დუმა სოკო
დუმა სოკო – (ლათ. Suillus piperatus (Fr.) O. Kulze . (Syn. Bolctus g. Gr.), სოკო დუმასოკოსებრთა ოჯახიდან.
ქუდის დიამეტრი 2-10 სმ. ახალგაზრდა რკალისებრ-ამობურცულია, დასაწყისში ლორწოვანი, მშრალი მბრწყინავია, მოყვითალო–ყავისფერი, ჟანგმიწისფერ-ყავისფერი, ყავისფერ-მურაფერამდე. კანი ადვილად ძვრება ქუდის ზედაპირზე. წვრილფორებიანი ჰიმენოფორი ფეხზეა მიზრდილი, იგი ღია ყავისფერია, ხანდაზმული მომწვანო, რამდენადმე მრგვალი, წვრილი ფორებით, ხშირად რძისებრი წვეთებით.
1-2 სმ სიმსხოს ფეხი 5–8 სმ სიმაღლისაა, გულსავსე, მოყვითალო-მოთეთრო, უსაყელო, წვერთან მოთეთრო, მარცვლოვან–წვრილხორკლებიანი.
რბილობი მოყვითალო თეთრია, KOH მოქმედებით ბაც იისფერს იღებს, NaOH გავლენით ვარდისფერდება, შემდგომ ცისფერდება. ამონიაკის მოქმედებით ჯერ ვარდისფერს, შემდგომ კი იისფერს იღებს. სპორების ფხვნილი ჟანგმიწისფერ– ყვითელ-მოყავისფრო ფერისაა, თვით ცალკეული სპორა კი ყვითელია.
იზრდება ძირითადად ახალგაზრდა ფიჭვნარებში როგორც გაზაფხულზე, ასევე ზაფხულ-შემოდგომაზეც. იგი ფიჭვის მიქორიზული სოკოა, ამიტომ მხოლოდ ფიჭვნარებში და ისიც ახალგაზრდა კორომებში გვხვდება. საუკეთესო ხარისხის საჭმელ სოკოებს განეკუთვნება. ამ სოკოსათვის დამახასიათებელი ნიშნებია ფეხზე მარცვლისებრი ხორკლები და უსაყელოობა, ფორების ნაპირებზე რძისებრი წვენის წვეთები. საკმაოდ დიდი ეკოლოგიური დიაპაზონის სოკოა, გვხვდება როგორც ბარში, ასევე მთაში. ყველგან, სადაც ფიჭვნარებია.