დუნაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დუნაი – ევროპის ყველაზე დიდი მდინარეა ვოლგის შემდეგ, სიგრძით – 2857 კმ, აუზის ფართობით – 817 ათასი კვ, კმ, საშუალო წლიური ხარჯით (შესართავთან) -– 6430 მ3 წამში. იწყება შვარცვალდის მთის მასივზე (სამხრეთ-დასავლეთ გერმანია), 1000მ სიმაღლეზე. გაედინება აღმოსავლეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, ზემო დინებაზე (დაახლოებით ვენამდე) ალპების და ჩეხეთის მასივის მთისწინა ბორცვიან დაბალ პლატოებზე. ამ მონაკვეთზე ალპებიდან იერთებს მრავალრიცხოვან შენაკადებს (ილერი, ლეხი, იზარი, ინი და სხვ.). შუა დინებაზე დუნაი კვეთს შუა დუნაის დაბლობს, სადაც იერთებს თავის ყველაზე დიდ შენაკადებს ალპებიდან (რაბა, დრავა, სავა და სხვ.) და კარპატებიდან (ნიტრა, ტისა, გრონი და სხვ.). შემდგომ მდინარე კვეთს კარპატების სამხრეთ დაბოლოებას, სადაც წარმოქმნის ვიწრობს, რომელიც ცნობილია რკინის, ანუ დუნაის ჭიშკრის სახელწოდებით.

აქედან იწყება მისი ქვემო დინება, სადაც იგი კვეთს ქვემო დუნაის დაბლობს და უერთდება შავ ზღვას. დუნაი გაივლის ცენტრალური და სამხრეთ ევროპის ბევრ ქვეყანაზე და განსაზღვრავს სანავსადგურო დედაქალაქების (ვენა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, ბელგრადი) ფორმირებას.

დუნაი ევროპის მდინარეებს შორის გამოირჩევა რთული ჰიდროლოგიური რეჟიმით, რაც გამოწვეულია მისი აუზის ჰავის სხვადასხვა ტიპებში მდებარეობით. ზემო დინებაზე თოვლ-მყინვარული (ალპებიდან) საზრდოობა განსაზღვრავს მაქსიმალურ დონეებს გაზაფხულ-ზაფხულის მიჯნაზე, რაც გადაეცემა შუა და ქვემო დინებაზე, სადაც მნიშვნელოვნად ანეიტრალებს (არბილებს) ზაფხულის გვალვებით გამოწვეულ წყალმცირობას. ზამთრობით მდინარე ხანმოკლე დროით (ისიც არარეგულარულად) იყინება.

დუნაი ევროპის უდიდესი სატრანსპორტო-სანაოსნო მდინარეა, დიდია მისი ენერგეტიკული მნიშვნელობაც.


წყარო

ევროპის ფიზიკური გეოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები