ეგზარქოსი ალექსი (მოლჩანოვი)
ალექსი - (მოლჩანოვი ალექსი ვასილის ძე), (5.10.1853, ვიატკის გუბერნია, სოფელი კილმეზი, – 20.05.1914, ქ. თბილისი, დაკრძალულია მშობლიურ სოფ. კილმეზში), ქართლისა და კახეთის მთავარეპისკოპოსი, საქართველოს ეგზარქოსი (1913 წ. 2 ნოემბრიდან – 1914 წ. 20 მაისამდე).
ბიოგრაფია
1876 წ. დაამთავრა ქ. ვიატკის სასულიერო სემინარია. 1883 წ. 21 ნოემბერს აკურთხეს დიაკვნად, 1885 წ. 22 ოქტომბერს – მღვდლად. 1883–1887 წწ. სწავლობდა ყაზანის სასულიერო აკადემიაში. 1888 წ. ნაშრომისთვის „წმ. კიპრიანე კართაგენელი და მისი სწავლება ეკლესიაზე“ მიენიჭა ღვთისმეტყველის მაგისტრის წოდება. 1887-1899 წწ. საღვთო სჯულს ასწავლიდა ყაზანის გიმნაზიებში. 1897 წ. გარდაეცვალა მეუღლე. 1899 წ. 4 სექტემბერს დაქვრივებული დეკანოზი ა. მოლჩანოვი აღიკვეცა ბერად (სახელი ალექსი ბერობაშიც შეუნარჩუნდა) და დაინიშნა ყაზანის სასულიერო აკადემიის რექტორად. 1900 წ. 9 სექტემბერს აკურთხეს ჩისტოპოლის ეპისკოპოსად და დანიშნეს ყაზანის ეპარქიის ვიკარად. 1905 წ. 26 მარტიდან 1912 წ. 5 ნოემბრამდე ტავრიდისა და სიმფეროპოლის, 1910 წ. 5 ნოემბრიდან 1912 წ. 17 აპრილამდე ფსკოვის, ხოლო 1912 წ. აპრილიდან ტობოლსკისა და ციმბირის ეპისკოპოსი იყო. საქართველოში ეგზარქოსობა მხოლოდ 6 თვე მოუწია. ყელის ჭლექით დაავადებული ალექსი თბილისში გარდაიცვალა.
ქ. პავლიაშილი
|