დიფერენციალურ-თერმული ანალიზი
დიფერენციალურ-თერმული ანალიზი — ანალიზის სახეობა, რომელიც გამოიყენება საშენი მასალების მინერალურ-ფაზური შედგენილობის განსაზღვრისათვის. მეთოდის საფუძველია ის, რომ ქიმიური და ფიზიკური პროცესების დიდ უმრავლესობას თან სდევს სითბოს გამოყოფა ან შთანთქმა. სითბოს შთანთქმით მიმდინარეობს ისეთი პროცესები, როგორებიცაა დეჰიდრატაცია, დისოციაცია, დნობა – ესენი ენდოთერმული პროცესებია. სითბოს გამოყოფით ხდება დაჟანგვა, ახალი ნაერთების შექმნა, ამორფული მდგომარეობიდან კრისტალურში გადასვლა, რაც ეგზოთერმული პროცესებია. დიფერენციალურ-თერმული ანალიზის ხელსაწყოა დერივატოგრაფი, რომელიც ანალიზის პროცესში იწერს ოთხ მრუდს: გახურების მარტივ და დიფერენციალურ მრუდს, და, შესაბამისად, მასის დაკარგვის მრუდებს. ანალიზის არსი ისაა, რომ მასალის ქცევა ედრება ეტალონს, ნივთიერებას, რომელიც არ განიცდის არავითარ თბურ გარდაქმნას. ენდოთერმული პროცესები თერმოგრამაზე გვაძლევს ღრმულებს, ეგზოთერმული – პიკებს.