დიუმვონ-დიურვილი ჟიულ-სებასტიან-სეზარი
ჟიულ-სებასტიან-სეზარ დიუმვონ-დიურვილი – (1790 - 1842 წ.წ.), საფრანგეთის ცნობილი მეზღვაური და მოგზაური, ნორმანდიელი.
1819 წ. ის იყო გაგზავნილი საბერძნეთის ნაპირებისა და ეგეოსის ზღვის კუნძულების გამოსაკვლევად. კუნძულ მილოსზე ის მოწმე იყო იმისა, თუ ერთმა ბერძენმა გლეხმა თავის მიწის ნაკვეთზე როგორ იპოვა ქალის ანტიკური მარმარილოს ქანდაკება; ამ ქანდაკების არაჩვეულებრივი სილამაზით აღტაცებულმა, დიუმონ-დიურვილმა იყიდა ეს ქანდაკება და ჩამოიტანა პარიზში. ეს ქანდაკება, ცნობილი ვენერა მილოსელის სახელწოდებით, წარმოადგენს ძველი ბერძნული ხელოვნების ერთ-ერთ შედევრს.
1822-1825 წწ. დიუმონ-დიურვილმა იმოგზაურა დედამიწის გარშემო. მოგზაურობა მან აწერა თავის თხზულებაში „თვალწარმტაცი მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ“. 1826 წ. საფრანგეთის მთავრობის დავალებით ის გაემგზავრა ხელახლა დედამიწის გარშემო სამოგზაუროდ, და აგრეთვე ლა-პერუზის დაღუპული ექსპედიციის კვალის საძებრად. ამ მოგზაურობის დროს დიუმონ-დიურვილმა გამოიკვლია ტორესის სრუტე, ახალი გვინეის და ახალი ზელანდიის სანაპიროები. ავსტრალიის ნაპირებთან ინგლისის გემის კაპიტნის დილონისაგან შეიტყო, რომ კუნძულ ვანიკოროს სანაპიროზე (სოლომონის კუნძულების ახლოს), რომელსაც იშვიათად სტუმრობენ მეზღვაურები, მის მიერ ნანახი იქნა ლა-პერუზის ექსპედიციის კვალი. დიუმონ-დიურვილი გაემგზავრა იქითკენ და მართლაც, დილობის მიერ მითითებულ კუნძულზე, იპოვა მრავალი სხვადასხვა ნივთი დაღუპული ლა-პერუზის ხომალდ – „ასტროლაბია“-დან და „ბუსოლი"-დან. მკვიდრ მოხუცთა მიერ მიწოდებული ცნობების საფუძველზე დიუმონ დიურვილი მივიდა იმ დასკვნაზდე, რომ სწორედ აქ დაიღუპა გაბედული მეზღვაური ლა-პერუზი და მისი თანამგზავრები.
1837 წ დიუმონ-დიურვილი გაემგზავრა ახალი ექსპედიციით სამხრეთ პოლარულ ზღვებში. ამ ზღვით მოგზაურობის დროს მან აღმოაჩინა მთელი რიგი ახალი კუნძულები: „პინგვინების კ.“, „გვირგვინი“, „კლარა“, „ბრიჯმენი“. გრეჰემის მიწის აღმოსავლეთით მან აღმოაჩინა ნაპირი, რომელსაც უწოდა „ლუი-ფილიპეს მიწა“. ამ მიწის მახლობლად მდებარეობდა ორი პატარა კუნძული, რომელთაც მან უწოდა „ჟუანვილის კ.“ და „ასტროლაბიის კ“. 1840 წ. მისმა გემებმა „ასტროლაბიამ“ და „ზელემ” გადასჭრა სამხრეთის პოლარული წრე და აღმოაჩინა ყინულებით დაფარული მცირე კუნძული, რომელსაც ეწოდა, დიუმონ-დიურვილის ცოლის პატივსაცემად, „ადელის კუნძული“. ზღვით მოგზაურობის დროს ის ახდენდა ოკეანოგრაფიულ გამოკვლევებს. 1842 წ. 2 სექტემბერს დიუმონ-დიურვილი დაბრუნდა სამშობლოში და ოჯახთან ერთად დაიღუპა რკინიგზის კატასტროფის დროს პარიზსა და ვერსალს შორის.