა იმყოფებიან დამატებითი დისტრიბუციის მიმართებაში: -მ გვხვდება მხოლოდ ხმოვანფუძიან სახელებთან (დედა-მ), -მა კი – თანხმოვანფუძიანებთან (კაც-მა) და წარმოადგენენ ერთი და იმავე მორფემის ალომორფებს;

2. თუ სეგმენტაციით მიღებული ორი ერთეული გვხვდება ერთსა და იმავე პოზიციაში (გარემოცვაში) და მათი ურთიერთშენაცვლებით იცვლება მნიშვნელობა, მაშინ ეს ერთეულები ერთმანეთის მიმართ იმყოფებიან კონტრასტული დისტრიბუციის დამოკიდებულებაში და განეკუთვნებიან სხვადასხვა ენობრივ ერთეულებს. მაგ., სიტყვები: ქარი, ქერი, ქორი… განსხვავდებიან მხოლოდ ა, ე, ო ხმოვნებით, რის გამოც ეს უკანასკნელები სხვადასხვა ფონემაში ერთიანდებიან. ასევე ბრუნვის ნიშნები, რომლებიც გვხვდება ერთსა და იმავე პოზიციაში (ერთსა და იმავე ფუძესთან): კაც-ი, კაც-მა, კაც-ს… განასხვავებენ გრამატიკული მნიშვნელობას და გვევლინებიან ტექსტში სხვადასხვა მორფემის წარმომადგენლებად;

3. თუ სეგმენტაციით მიღებული ორი ერთეული გვხვდება ერთსა და იმავე პოზიციაში (გარემოცვაში), მაგრამ მათი ურთიერთჩანაცვლებით მნიშვნელობა არ იცვლება, მაშინ ეს ერთეულები ერთმანეთის მიმართ იმყოფებიან თავისუფალი ვარირების მიმართებაში და წარმოადგენენ თავისუფალ ვარიანტებს. მაგ., (თუ მხედველობაში არ მივიღებთ სტილურ განსხვავებებს) მრავლობითი რიცხვის ფორმებში -ებ და -ნ ფორმანტების მონაცვლეობა (კაც-ებ-ი, კაც-ნ-ი).

დისტრიბუციული წესებით მორფემების, სიტყვების აღწერა სინქრონიულ დონეზე ზედმეტს ხდის ისეთი ფონეტიკური პროცესების დაშვებას, როგორიცაა ასიმილაცია, დისიმილაცია, რომლებიც შესაბამისად განიხილებიან როგორც დიაქრონიული პროცესები.

როგორც ფონოლოგიური კვლევის პრაქტიკამ ცხადყო, დისტრიბუციული ანალიზისთვის წმინდა დისტრიბუციული კრიტერიუმები საკმარისი არ აღმოჩნდა. საჭირო გახდა ისეთი არაფორმალური კრიტერიუმების შემოტანა, როგორიცაა საანალიზო ერთეულთა მსგავსება (ფონეტ. ფუნქციური), მნიშვნელობა და, რაც მთავარია, ენის მატარებლის თვალსაზრისი (ლ. იელმსლევი).

ლ. ენუქიძე
ი. ქობალავა



ლიტერატურა

  • ენათმეცნიერების შესავლის საკითხები, გ. ახვლედიანის რედ, თბ. 1972;
  • შარაძენიძე თ. თანამედროვე ენათმეცნიერების თეორიული საკითხები, თბ. 1972;
  • ქობალავა ი. ფონემის ცნება ენათმეცნიერებაში, თბ. 1976.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები