ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტია
ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტია – ევროკავშირის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დეკლარაციად მიიჩნევა 2000 წლის დეკემბერში ნიცის სამიტზე მიღებული „ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტია“ .
ძირითადი უფლებების ქარტიის ტექსტის შემუშავების პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული იქნა 1999 წლის 15-16 ოქტომბერს ფინეთში გამართულ ევროპული საბჭოს სხდომაზე. თუმცა ჯერ კიდევ 1950-იან წლებში ევროპული გაერთიანებების დაფუძნების იდეას წევრი სახელმწიფოების მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევა წარმოადგენდა. ევროპული გაერთიანებები მიზნად ისახავდნენ ეკონომიკური საქმიანობის ჰარმონიული განვითარების, განგრძობად და დაბალანსებული გაფართოების ხელშეწყობას, ეკონომიკური პოლიტიკის კონვერგენციას, სამუშაო ადგილების შექმნას, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას და ა.შ. მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ ინტეგრაციის საწყის ეტაპზე Stork-ის Geitling-ისდა Sgarlata-ს საქმეებში უარი განაცხადა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სტანდარტების გამოყენებაზე გამომდინარე იქიდან, რომ გაერთიანებების დამფუძნებელი ხელშეკრულებები ექსპლიციტურად არ შეიცავდა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ დებულებებს.
1960-იან წლებში მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ განავითარა გაერთიანების სამართალის პრეფერენციის დოქტრინა, რომლითაც შიდასახელმწიფოებრივ სამართალთან მიმართებაში გაერთიანების სამართლის პრეფერენცია დადგინდა. გაერთიანების სამართლის პრიმატის კონცეფცია გააკრიტიკეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და იტალიის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოებმა. გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს 1974 წელს Solange I-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, გამომდინარე იქიდან, რომ სუპრანაციონალურ დონეზე არ არსებობდა პირდაპირი, თანასწორი, საყოველთაო არჩევნების საფუძველზე არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო და გაერთიანების სამართალი არ შეიცავდა ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კატალოგს, იგი არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებული იყო განეხილა გაერთიანების სამართლებრივი აქტის გერმანიის ძირითად კანონთან შესაბამისობა იმ შემთხვევაშიც, თუ მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო სადავო აქტს არ გააუქმებდა.
ევროკავშირში ქარტიამ სავალდებულო ძალის აღიარების მიმართულებით, რთული გზა განვლო. თავიდან იგი მიღებული იქნა ნიცის ხელშეკრულებასთან ერთად, 2000 წლის დეკემბერში, პოლიტიკური დეკლარაციის რანგში, როგორც იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტი, მაგრამ ქარტია თავიდანვე იმ პერსპექტივით შემუშავდა, რომ მას სამომავლოდ ევროკავშირის სამართალში სავალდებულო, და უფრო მეტიც, უმაღლესი იურიდიული ძალა მიენიჭებოდა. ქარტიის დეკლარაციული სტატუსის მიუხედავად, პრაქტიკულად, მალევე დაიწყო მისი გამოყენება კომისიის, ევროპის პარლამენტის, ხოლო მოგვიანებით (საკმაო ყოყმანის შემდეგ), თვით ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ. 2009 წლის პირველ დეკემბერის ხელშეკრულებით, რომელიც ცნობილია როგორც „რეფორმის“ ხელშეკრულებისა და „ლისაბონის“ ხელშეკრულების სახელწოდებით, ევროპული კავშირის ძირითად უფლებათა ქარტიას მიენიჭა სავალდებულო ძალის მქონე აქტის სტატუსი და აყვანილ იქნა პირველადი სამართლის რანგში.
ქარტიის მიღებით ევროპული კავშირის ფარგლებში არსებული ფუნდამენტური უფლებების, თავისუფლებების, პრინციპების ერთ, კოდიფიცირებულ აქტში კონსოლიდაცია განხორციელდა. იგი შედგება 54 მუხლისგან. ქარტია შეიცავს ძირითად უფლებებსა და ეთიკურ პრინციპებს, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ღირსებასთან, სხვადასხვა თავისუფლებებთან, თანასწორობასთან, სოლიდარობასთან, კავშირს მოქალაქეთა უფლებებთან და მართლმსაჯულებასთან. ნიშანდობლივია, რომ ძირითად უფლებათა ქარტიაში დეკლარირებული უფლებები, თავისუფლებები და პრინციპები აღებულია ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციიდან, ევროპის სოციალური ქარტიიდან, მუშათა ძირითადი სოციალური უფლებების შესახებ გაერთიანების ქარტიიდან, წევრი სახელმწიფოების საერთო კონსტიტუციური ტრადიციებიდან, ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გაეროსა და ევროპის საბჭოს ეგიდით მიღებული სხვადასხვა ინსტრუმენტებიდან.
აღსანიშნავია, რომ 2009 წლიდან, აქტუალური მდგომარეობით, ქარტიის სამართლებრივი სტატუსი კავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულებების ექვივალენტურია. კავშირის ამჟამინდელი სამართლებრივი ბაზა და ინსტიტუტების საქმიანობა ცხადყოფს, რომ ინტეგრაციის გასულ ეტაპებთან შედარებით ორგანიზაცია უფრო ინტენსიურად უჭერს მხარს ზეეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციურ- სამართლებრივი მექანიზმების განვითარებას.