ელევატორი (ნაგებობა)
ელევატორი − (ლათ. elevo, elevatum მაღლა ამწევი) ნაგებობის კომპლექსი დიდი რაოდენობის მარცვლეულის შესანახად, აგრეთვე მარცვლეულის დასამუშავებლად კონდიციურ მდგომარეობამდე. დანიშნულების მიხედვით არსებობს ელევატორის სახეობები: დამამზადებელი (ხაზოვანი, სიღრმითი), საწარმოო (წისქვილი) და გადასატვირთავი (ბაზისური და საპორტო).
დამამზადებელ ელევატორს აშენებენ რკინიგზის სადგურებისა და სამდინარო (საზღვაო) ნავმისადგომებთან. მათი დანიშნულებაა მიიღოს სასაქონლო მარცვლეული მომწოდებლისაგან, გაასუფთაოს, გააშროს, დააჯგუფოს ხარისხის მიხედვით, შეინახოს დანაკარგების გარეშე და გადატვირთოს გადამამუშავებელ საწარმოებში.
საწარმოო ელევატორს აშენებენ გადამამუშავებელი მრეწველობის ისეთ საწარმოებთან, როგორიცაა: მარცვლეულის, კომბინირებული საკვების, სახამებლის, სპირტის ქარხნები და სხვ. ასეთი ელევატორის ტევადობა და ტექნოლოგიური დანადგარების სიმძლავრეები დამოკიდებულია გადასამუშავებელი ნედლეულის სახეზე და გადამამუშავებელი საწარმოს სიმძლავრეზე. საწარმოო ელევატორს ყოველთვის განალაგებენ გადამამუშავებელ საწარმოსთან ერთ ტექნოლოგიურ ხაზში, რათა მინიმუმამდე შემცირდეს მარცვლეულის ტრანსპორტირების ხარჯები.
გადასატვირთავი ელევატორი შენდება რკინიგზის მსხვილ საკვანძო სადგურებთან, დიდი მდინარეების ნავმისადგომებთან ან საზღვაო პორტებთან, რათა აწარმოოს მარცვლეულის შიდა და საექსპორტო გადატვირთვები. ასეთი ელევატორის მთავარი დანიშნულებაა მოახდინოს ერთნაირი მარცვლეულის დიდი პარტიების მიღება, შენახვა და გადატვირთვა ერთი ტიპის ტრანსპორტიდან მეორეზე. აღჭურვილია მძლავრი მექანიზმებით, სატრანსპორტო და ტექნოლოგიური მოწყობილობებით, რომლებიც უზრუნველყოფენ საათში 350-5000 ტ მარცვლეულის მომსახურებას.