ენთენ და ეშემ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენთენ და ეშემ(შუამდ.) შუმერული წარმოშობის ორი ძმური ღვთაება, რომლებიც ენლილმა გააჩინა ცაში და დედამიწაზე ჩამოუშვა მცენარეული და ცხოველური ნაყოფიერების ხელშესაწყობად. თითოეულს განსაკუთრებული მოვალეობა დაეკისრა. ენთენს უპირატესად შინაური ცხოველები ჰყავდა ჩაბარებული („ენთენმა ცხვარს ბატკანი აშობია, თხას თიკანი აშობია; ფური და ხბო ამრავლა, რძე და ერბო გამოაღებინა...“), ხოლო ემეშს მცენარეულ სამყაროზე ზრუნვა ჰქონდა დავალებული („ემეშმა გააჩინა ხეები და მწვანე ველები, გააფართოვა ბოსელ-ფარეხები, ყანებში მოსავალი გააუხვა... ბეღლები ხვავით აავსო“). მაგრამ მალე ძმებს შორის დავა ატყდა პირველობაზე. დავის გადასაწყვეტად ენლილთან მივიდნენ და მათმა გამჩენმა ენთენს მიანიჭა უპირატესობა: „ქვეყანათა სიცოცხლის წყლების მცოდნეა ენთენი... ემეშ, შვილო, შენ როგორ შეედრები მას? საბოლოოდ, „ემეშმა ქედი მოიხარა ენთენის წინაშე; ემეშმა ოქრო-ვერცხლი მიართვა, ღვინო და ლუდი დაუმზადა, ძმობა და მეგობრობა აღუთქვა...“ ტექსტი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ბუნდოვანია და ხარვეზიანი, ამგვარად გვაუწყებს ენთენის გამარჯვების ამბავს: „გაიმარჯვა ენთენმა, ღმერთების ჭეშმარიტმა (ან ერთგულმა) მეურნემ“. ეს თხზულება ეკუთვნის შუმერულ ლიტერატურაში გავრცელებულ გაბაასების ჟანრს და აგებულია ძმათა ურთიერთობის იმ ქარგაზე, რომელიც აბელკაენის ბიბლიურ სიუჟეტში ტრაგიკულ დასასრულს იღებს.

შუმერულ მითოსში კი დავა მშვიდობიანად მთავრდება, როგორც მწყემს დუმუზისა და მიწისმუშაკ ენქიმდუს შემთხვევაში.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები