ელასტიკურობა (ეკონომიკა)
ელასტიკურობა - (elasticity), პროცენტებში გამოხატული ცვლილება ერთი ცვლადისა პროცენტებში გამოხატული მეორე ცვლადის ცვლილების პასუხად. მაჩვენებელი, რომელიც ახასიათებს მოთხოვნის ან მიწოდების ცვალებადობის ხარისხს ერთი რომელიმე ფაქტორის, მაგალითად, ფასის ზემოქმედებით.
მოთხოვნის ფასისმიერი ელასტიკურობა ახასიათებს შესასყიდი საქონლის ან მომსახურების რაოდენობის ცვალებადობის ხარისხს მისი ფასის შეცვლისას. მოთხოვნის ელასტიკურობა ნიშნავს იმას, რომ ფასის მცირეოდენი შეცვლა იწვევს იმ პროდუქციის რაოდენობის მნიშვნელოვან ცვლილებას, რომელზეც არის მოთხოვნა. თუკი ფასის შეცვლა მხოლოდ ოდნავ ცვლის საქონლის ან მომსახურების რეალიზაციის რაოდენობას, მაშინ მოთხოვნა არაელასტიკურია.
საბაზრო ეკონომიკის თეორიაში გამოყოფენ „ერთეული ელასტიკურობის“ ცნებას. იგი გამოხატავს სიტუაციას, რომლის დროსაც ფასის პროცენტული ცვლილება საქონელზე (მომსახურებაზე) მოთხოვნის პროცენტული ცვლილების ტოლია. ზოგჯერ გამოიყენება ტერმინი „სავსებით არაელასტიკური მოთხოვნა“, რაც იმას ნიშნავს, რომ საქონლის ფასის ცვლილება გავლენას არ ახდენს მასზე მოთხოვნის მოცულობაზე. მოთხოვნის ელასტიკურობის კოეფიციენტი გამოიხატება ფორმულით: მოთხოვნის ელასტიკურობის კოეფიციენტს პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ხელფასის დონის განსაზღვრისას. მაგ., ვინაიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე მოთხოვნა პრაქტიკულად არაელასტიკურია, მისი წარმოების გადიდება ერთდროულად ამცირებს ფასს ერთეულ პროუქციაზე და, აქედან გამომდინარე, ფერმერის შემოსავალსაც, რომლის კომპენსირებაც აუცილებელია. საკანონმდებლო გზით, წონასწორობის დონის გაუთვალისწინებლად ხელფასის მინიმუმის შემოღებამ შეიძლება გამოიწვიოს უმუშევრობის ზრდა, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში. მიწოდების ფასისმიერი ელასტიკურობა იმგვარად იზომება, როგორც მოთხოვნის ელასტიკურობა, ოღონდ ელასტიკურობის კოეფიციენტის ფორმულაში გარკვეულ საქონელზე მოთხოვნის პროცენტული ცვლილების სიდიდის ნაცვლად ჩაისმება გასაყიდი საქონლის მიწოდების მოცულობის პროცენტული ცვლილება.
მიწოდების ელასტიკურობის ძირითადი ფაქტორია დრო, რომლის განმავლობაშიც მწარმოებელი სათანადო რეაგირებას ახდენს მისი პროდუქციის ფასების შემცირებასა თუ გადიდებაზე. გამოყოფენ უმოკლეს-, მოკლე- და გრძელვადიან საბაზრო პერიოდს, რომლის განმავლობაშიც მწარმომწარმოებელს შეუძლია რეაგირება მოახდინოს კონიუნქტურის ცვლილებაზე.