ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი – სოციალური განვითარების ბანკი ევროპაში.

ევროპის საბჭოს ბანკი (CEB) 1956 წელს წილობრივი შეთანხმების სახით დაარსდა და ამჟამად 38 წევრ ქვეყანას აერთიანებს. მისი პრიორიტეტული მიზანია ლტოლვილების, იძულებით გადაადგილებული პირების, ბუნებრივი და ეკოლოგიური კატასტროფებით გამოწვეული სოციალური პრობლემების მქონე წევრი ქვეყნების ფინანსური დახმარება. დღეისათვის ბანკი სცდება თავის პრიორიტეტულ საზრუნავს და ახალ სოციალურ და ეკონომიკურ მიზნებს მოიცავს, რაც განსაკუთრებით გულისხმობს რისკის ზღვარზე მყოფი სოციალური ჯგუფების (უპატრონო ბავშვები, ინვალიდები, ეთნიკური უმცირესობები და სიღატაკის ზღვარზე მყოფი ადამიანები) საარსებო პირობების გაუმჯობესებას.

ამგვარი სამოქმედო არეალის მქონე ბანკი სოციალურ პროექტებს აფინანსებს 3 ძირითად სფეროში:

  • სოციალური ინტეგრაციის გაღრმავება, განსაკუთრებით ლტოლვილთა და მიგრანტთა დახმარებით, სოციალური განსახლების ზრდით, ურბანული და სასოფლო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებითა და სამუშაო ადგილების შექმნისა და შენარჩუნების წახალისებით.
  • გარემოს პასუხისმგებლიანი მართვა პრევენციული ზომების მიღებისა და ბუნებრივი თუ ეკოლოგიური კატასტროფებით დაზარალებული რეგიონების დახმარების სახით, წყლის სამომხმარებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია, თხევადი ან სოლიდური ნარჩენების გადამუშავება, განახლებადი სუფთა ენერგიის წარმოება და მემკვიდრეობის დაცვა და რეაბილიტაცია.
  • ადამიანური კაპიტალის ზრდა განათლების, პროფესიული სწავლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სექტორებისათვის შექმნილი პროექტების სახით.

ბანკს დაარსებული აქვს „შერჩევითი საკრედიტო ანგარიში“, რომლის მეშვეობითაც თავისი ყოველწლიური მოგების გარკვეულ ნაწილს მიმართავს ყველაზე შეჭირვებულ წევრ ქვეყნებში საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებასა და განსაკუთრებით მაღალი სოციალური დატვირთვის მქონე პროექტების დაფინანსებაზე.

დღიდან დაარსებისა, ბანკმა გასცა 20 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტი. მისი წლიური საკრედიტო თანხა 1,6 მილიარდ ევროს შეადგენს. 2004 წლის ბოლოსათვის მისმა საერთო კაპიტალმა 38 წევრი ქვეყნის მონაწილეობით 3 294 მილიონ ევროს მიაღწია.

2005-2009 წლების პერიოდში ბანკი მიზნად ისახავს წევრ ქვეყნებში თავისი საქმიანობის გაფართოებას, განსაკუთრებით კი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით.

წყარო

ევროპის საბჭოს 800 მილიონი ევროპელი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები