ელექტრონული მუსიკა
ელექტრონული მუსიკა – ელექტრონულ მუსიკაში ჟღერადობა წარმოიქმნება სამუსიკო საკრავების და მიკროფონის გამოყენების გარეშე მაგნიტოფონზე ჩაწერილი ელექტროგენერირებული ბგერების მანიპულირებით. ნოტაციის მაგივრად „ელექტრონიკოსები“ იყენებენ აკუსტიკურ დიაგრამებს, რომლებიც შეუძლებელია შესრულდეს რომელიმე სამუსიკო საკრავზე; მათი წარმოსახვა შეუძლია მხოლოდ რეპროდუქტორს. ელექტრონულ მუსიკის ბგერებს არა აქვთ ობერტონები, ე. ი. ტემბრი. ელექტრონული მუსიკა საინტერესოა, როგორც ახალი ბგერითი ეფექტების შემქმნელი საშუალება, როგორც ბგერის ბუნების შემსწავლელი მეთოდი. მისი გამოყენება შეიძლება მუსიკის გაფორმების სახით კინოფილმებში, სპექტაკლებში, რადიოგადაცემებში. ელექტრონულ მუსიკას გამოყენებითი მნიშვნელობა აქვს, იგი მოკლებულია დამოუკიდებელ მხატვრულ ღირებულებას. ელექტრონული მუსიკის გამომგონებელი და ელექტრონული მუსიკალური ნამუშევრების მთავარი მწარმოებელია გერმანელი ინჟინერი გ. ეიმერტი.