დუმბაძე ნელი
ნელი დუმბაძე – (1917-2005), მეცნიერი, ფილოლოგი, დაიბადა გურიაში – ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში. მშობლიური სოფლის შვიდწლიანი სკოლის შემდეგ, 1934 წელს, ოზურგეთის პედაგოგიური კოლეჯი დაამთავრა. 1934-1938 წლებში სწავლობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში და დაასრულა იგი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.
სხვადასხვა დროს მუშაობდა: აჭარისწყლის სკოლაში მასწავლებლად; მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის კაბინეტის გამგედ, აჭარის მხარეთმცოდნეობის სახელმწიფო მუზეუმში, მეცნიერ-თანამშრომლად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მეცნიერ-თანამშრომლად. აქ განვლო გზა მასწავლებლობიდან პროფესორობამდე.
1955 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1974 წელს – სადოქტორო დისერტაცია. 1977 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.
ნელი დუმბაძემ კვლევის საგნად აირჩია მე-20 საუკუნის ქართული მწერლობა. გამოცემული აქვს ნაშრომები:
„დავით კლდიაშვილი“, „მონოგრაფია“, „რაჟდენ გვეტაძე (შემოქმედება), „ლიტერატურული წერილები“, „ქართული სიმბოლიზმი“, „კრიტიკული ეტიუდები“ (I), „კრიტიკული ეტიუდები“ (II) და სხვ.
ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ნელი დუმბაძე მომავალ ფილოლოგებს უკითხავდა „უახლოესი ქართული ლიტერატურის ისტორიას“ და „ქართული ზეპირსიტყვიერების“ კურსს.
დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით და აბუსერისძე ტბელის სახელობის სახელმწიფო პრემიით.
გარდაიცვალა 2005 წელს.