დიუკლო მარია ანნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მარია ანნა დიუკლო – (Maria Ann Duclos, 1672-1748), ფრანგი მსახიობი ფრანგული კომედიის სამეფო თეატრში, რომელსაც გარეგნობა ხელს უწყობდა ტრაგედიებში დედოფლების როლების შესრულებისთვის. ის იყო მაღალი, ტანსრული ქალბატონი, სახის უხეში ნაკვთებით. მისი სიარულის მანერაში დიდებულება და მედიდურობა გამოსჭვიოდა, გამოირჩეოდა სცენური ტემპერამენტით, ძლიერი ხმით, მაგრამ დიუკლოს მიერ შესრულებული როლები ერთფეროვანი იყო. ის ტექსტს და რეპლიკებს, საჭიროების მიუხედავად, ძლიერი და ჟღერადი ხმით, წამღერებით წარმოთქვამდა. დიუკლოს პათეტიკური, მთრთოლვარე ხმა ტექსტის ფინალურ ფრაზებში ყვირილით იცვლებოდა, სასიყვარულო სცენებს კი სენტიმენტალური რომანსების მსგავსად ასრულებდა. დიუკლო დიდი პოპულარობით სარგებლობდა მაყურებლებში.