ენათა კავშირი
ენათა კავშირი – ენათა დაჯგუფება ხანგრძლივი კონტაქტების ან კონვერგენციის გზით შეძენილი მსგავსების საფუძველზე, არეალური კავშირი. გენეტიკურად მონათესავე ენათა ოჯახისაგან განსხვავებული ერთობის – ენათა კავშირის – გამოყოფის თეორიული დასაბუთება (პირველად 1923) ჩამოაყალიბა ნ. ტრუბეცკოიმ (თუმცა მეზობელი და საერთო გეოგრაფიული სუბსტრატით დაკავშირებულ ენათა ერთიანობის იდეა ი. ბოდუენ დე კურტენეს შრომებშიც იყო წამოყენებული). უფრო გვიან ნ. ტრუბეცკოისთან ერთად ენათა არეალური კავშირის იდეას ავითარებდნენ პრაღის სკოლის სხვა წარმომადგენლებიც (რ. იაკობსონი, ე. სკალინკა), იტალიელი ნეოლინგვისტები (ე. პიზანი, ჯ. ბონფანტე) და ზოგი სხვა ავტორიც (ც. კ. ულენბეკი, გ. დეეტერსი). ენათა კავშირის თეორიის სრულყოფის ცდები შემდეგაც არ შეწყვეტილა (გ. ბირნბაუმი. ე. გეორგიევი, ე. ტოპოროვი, ბ. სერებრენიკოვი, ჯ. ედელმანი, ე. ნეროზნაკი, გ. წერეთელი.
სხვადასხვა დროს ამგვარ კავშირებად იქნა მიჩნეული: ბალკანური – ალბანური, ახ. ბერძნული, ბულგარული და რუმინული ენები (ნ. ტრუბეცკოი), კავკასიური – ჩრდილო-კავკასიური და ქართველური ენები (ნ. ტრუბეცკოი, ი. ბოდუენ დე კურტენე), ინდოევროპული ენები (ნ. ტრუბეცკოი, ვ. პისანი), ევრაზიული – ევროპის და აზიის ენები (რ. იაკობსონი), ვოლგისპირეთის – მარიული, უდმურტული, ბაშკირული, თათრული, ჩუვაშური ენები (ბ. სერებრენიკოვი); ცენტრალურ აზიური – ინდოევროპული, დრავიდული, ჩინურ-ტიბეტური ოჯახების ზოგიერთი ენა (ვ. ტოპოროვი). აღნიშნავენ ენათა განვითარების მსგავსი ტენდენციების არსებობას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აფრიკისა და ოკეანიის ზოგ რეგიონში.
თავდაპირველად ენათა კავშირები განიხილებოდა როგორც ენათა ოჯახისაგან დამოუკიდებელი წარმონაქმნები. მაგრამ თანდათანობით გამოიკვეთა ტენდენცია, ეჭვის ქვეშ დაეყენებინათ ენათა ნათესაობის დადგენის შესაძლებლობა და მისი აუცილებლობაც კი. გამოითქვა მოსაზრება (ინდოევროპულ ენათა მიმართ), რომ დიფერენციაციის გზით ენათა ნათესაობის ნაცვლად შეიძლება ვილაპარაკოთ ხანგრძლივი ტერიტორიული მეზობლობის შედეგად ენათა დაახლოებაზე (ნ. ტრუბეცკოი).
ენათა კავშირში გაერთიანებულ ენებს შორის მსგავსებას ადგენენ როგორც კომპლექსურად, ენობრივი სისტემის სხვადასხვა დონეზე (ფონოლოგიური, მორფოლოგიური, სინტაქსური) და საერთო კულტურის ამსახველ ლექსიკაში, ისე – ერთ ენობრივ დონეზეც. მაგ., თუ ბალკანური ენათა კავშირისთვის ნ. ტრუბეცკოი გამოყოფდა სხვადასხვა დონის სტრუქტურულ ნიშნებს, კავკასიურ ენათა კავშირისთვის იგი კმაყოფილდებოდა მხოლოდ საერთო ფონოლოგიურ ნიშნებზე მითითებით. ასევე, ევრაზიული ენათა კავშირი ემყარებოდა მხოლოდ ფონოლოგიურ ნიშნებს (პროსოდიული მონოტონია და თანხმოვანთა დაპირისპირება სილბო-სიმაგრის მიხედვით). აღნიშნულია, რომ ამგვარი ერთსტრუქტურიანი მსგავსება შესაძლებელია დადგინდეს ენათა დიდი არეალებისათვის, მაგრამ იგი უფრო ტიპოლოგიური ხასიათის ჩანს და ნაკლებად შეესაბამება ენათა კავშირის იდეას (ე. ნეროზნაკი).
ამოსავალი პრინციპებისა და გამოყენებული მეთოდოლოგიის თვალსაზრისით ენათა კავშირის თეორია არ შეიძლება ჩაითვალოს რამდენადმე სრულყოფილ თეორიად, სანამ მთელი სისრულით არ იქნება გათვალისწინებული ენათა რეალური შეხვედრების შესაძლო შედეგები. სახელდობრ, უნდა განისაზღვროს კონტაქტისას რომელი ენობრივი მოვლენები გადადის ერთი ენიდან მეორეში შედარებით ადვილად და რომელი საერთოდ არ ექვემდებარება სესხებას. ამ მიმართულებით კვლევა მნიშვნელოვანი ჩანს არა მხოლოდ ენათა ინტეგრაციის, არამედ ისტორიულ-შედარებითი კვლევის თვალსაზრისითაც.
თ. შარაშენიძე
ი. ქობალავა
ლიტერატურა
- შარაშენიძე თ. ენათა კლასიფიკაციის პრინციპები, თბ., 1958;
- მელიქიშვილი ი. ქართველურ-ინდოევროპული გენეტური ურთიერთმიმართების საკითხისათვის – «ენათმეცნიერების საკითხები», 2002, №1.