დოპინგი
დოპინგი - (doping), საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და მძლეოსნობის სამოყვარულო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის განმარტებით – იმ ნივთიერებების გამოყენება ან გავრცელება, რომელთაც შეუძლიათ ხელოვნურად გააუმჯობესონ სპორტსმენის ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობა და, შესაბამისად, გააუმჯობესებინონ სპორტული შედეგები. ამ მიზნით გამოყენებულ ნივთიერებებს მიეკუთვნება: სხვადასხვა სტეროიდები, სტიმულატორები, ბეტაბლოკატორები, ანტიჰისტამინური საშუალებები და ოპიოიდები.
ოფიციალურად სკრინინგ-ტესტი დოპინგური ნივთიერების აღმოჩენაზე პირველად ჩატარდა 1968 წელს, მეხიკოს ოლიმპიურ თამაშობებზე. დღეისათვის მას ხშირად იყენებს სპორტის ბევრი პროფესიონალური თუ სამოყვარულო ფედერაცია.
ფსიქოაქტიური ნივთიერებების კონტექსტის გარეშე ტერმინი „დოპ“ ნიშნავს ნებისმიერ პრეპარატს, რომელსაც აქვს სქელი სითხის კონსისტენცია. XIX საუკუნის ბოლოს ტერმინი „დოპინგი“ გამოიყენებოდა იმ ნივთიერების აღსანიშნავად, რომელსაც აძლევდნენ დოღის ცხენებს – შედეგების გაუმჯობესების მიზნით. ტერმინით „დოპი“ მოიხსენიებდნენ პირს, რომელსაც, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მსგავსად, დაჩლუნგებული ჰქონდა გრძნობები. სლენგზე „დოპინგს“ მიაკუთვნებენ ნებისმიერ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, ხოლო ჩრდილო ამერიკაში უკანასკნელ წლებში – კანაბისს.