დიხაშ კოჩი
დიხაშ კოჩი (მეგრ.) – „მიწის კაცი“ – ავსული ჯუჯა მეგრულ მითოლოგიაში. ტანით პატარა, ჭინკისტოლა, მაგრამ ძალ-ღონიანი მიწის კაცი ადამიანის მსგავსი წითური ფერის არსებაა, რომელიც ვერტიკალურად ვერ დადის, ოთხზე დგას და ნელ-ნელა დაღოღავს; ცხოვრობს მიწისქვეშა გამოქვაბულში, საიდანაც პერიოდულად ამოდის და დასახლებულ პუნქტებს სტუმრობს, იმალება ეზოებში და მალულად ძროხასა და თხას წველის, ჩნდება სასოფლო გზებსა და ბილიკებზე; ქვეითად მიმავალთ ფეხებშუა უძვრება და ცდილობს წააქციოს; თუ მხედარს შეხვდა, აღვირს წაავლებს ხელს და ცხენს ფეხის გადადგმის საშუალებას არ აძლევს; შეშინებულ მგზავრს ჭკუიდან შლის; იკვებება ძროხისა და თხის რძით. როცა ადამიანს უნებური შიში იპყრობს, მეგრელები გარეთ გადგამდნენ ყველჩაფშვნილ რძეს ჯამით – „მიწის კაცის ულუფას“ (დიხაშ კოჩიშ თია) – და ავსულს დაშორებას თხოვდნენ.
ლიტერატურა
- ნ. ანთელავა. სამეგრელოს ექსპედიციის მასალები. რვ. № 11, გვ. 19 (ინახება ავტორთან); *თ. სახოკია. ეთნოგრაფიული ნაწერები. თბ., 1956, გვ. 14.