ევროპული ჭანჭყატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ევროპული ჭანჭყატი, კიდობანა

ევროპული ჭანჭყატი, კიდობანა – (Euonymus europaeus L.); ოჯახი: ჭანჭყატისებრნი (Celastraceae). ძირითადად, 2-5 მ სიმაღლის ბუჩქებია, ტოტები 4-წახნაგოვანია, იშვიათად – ცილინდრული, შიშველი, წახნაგები კორპიანია. ფოთლები მუქი მწვანეა, მოკლეყუნწიანი, ელიფსურიდან ფართო-უკუკვერცხისებური ფორმის. კიდედაკბილული, ზედა მხარე შიშველი, ქვედა მხარე – შიშველი ან მცირედ შებუსული. ყვავილედი ფარისებური საგველაა. 3-7-ყვავილიანი, გვირგვინის ფურცლები მოყვითალო–მომწვანო-მოთეთროა. ნაყოფზე არილუსი ნარინჯისფერია. ყვ. IV-V; ნაყ. VII-X. მცენარე იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში, ჭალებში, ნაკაფ ტყეებში. ხშირად სარეველა მცენარეა. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ჭალის ტყეებში და სხვ. ცნობილია მთელ საქართველოში.

კიდობანას სამკურნალო თვისებები განპირობებულია მცენარის ყველა ნაწილის მდიდარი ბიოქიმიური შემადგენლობით; ტოტებში ნაპოვნია ალკალოიდი ევოლინი; ფოთლებში – ციკლიტოლები, ტრიტერპენოიდები (ეპიფრიდელანოლი, ფრიდელინი, ალფა¬ამირინი), სტეროიდები, ალკალოიდები (არპეპავინი, ევომინი, ევოტინი, კოფეინი, თეოფილინი), ფლავონოიდები (ბერესკლეტინი, რუტინი, კვარციმერრიტინი და სხვ.); ნაყოფები შეიცავს გლუკოზას, ციკლიტოლებს (დულციტი), კაროტინოიდებს (ბეტა კაროტინი, კრიპტოქსანტინი, ზეაქსანტინი და სხვ.); თესლებში აღმოჩენილია მახშირწყლები (გლუკოზა, რამნოზა, სახაროზა), სესკვიტერპენოიდები (ალატოლინი და სხვ.), კაროტინოიდები (სტეროიდები, კარდენოლიდები, ევონოზიდი, ევონოლოზიდი და სხვ.), ალკალოიდები (ევონინი, ევოზინი), ფლავონოიდები, უმაღლესი ცხიმოვანი მჟავები და მათი გლიცერიდები. კიდობანას პრეპარატები ხასიათდება ინსექტიციდური, შარდმდენი, საფაღარათო, ამოსახველებელი, მიკრობების, ვირუსების, პარაზიტებისა და მუცლის ჭიების საწინააღმდეგო მოქმედებით. დასავლეთ ქვეყნების ხალხური მედიცინა იყენებს თავის ტკივილებისა და ნერვული აშლილობისას, აგრეთვე იმუნიტეტის გასაძლიერებლად.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები