ელიკანი ჯილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯილ ბარადი

ჯილ ელიკანი - (ინგ. Jil Elican, 1951 წლის 23 მაისი, ნიუ-იორკი, აშშ), ამერიკული ბინესმენი ქალი.

სარჩევი

ბიოგრაფია

ჯილ ელიკანი ნიუ-იორკში დაიბადა. პატარაობისას, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მკვეთრი ფერის ტანსაცმლის სიყვარული, კარგი გემოვნება და სტილის თანდაყოლილი გრძნობა ოდესმე უზარმაზარ სიმდიდრეს მოუტანდა. ამ ასაკში ჯილი მოდელისა და მსახიობის პროფესიისადმი უფრო მეტ ინტერესს იჩენდა, ვიდრე ბიზნესისადმი, რასაც შესაძლოა, იმ გარემოებამაც შეუწყო ხელი, რომ ჯილის მამა სატელევიზიო რეჟისორი და პროდიუსერი იყო.

პატარა ჯილის, ალბათ გოგონების უმრავლესობის მსგავსად, სარკის წინ ტრიალი ყველაფერს ერჩივნა და მორთულ-მოკაზმულს თავი დეფილეს ან სატელევიზიო შოუს მონაწილედ წარმოედგინა. შუაღამემდე შეეძლო ბროდვეის პოპულარული მიუზიკლების მელოდიები ემღერა.

16 წლისამ ზაფხულის არდადეგებზე მუშაობა დაიწყო: იგი კომპანია "ჰეფი ლეგზის" (Happy legs) მოდელი გახდა. მაგრამ ჯილი მხლოდ მოკლე კაბით ფოტოკამერის წინ პოზირებაზე როდი ფიქრობდა. კომპანიის საქმიანობასაც გულმოდგინედ ეცნობოდა, აინტერესებდა კლიენტებთან მუშაობისა და პროდუქციის გასაღების ტექნლოგია.

კოლეჯის დამთავრების შემდეგ კომპანია "ლავ კოსმეთიქში" (Love Cosmetic) გამყიდველად მოეწყო იგი ვერც დიდ გასამრჯელოს და ვერც დიდ სიამოვნებასი ღებდა. ჯილ ელიკანისთვის ჯერ კიდევ არ იყო ნათელი, თუ რისთვის მოეკიდა ხელი, რა პროფესია აერჩია. რამდენიმე ადგილას მოსინჯა შესაძლებლობები, მაგრამ საქმე, რომელსაც მთელი გულით შეიყვარებდა, ვერ გამონახა. ჯილიმ მსახიობობაც სცადა, მაგრამ უღიმღამო როლები და გადასაღები მოედნის ატმოსფერო მას გამოგონილი და უაზრო ეჩვენა. 1974 წელს იგი ცნობილი კოსმეტიკური ფირმის ქოთის (Coty) გამსვლელი კონსულტანტის თანამდებობაზე მიიღეს.

ჯილი მთელ ამერიკაში მოგზაურობდა და მალე დაასკვნა, რომ "ქოთის" პროდუქცია ძალზე უღიმღამოდ იყო გაფორმებული და უმაღლესი ხარისხის მიუხედავად, მყიდველის ყურადღებას არ იქცევდა. მან პუდრის რეკლამის საკუთარი დიზაინი დაამუშავა და მაკეტით ხელში "ქოთის" ცენტრალურ ოფისში გამოცხადდა. მისი იმედები გამართლდა. კომპანიის ხელმძღვანელებმა იდეა მოიწონეს. ჯილის რეკლამას "ქოთი" თითქმის 20 წლის განმავლობაში წარმატებით იყენებდა.

მალე ჯილ ელიკანის ცხოვრებაში ახალი ხანა დაიწყო. იგი კინო პროდიუსერ ტომ ბარადს შეხვდა. 6 თვის შემდეგ ჯილმა "ქოთიში" პერსპექტიულ სამუშაოს თავი დაანება და ბარადთან ერთად ლოს-ანჟელესს გაემგზავრა.

სამუშაოს შოვნა არც იქ გასჭირვებია. იგი სიამოვნებით მიიღეს კომპანია მაქს ფაქტორის (Max Factor) სარეკლამო სააგენტოში. ერთი წლის შემდეგჯილი და ტომ ბარადი დაქორწინდნენ. მალე ჯილ ბარადი იძულებული გახდა, ფეხმძიმობის გამო, სამუშაო მიეტოვებინა. მან გადაწყვიტა სანიმუშო დედა გამხდარიყო.

ბავშვის დაბადების შემდეგ ჯილი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. ახლაღა მიხვდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მისთვის საქმიანი ქალის ცხოვრების სტილი. ერთადერთ გასართობად საბავშვო ეტლით ტანსაცმლის მაღაზიებში სიარული და ახალი მოდელების დათვალიერება რჩებოდა. მეუღლემ ჯილის ტანჯვას დიდხანს ვერ გაუძლო. მის ბარადმა სამუშაოს ძებნა დაიწყო.

სწორედ ასე აღმოჩნდა იგი "მათელ თოიზის" მოდელების დამუშავების განყოფილებაში. მის პირველ პროექტს "მძიმე ჭიაყელები" ერქვა. ეს იყო რეზინის ჭიები, რომლებსაც კედელზე ჩამოცოცება შეეძლოთ. მართალია, ჭიები მუდამ ძირს ცვიოდნენ, ჯილმა სარეკლამო კომპანია სანიმუშოდ წარმართა, რის გამოც კომპანიის ხელმძღვანელის ტომ კალინსკეს ყურადღება დაიმსახურა. ჯილ ბარადს უფრო სერიოზულ პროექტებზე მუშაობა სურდა.

ქალმა, მწარე ენისა და მტკიცე ნებისყოფის წყალობით, მალე გაიკაფა გზა სამყაროში, სადაც ყველა პირველობაზე ოცნებობს და არც მორალსა და მოყვასის სიყვარულს აგდებს რამედ. ბარადმა ამ ხელოვნებასაც უმალ აუღო ალღო.

თოჯინა ბარბი

კომპანია "მათელ თოიზში" ორი წლის მუშაობის შემდეგ მის ბარადი თოჯინა ბარბის შემქმნელთა გუნდის წევრი და ახალი პროდუქციის გამოშვების კურატორი გახდა. ბარბი 1959 წლიდან გამოდიოდა და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. ჯილის მთავარი ამოცანა თოჯინის გათანამედროვება, მისი 80-იანი წლების თოჯინად გადაქცევა იყო. ჯილის ინიციატივით, ბაზარზე გამოჩნდა ბარბი - საქმიანი ქალი, ბარბი საღამოს კაბაში. პროდუქცია თვალის დახამხამებაში გაიყიდა.

სტატისტიკური მონაცემებით, XX საუკუნის მიწურულს, მსოფლიოს 140 ქვეყანაში ყოველ წამს ორი თოჯინა ბარბი იყიდებოდა. ბარბის პროტოტიპად იქცა ჩვეულებრივი ქაღალდის თოჯინა, რომლისთვისაც ტანსაცმელს კერავდნენ. ახლა ბარბის ჩაცმულობაზე საქვეყნოდ აღიარებული მოდის სახლები დიორი, ვერსაჩე, ჟივენში ზრუნავენ.

ბარბის ოჯახიც ძალზე გაიზარდა: თოჯინამ მრავალი მეგობარი შეიძინა. მათი აქსესუარების რაოდენობამ ხომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ კომპანია "მატელმა" (Mattel) მყიდველთათვის საგანგებო ცნობარი გამოუშვა. ცნობარში ყველა პერსონაჟის გენეალოგია ცალკეა განხილული. ჩამოთვლილია ის მოძრავი და უძრავი ქონება, რომელთა შეძენა შესაძლებელია ბარბის მეგობრებისთვის.

თავისი არსებობის მანძილზე (1959 წლიდან) ბარბიმ 45 ეროვნება და 75 პროფესია გამოიცვალა. საინტერესოა, რომ როდესაც ირანის ხელისუფლებამ, გარყვნილების პროპაგანდის საბაბით ბარბი აკრძალა, ირანელ ბავშვებს კომპანია მატელმა ჩადრიანი თოჯინა შესთავაზა.

ბარბის გამომგონებლად და კომპანია "მატელის" ერთ-ერთ დამფუძნებლად რუტ ჰანდლერი (Ruth Handler) მიიჩნევა. განსაკუთრებულ პოპულარობას კი ბარბიმ ჰანდლერის გზის გამგრძელებლის, კომპანიის გენერალური დირექტორის ჯილ ბარადის მცდელობას უნდა უმადლოდეს.

თავის ქმნილებას ბარადიმ ხოლოდ გარეგნობითა და ჩაცმის სტილით ჰგავს. საქმიანი ალღოსა და ინტუიციის წყალობით ჯილ ბარადმა "მატელ თოიზი" (Mattel Toys) სათამაშოების წარმოების მსოფლიო გიგანტად გადააქცია.


1997 წელს ჯილ ბარადი კომპანია "მათელ თოიზის" გენერალური დირექტორი და მმართველობის თავმჯდომარე გახდა. პირველსავე კვირას, ჯილის ბრძანებით, ოფისის კედლები ვარდისფრად შეღებეს. სიტყვებით - "მე თქვენ მიყვარხართ" - ჯილმა თანამშრომლებს საშობაო შვებულება გაუხანგრძლივა.

ბარადის მმართველობის ხანაში ბარბისა და მისი აქსესუარების მოცულობა იმდენად გაიზარდა, რომ შემოსავალმა 200 მილიონიდან 1,9 მილიარდს, ხოლო "მათელის" ფასმა 5,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. ბარბი ნამდვილ კულტად გადაიქცა.

დღესდღეობით საშუალო ამერიკელ გოგონას 9 ბარბი აქვს. იყიდება არამარტო თავად თოჯინა, არამედ კომპიუტერული თამაშები, რომელთა მთავარი გმირები ბარბი და მისი მეგობრები არიან. ბარბიც სხვადასხვაგვარია - ღარიბი და მდიდარი, სპორტსმენი და დიასახლისი, საქმიანი ქალი და ქალი-პოლიციელი. ერთი სიტყვით, ბარბი ცხოვრების მოდელია.

ჯილ ბარადი სულაც არ ნანობს, რომ ოჯახი და კარიერა ერთმანეთს შეუთავსა. შვილებიც და საყვარელი საქმეც ძალზედ მნიშვნელოვანია მისთვის. უფროსი ალექსი და უმცროსი იუსტინი ამაყობენ თავიანთი დედით, თუმცა, როგორც ჩანს, მისი გზის გაგრძელებას არ აპირებენ.

ჯილ ბარადი, ჟურნალ "ფორტუნას" (Fortune) თანახმად, ამერიკის 50 ყველაზე გავლენიან ქალთა სიაში მოხვდა. ხოლო ჟურნალმა "უორქინგ ვუმენმა" (Working Woman) იგი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალბატონად მიიჩნია.

ლენინგ ქომფანი

რამდენიმე წლის წინ მის ბარადი თანამდებობიდან გადადგა. ამის მიზეზი გახდა კომპანიის დანახარჯების ზრდა, რაც ბარადის მიერ კომპანია “ზე ლენინგ ქომფანის" (The Learning Company) შესყიდვამ გამოიწვია. "ლენინგ ქომფანი" გასართობ და შემეცნებით პროგრამებს უშვებს. ჯილმა ამ კომპანიაში 3,5 მილიარდი დოლარი გადაიხადა. ზარალმა საფონდო ბირჟაზე "მათელ თოიზის" აქციათა კურსის დაცემაც გამოიწვია.

როგორც გაირკვა "ლენინგ ქომფანის" ყიდვა შეცდომა იყო. თავად ბარადმა აღიარა, რომ ბოლო წუთამდე არაფერი იცოდა ამ კომპანიის დანაკარგების შესახებ (მისი მოცულობა 1999 წელს 206 მილიონ დოლარს გაუტოლდა). ჯილ ბარადი საკუთარი მმართველობის მსხვერპლი გახდა. კომპანიის ყველა მოსამსახურემ კარგად იცოდა, რომ ჯილისთვის ცუდი ამბავის შეტყობინება სარისკო საქმე იყო. ბარბის მსგავსად, ბარადიც ხომ კულტად მიიჩნეოდა.

წყარო

გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები