კინი ედმუნდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ედმუნდ კინი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ედმუნდ კინი ჰამლეტის როლში

ედმუნდ კინი – (ინგლ. Edmund Kean, 1787-1833), ინგლისელი მსახიობი. ინგლისური სცენური რომანტიზმის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი.

ედმუნდ კინი დაიბადა მსახიობის ოჯახში. მისი მშობლები გარდაიცვალნენ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა იგი პატარა იყო. რის გამოც, იძულებული გახდა, ლუკმა-პური თავად გამოემუშავებინა. ყმაწვილი კინი მოხეტიალე დასს დაჰყვებოდა ინგლისის ქალაქებსა და სოფლებში. ოცი წლისა უკვე ინგლისის მრავალ კუთხეში ნამყოფი გახლდათ, ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფლად ხეტიალი კარგი სკოლა გამოდგა ახალგაზრდა არტისტისათვის. კითხვაზე, რა უნდა გააკეთო, რომ კარგი მსახიობი გამოხვიდე, უკვე ცნობილი კინი პასუხობდა: „შეგეძლოს შიმშილობა“.

მოხეტილე დასთან მოგზაურობისას ედმუნდმა გამოსცადა საკუთარი თავი სხვადასხვა ამპლუასა და ჟანრის პიესებში. სიღარიბეში გაზრდილი მსახიობი, საკუთარ ხალხზე ნაკლებად მზრუნველი, უსაქმური არისტოკრატებისა და მთავრობის მიმართ ზიზღს განიცდიდა.

პროვინციული თეატრის სცენაზე მოპოვებული პოპულარობის შემდეგ, 1814 წელს მსახიობმა ლონდონის თეატრისგან - „დრური ლეინი“ (Drury Lane Theater) - მიიღო მიწვევა. მისი დებიუტი დედაქალაქის თეატრში შეილოკის როლში შედგა. „დრური-ლეინის“ ხელმძღვანელობამ აქცენტი პროვინციული დასის მსახიობზე გააკეთა და არც შემცდარა: შექსპირის „ვენეციელი ვაჭარში“ დიდებული თამაშით, კინმა აღაფრთოვანა განებივრებული ლონდონელი მაყურებლები.

შექსპირი კინის საყვარელ დრამატურგად იქცა. დიდი დრამატურგის ნაწარმოებებში მას შეეძლო თავისი ტრაგიკული მსოფლაღქმის გამოხატვა, თანამედროვე ცხოვრების პრობლემურობის ასახვა, სადაც არც სამართლიანობაა, არც თავისუფლებაა და არც ბედნიერება. სწორედ შექსპირულმა როლებმა მოუტანეს მსახიობს დიდი აღიარება. მან ითამაშა შეილოკი, ოტელო, რიჩარდ მესამე, ჰამლეტი, მაკბეთი, იაგო, ლირი, რომეო. კინმა შექსპირის ხასიათებში ახალი ქვაკუთხედები გახსნა, ყველა ტრადიციას მამაცურად ამსხვრევდა. იმ დროის ინგლისური კრიტიკა კინის თამაშს შექსპირის ნაწარმოებების საუკეთესო ინტერპრეტაციებად მიიჩნევდა.

შექპირის ინტერპრეტაციების ნოვატორულობა პირველსავე ლონდონურ სპექტაკლში გამოვლინდა. შეილოკის სახის გახსნისას კინი ინგლისურ ტრადიციაზე ამბობს უარს და შეილოკი არ გამოჰყავს ბოროტმოქმედად. შეილოკის რთული შინაგანი ბუნების გადმოცემით, რომანტიკული თემა ბოროტებისა, თითქოს გამართლებული იყო. გარშემომყოფთა მიმართ სარკაზმი და მარტოსულობის მტკივნეული აღქმა, სიძულვილი და დაუცველობა, შინაგანი მორჩილება და შინაგანი ბოროტება ერთდროულად აღიქმებოდა კინის შეილოკში. საშინელი სიცილი უეცრად ბღავილით იცვლებოდა. კოსტიუმის წითელი და შავი ტონები საშიშ კომბინაციას ქმნიდა. ტრადიციულ მოწითალო ფერის პარიკს შავი ხვეული თმა ცვლიდა, ყველაფერი ეს მოულოდნელი აღმოჩნდა ინგლისელებისათვის, რომლებიც პროვინციელი მსახიობის სანახავად მივიდნენ თეატრში.

შეილოკის ეგოიზმთან ერთად, იგი მის ადამიანურობასაც წარმოაჩენდა. შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა ბრიტანელ მაყურებელზე კინის მიერ შექმნილმა შეილოკის სახემ, რომელმაც გააერთიანა მის გარშემო მყოფი ხალხის მიმართ არსებული ირონიული დამოკიდებულება და მარტოობის მწარე გრძნობა, ღრმა მელანქოლიასა და სულისშემძვრელ სიძულვილთან. საუკუნეების განმავლობაში ფეხქვეშ თელავდნენ, დევნიდნენ შეილოკის თანამოძმეებს - ებრაელებს. კინის შესრულების ემოციური მუხტი იმდენად ძლიერი იყო, რომ პირველივე სპექტაკლის შემდეგ იგი აღიარეს ინგლისის უდიდეს მსახიობად.

კინის საყვარელი როლები იყო ჰამლეტი და ოტელო. ჰამლეტში, მსახიობისთვის მთავარი იყო სამყაროს ფოკუსირებული და სევდიანი გააზრების პროცესი, სადაც ბოროტების (რომლის წინააღმდეგ შეუძლებელია არ აღდგე) დამარცხება შეუძლებელია. აქედან მომდინარეობდა ჩუმი სევდა, გახელებული ყვირილის მაგივრად, დედასთან სცენაში; ოფელიას ღრმა სიყვარული, რომელიც აიძულებდა ჰამლეტს სიტყვების: „მონასტერში წადი“ - შემდეგ სწრაფად მობრუნებულიყო და სინაზე გამოეჩინა ოფელიას ხელზე ამბორისას.

ოტელოს როლში კინის დეზდემონასადმი უსაზღვრო სიყვარულს გამოხატავდა. მასში აისახებოდა ოტელოს ხასიათის საუკეთესო მხარეები - მიზანდასახულობა, სისუფთავე, ადამიანებისადმი რწმენა. სიყვარულის კრახი აღნიშნავდა ქაოსისა და სრული სიბნელის დადგომას. ამგვარად, კინისეული ოტელოს ინტერპრეტაცია პუშკინისას დაემთხვა: „ოტელო ბუნებით ეჭვიანი კი არ არის, პირიქით, იგი მიმნდობია“. მაკბეთის თამაშისას, კინმა ამჯერადაც უარი თქვა ტრადიციულ ინტერპრეტაციაზე. მისი მაკბეთი მხოლოდ ბოროტმოქმედი არ იყო, მსახიობს მთელი ყურადღება გადაჰქონდა გმირის რთულ და ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობების შინაგან ბრძოლაზე. რიჩარდ მესამეში კინი გამოხატავდა „რბილ და მომღიმარ ბოროტმოქმედებას“, მისი რიჩარდი იყო ჭკვიანი, მამაცი, მომხიბლავი, განსაკუთრებით ლედი ანასთან სცენაში.

ჰენრიხ ჰეინე კინის შექსპირულ როლებზე წერდა: „მე თითქოს ახლა ვხედავ მას შეილოკის, ოტელოს, რიჩარდის, მაკბეთის როლებში და მისი თამაში დამეხმარა მთლიანად გამეცნობიერებინა ზოგიერთი ბნელი ადგილი შექსპირული პიესებისა. მის ხმაში იყო მოდულაციები, რომელშიც საშინელებით აღსავსე მთელი ცხოვრება იხსნებოდა. მის თვალებში - ცეცხლი, ტიტანის სულის სიბნელეს ანათებდა, ხელების, ფეხების, თავის მოძრაობაში იყო მოულოდნელობები, რომელიც უფრო მეტს გეუბნებოდა, ვიდრე ოთხტომიანი კომენტარები“.

დიდი წარმატება მოუტანა კინს უზურპატორ ოვერიჩის როლმა, ინგლისელი დრამატურგის ფილიპ მესინჯერის (Philip Massinger - 1583-1640 ) პიესიდან „ძველი ვალების გადახდის ახალი შესაძლებლობა“. მსახიობის თამაშით დატყვევებულმა მაყურებელმა ცრემლი ვერ შეიკავა. გადმოცემის თანახმად, წარმოდგენაზე მყოფი ბაირონი ისე შეძრა კინის შესრულებამ, რომ გული წაუვიდა.

ვნებიანი ემოცია, რომანტიკული პათეტიკა განსაზღვრავდა კინის თამაშის მანერას. კინი ფლობდა ნიჭს, ყველაზე დაძაბულ მომენტებში გაეხსნა ადამიანთა ფსიქიკის დაფარული სიღრმეები.

ჰაინე კინს აიგივებდა სატანისეული ღვთიური ძალის მატარებელ ადამიანთან, რომელსაც ჩვენ დემონურ საწყისს ვუწოდებთ. სწორედ ეს ანიჭებდა მის ქმნილებებს, ბაირონის გმირებისთვის დამახასიათებელ, მასშტაბურობას და ტიტანიზმს. ბაირონისა და კინის გმირი-პერსონაჟები იტანჯებიან მარტოხელები, მოუსვენრად, მტკივნეულად ეძებენ ბედნიერებას, სამართლიანობას და სამყაროს ბოროტების წინააღმდეგ ამხედრებულნი იღუპებიან უთანასწორო ბრძოლაში.

კინის რომანტიკული შემოქმედებისათვის დამახასიათებელი იყო შესრულების არათანმიმდევრულობა. იგი წინასწარ განსაზღვრავდა როლის კულმინაციურ ნაწილებს, რომლებიც თითქოს ამოანათებდნენ, მსხვილი ხედით იძლეოდნენ გმირის ხასიათის ძირითად თვისებებს. კინის თამაშის ამ განსაკუთრებულობამ ინგლისელ პოეტ კოლრიჯს საშუალება მისცა ეთქვა: „კინის თამაშის ყურება, იგივეა რაც შექსპირის კითხვა ელვის შუქზე“.

რომანტიკული მსახიობისათვის დამახასიათებელი ვნების, გრძნობის, ემოციის ჰიპერბოლიზაცია, ემოციური კონტრასტების მკვეთრი ცვლა გამოიხატებოდა როლის პლასტიკური ნახაზის გულუხვ სხვადასხვაობაში - ჟესტის მკვეთრ დინამიკურობაში, სცენაზე მოუსვენარ სრბოლაში, ყვირილიდან ჩურჩულზე გადასვლაში, აჩქარებული რიტმებიდან სიტყვების შენელებულ გაწელვაში, პაუზების გამოყენებაში. მაგალითად, „ოტელოში“ ძლივს შესამჩნევი პაუზა დეზდემონას სახელის ყოველი წარმოთქმის წინ მეტყველებდა ოტელოს სიყვარულზე უფრო მეტად, ვიდრე ლამაზად წარმოთქმული სიტყვები. ამ ემოციურობასა და მდიდარ შემოქმედებით ფანტაზიასთან ერთად, კინი არასდროს ეყრდნობოდა მხოლოდ ინტუიციას, აღმაფრენას. ბევრს მუშაობდა - კითხულობდა, განათლებას იფართოვებდა, სპორტს მისდევდა, იყო ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო მოფარიკავე, ხმის ტექნიკას ხვეწდა, სარკის წინ როლის რთულ ნაწილებსა და მოძრაობებს ათასჯერ იმეორებდა. ყველა წარმოდგენა კინის მონაწილეობით იყო ერთი მსახიობის - კინის სპექტაკლი.

1833 წლის 25 მარტს კინი ბოლოჯერ გამოვიდა სცენაზე. იგი თამაშობდა თავის საყვარელ ოტელოს. სიტყვების წარმოთქმისას: „დასრულდა ოტელოს შრომა“ - მსახიობმა გონება დაკარგა და სამი კვირის მერე გარდაიცვალა.

ასე დასრულდა ბრწყინვალე, არახანგრძლივი, შინაგანი დრამატიზმით აღსავსე ცხოვრება ედმუნდ კინისა, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა მსოფლიო სასცენო ხელოვნებაში. იგი იყო უდიდესი მსახიობი-რომანტიკოსი.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები