დუნენ ბერქათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დუნენ ბერქათ-ი / მჲალხენ ფარალ-ი (ვაინ. Дунен беркат / Мялхен фарал) – ვაინახური მითოლოგიის კოსმიური მადლი, ბარაქა, გამოხატული ყოველივე არსებულის (ადამიანთა, ცხოველთა, მცენარეთა და სხვ.) სიუხვესა და მაღალ ხარისხში; ცალკეულ მითოლოგიურ სიუჟეტებში მადლიანი დროის, ოქროს ხანის ნიშანსაც წარმოადგენს. უხსოვარ დროში, როცა მიწა გლუვი და სიცოცხლის არმქონე იყო, დუნენ ბერქათი უზარმაზარი ფრინველის სახით გამოჩნდა; მისი შარდისგან წარმოიქმნა წყალი, განავლისგან – თესლეული; მიწაზე დაღვრილმა წყალმა მდინარეები, ტბები, ზღვები გააჩინა, ქარის მიერ მიმოფანტულმა თესლეულმა – ხეები, ბალახები, ყვავილები, მარცვლოვანები და სხვ. „იმ ძველ დროში ქვეყნიერება კეთილდღეობაში იყო; არავინ იცოდა, რას წარმოადგენდა ქარის ქროლა; ციდან ჩამიშვებულ ძაფზე ქსოვილის ნაჭერი გაუნძრევლად ეკიდა“, – მოგვითხრობს ერთი კოსმოგონიური მითი.

დუნენ ბერქათი ღვთაებათა მფარველობის ქვეშ იმყოფება: როცა ღმერთები ადამიანებს უწყრებიან, დუნენ ბერქათი უჩინარდება: შრებიან მდინარეები, ხრიოკდება მიწა, იხოცებიან ცხოველები, დგება შიმშილის პერიოდი. ნართული ეპოსში დუნენ ბერქათის გაქრობაში უნებლიე დამნაშავეა ხამჩი ფათრაზი: მისი დაბადებით ღარიბდება მიწა, რომელიც მანამდე ისეთი ცხიმიანი იყო, რომ მისგან კარაქის მიღებაც შეიძლებოდა. ერთ-ერთი თქმულებით, ხამჩი ფათრაზი იგებს, რომ იგი კაცობრიობის უბედურების მიზეზია და, დუნენ ბერქათის დაბრუნების მიზნით, ამაოდ ცდილობს, სიცოცხლე მოისწრაფოს. სხვა ვარიანტებით, დუნენ ბერქათის გაქრობა დაკავშირებულია სესქა სოლსასა და მისი მოძმე ნართ-ორსთხოელების გამოჩენასთან.


ლიტერატურა

  • Ингушский нартский эпос. Сост. И. А. Дахкильгов. Нальчик, 2012;
  • Антология ингушского фольклора. Сост. И. А. Дахкильгов. Т. 4. Нальчик, 2006;
  • Танкиев А. Х. Духовные башни ингушского народа. Сборник статей и материалов о народной культуре. Саратов, 1997;
  • Акиева П. Х. Пространственная картина мира в древнеингушских космогонических представлениях // Лавровский сборник. Материалы XXXVIII и XXXIX среднеазиатско-кавказских чтений 2014-2015 гг. СПб., 2015.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები