კვიციანი ეკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ეკა კვიციანი-დან)
კვიციანი ეკა − (1974), დაიბადა სოფელ ბეჩოში (მესტია); 1997 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა პედაგოგად, ჟურნალისტად, მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების რესურს-ცენტრის ინსტრუქტორად.
- * * *
- საით წამსვლელი სად მივდივარ, სად მივიჩქარი,
- თვალებში ნისლი გამიბლანტდა, სულში ნაღველი,
- არცერთი სიტყვა, რის ხმაური, ანდა რის ჩქამი,
- დუმილის ხმა აქვს ყველა ბგერას, ჩემგან აღვლენილს.
- ბეჭებზე მადევს ფერმიმცხრალი მთვარის სიგრილელოკოკინების
- წებოვნება და ჟრუანტელი...
- რწმენა, რისთვისაც ვიმარხულე, დღემდე ვიბზნილე,
- სულში სისველედ ჩამომადნა, როგორც ფანტელი...
- დავკარგე გეზი, სად ბნელია, საით ნათელი,
- ხელისცეცებით სიარულს კი როდემდე შევძლებ,
- დღე, გამომთვრალი, მერამდენედ ღამენათევი,
- დღე, მხოლოდ ფუჭი ფიქრების და ტკივილის შემძლე
- გულგრილად მიდის, რას დაეძებს ტალახს და წვირეს,
- არაფრად აგდებს მომაკვდავი ფოთლების წუხილს,
- გზა ტაძრისაკენ, ოდესღაც რომ გულიდან ვწირე,
- დამეკარგა და ახლა სულში ქვითინებს მწუხრი...
- ცის თაღზე სანამ მზედ ეკიდნენ შენი თვალები,
- რას დამაფრთხობდა ქარის სტვენა ანდა სიბნელე,
- ახლა ლოდინით გაბეზრებულ-შემომწყრალები
- აღარ მწყალობენ, მემდურიან და გზებს მიბნევენ...