დიუმა ალექსანდრე (მამა)
ალექსანდრე დიუმა – (ფრანგ. Alexandre Dumas, 1802-1870), ფრანგი მწერალი, დრამატურგი და ჟურნალისტი. მუშკეტერების ცნობილი ტრილოგიის („სამი მუშკეტერი“, „20 წლის შემდეგ“, „ვიკონტი დე ბრაჟელონი: ათი წლის შემდეგ“, რომანის „გრაფ მონტე-კრისტო“ და სათავგადასავლო ლიტერატურის ბევრი სხვა ნაწარმოების ავტორი. 20-იანი წლების მიწურულსა და 30-იანი წლების დამდეგს, დიუმა რომანტიკული მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე იყო.
დიუმას ლიტერატურულ მემკვიდრეობაში დრამატურგიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. იგი არის 66 პიესის ავტორი, რომელთა დიდი ნაწილი 30-40-იან წლებს განეკუთვნება.
სახელი დიუმას, როგორც ლიტერატორსა და დრამატურგს, მოუტანა მისმა პირველმა პიესამ „ჰენრი მესამე და მისი სამეფო კარი“, რომელიც 1829 წელს დაიდგა „ოდეონი“-ს თეატრში. დიუმას პირველი დრამის წარმატება მისმა მომდევნო პიესებმა გაამყარა. ეს პიესები იყო: „ანტონი“ (1831), „ნელის კოშკი“ (1832), „კინი, ანუ გენიოსი და თავქარიანობა“ (1836) და სხვ.
დიუმას პიესები რომანტიკული დრამის ტიპური ნიმუშებია. ბურჟუაზიული თანამედროვეობის პროზაულ ყოველდღიურობას ის მჩქეფარე ვნებების, დაძაბული ბრძოლის, მწვავე დრამატული სიტუაციების ატმოსფეროში მცხოვრები არაჩვეულებრივი გმირების სამყაროს უპირისპირებდა. მართალია, დიუმას პიესებში არ არის ის ძალა, მგზნებარება, დემოკრატიული პათოსი, ჰიუგოს დრამატულ ნაწარმოებებს რომ გამოარჩევს, მაგრამ ისეთი დრამები, როგორებიცაა „ჰენრი მესამე“, „ნელის კოშკი“ ამხელდა ფეოდალურ–მონარქიული სამყაროს საშინელ მხარეებს, მეფეების, მეფის კარისა და არისტოკრატიული წრის ბოროტმოქმედებას, სისასტიკესა და ბიწიერებას. ხოლო თანამედროვე ცხოვრების ამსახველი პიესები („ანტონი“, „კინი“) დემოკრატიულ პუბლიკას ამაყი, მამაცი გმირი - პლებეების ტრაგიკული ბედის ასახვით აღელვებდა, რომლებიც არისტოკრატულ საზოგადოებასთან შეურიგებელ კონფლიქტში შედიოდნენ.
დიუმა ისევე, როგორც სხვა რომანტიკოსი დრამატურგები, მელოდრამის ხერხებს იყენებდა და ეს მის პიესებს განსაკუთრებულ ხიბლს და სცენურობას სძენდა, თუმცა მელოდრამატიზმის ბოროტად გამოყენებას გემოვნების დაქვეითებამდე მიჰყავდა იგი. ასეთ დროს მკვლელობების, სიკვდილით დასჯის, წამების სცენების ასახვისას მწერალი ნატურალიზმში გადაეშვებოდა ხოლმე.
1847 წელს სპექტაკლით „დედოფალი მარგო“ დიუმამ გახსნა მის მიერ შექმნილი „ისტორიული თეატრი“, რომლის სცენაზე საფრანგეთის ეროვნული ისტორიის მოვლენები უნდა ყოფილიყო ნაჩვენები. და, თუმცა, თეატრმა ცოტა ხანს იარსება (დაიხურა 1849 წელს), პარიზის ბულვარული თეატრების ისტორიაში, მან თვალსაჩინო ადგილი დაიკავა. წლების შემდეგ პროგრესული ტენდენციები ქრება დიუმას დრამატურგიიდან. წარმატებული, მოდური მწერალი დიუმა უარს ამბობს ადრინდელ რომანტიკულ გატაცებებზე და ბურჟუაზიული წესწყობილების დამცველი ხდება.
1848 წლის ოქტომბერში დიუმასეული „ისტორიული თეატრის“ სცენაზე დაიდგა მის მიერ ო. მაკესთან ერთად დაწერილი პიესა „კატილინა“. ბურჟუაზიული პუბლიკა აღტაცებით შეხვდა ამ სპექტაკლს. პიესაში მან „მეამბოხეებისთვის“ განკუთვნილი ისტორიული გაკვეთილი და ივნისის მუშათა აჯანყების მხეცურად ჩახშობის გამარჯვება დაინახა.