ენეოლითის ხანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენეოლითის ხანა − (ლათ. aeneus - სპილენძი; ბერძ. lithos - ქვა) — ნეოლითიდან ბრინჯაოს ხანაზე გარდამავალი პერიოდი.

ადამიანმა პირველად იმ ლითონთა ათვისება შეძლო, რომლებიც ხალასად მოიპოვება ხოლმე ბუნებაში. ერთ-ერთი ამათგანია სპილენძი. ერთხანს სპილენძს ცივად ჭედვის საშუალებით ამუშავებდნენ. ლითონის გამოდნობა ადამიანმა უფრო გვიან ისწავლა. სპილენძი საერთოდ საკმაოდ რბილი ლითონია და მისგან გაკეთებული იარაღი ვერ გაუწევს ძლიერ მეტოქეობას ქვის იარაღს ამიტომ იარაღს ჯერ კიდევ ძირითადად ისევ ქვისაგან აკეთებენ. ამ ხანასს არქეოლოგები ენეოლითის ხანას უწოდებენ, რაც „სპილენძ-ქვის“ ხანას ნიშნავს.

ენეოლითი, ე. ი. ის ხანა, როდესაც ქვასთან ერთად ადამიანი სპილენძსაც იყენებს (უმთავრესად ცივად ნაჭედს), საქართველოში მაინცდამაინც ხანგრძლივი არ უნდა ყოფილიყო. აქ მეტალურგიის განვითარების მეტად ხელსაყრელი პირობები არსებობდა (მადნების სიუხვე, საწვავი მასალის – ხე-ტყის და წყლის სიუხვე და სხვა.). ასე რომ. რაკი ადამიანი ლითონებს გაეცნო, იგი აქ მალე უნდა გადასულიყო მათ გამოდნობაზე და სპილენძთან ერთად სხვა ლითონების დამუშავებაზედაც.

სპილენძის ხანა დაახლოებით მოიცავს ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV-III ათასწლეულების პერიოდს, მაგრამ ზოგიერთ ტერიტორიაზე ის უფრო დიდხანს გაგრძელდა, ზოგიერთში კი სრულიად არ არსებობდა.

ენეოლითური კულტურა საქართველოში

იმ დროს საქართველოს თითქმის ყველა კუთხე, და მათ შორის მთიანეთიც, უკვე საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული ჩანს. სამოსახლოები ხშირად ეწყობოდა ამაღლებულ ადგილებზე, ბორცვებზე, თუმცა მოსახლეობას დაბლობ ადგილებშიც ვხვდებით, მდინარეთა მახლობლად.

იმდროინდელმა ლითონის (სპილენძის) ნივთებმა ჩვენამდე ცოტამ მოაღწია. ლითონი, როგორც ვთქვით, საერთოდ ფართოდ არც უნდა ყოფილიყო მაშინ გამოყენებული. განსაკუთრებით ბევრია ნაპოვნი ენეოლითური კერამიკული ნაწარმი (თიხის ჭურჭელი), რომელიც ამასთანავე მეტად მრავალფეროვანიცაა. განვითარებული ჩანს იმ დროს რთვა-ქსოვის ხელობაც.

მაშინდელი მოსახლეობის სამეურნეო ყოფაში კვლავ დიდი ადგილი ეკავა მონადირეობასა და მეთევზეობას. მიწის დამუშავება იმ ხანაშიც წარმოებდა უმთავრესად ხის, რქისა და ქვის იარაღით (რიყის ქვისა და რქის თოხები, კაჟის კბილებიანი ნამგლები და სხვ.), რომლებიც მცირედ განსხვავდებიან უფრო ადრინდელი (ნეოლითური) სამიწათმოქმედო იარაღისაგან. მაგრამ, მეორე მხრივ, სამიწათმოქმედო იარაღისა და სხვა ინვენტარის (ხელსაფქვავების, მარცვლეულის შესანახი ჭურჭლისა და სხვა) მრავლად აღმოჩენა იმას მოწმობს, რომ მიწათმოქმედების ხვედრითი წონა იმდროინდელ მეურნეობაში მაინც საგრძნობლად გაზრდილა.

ჩვენში ენეოლითის დროს მიწათმოქმედებას კვლავ უმთავრესად ქალი ეწეოდა. ენეოლითის პირველ საფეხურზე მატრიარქალური წყობა ჯერ კიდევ ძალაში ყოფილა, ქალს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს გვარში წამყვანი მდგომარეობა.

მაგრამ ენეოლითი არის მატრიარქატიდან გვაროვნული წყობის უფრო მაღალ საფეხურზე – პატრიარქატზე გადასვლის ხანაც პატრიარქალურ წყობაზე გადასვლის საქმეში საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, გადამწყვეტი როლი მესაქონლეობის ძლიერ დაწინაურებას, ხოლო შემდეგ აგრეთვე მეტალურგიის განვითარებას უნდა ეთამაშა.

მესაქონლეობა განსაკუთრებით ვითარდება მთაში, სადაც იგი თანდათან ზოგიერთი ტომის ძირითად სამეურნეო საქმიანობად იქცევა.

იმდროინდელ მესაქონლეობაში უფრო მეტად გავრცელებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება ჩანს. მეცხვარეობის ფართო განვითარებას ხელს შეუშლიდა ის, რომ მაშინ საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი ტყით იყო დაფარული. მესაქონლეობის ეს დარგი უფრო მაღალმთიან კუთხეებში ვითარდებოდა.

მესაქონლეობის განვითარებამ გამოიწვია მწყემსი მამაკაცის დაწინაურება, რასაც მოჰყვა მატრიარქატიდან პატრიარქატზე – მამის, მამაკაცის უპირატესობაზე დამყარებულ საგვარეულო ორგანიზაციაზე გადასვლა.


წყარო

საქართველოს ისტორია (უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასასრულამდე)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები