ეპისკოპოსი ალექსი (გერსამია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე გერსამია

გერსამია ალექსანდრე - (დ. - 14.IV.1865, სოფ. გადიდი - გ. - 7.II.1938) - საღვთო სჯულის მასწავლებელი, სასულიერო პირი, შემდეგში წილკნელი ეპისკოპოსი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1878 წლდან ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგ (1882) სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. ორივე სასწავლებელში მასთან ერთად სწავლობდა მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე, რომელთანაც სიცოცხლის ბოლომდე დიდი მეგობრობა აკავშირებდა. 1886 ა. გერსამია მესტიის სამრევლო-საეკლესიო სასწავლებელში მასწავლებლად დაინიშნა. ამავე პერიოდში დაოჯახდა თეოლინა ბერუჩაშვილზე, შეეძინათ სამი შვილი.

1890 ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლ დადიანმა იგი დიაკვნად აკურთხა და მესტიის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დანიშნა, 1891 წელს ამავე ტაძარში მანვე მღვდლად დაასხა ხელი და ლაილაშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განაწესა. 1893 წელს ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს და ცაგერის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. მასვე დაევალა ლეჩხუმ-სვანეთის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურეობა და იმერეთის საეპარქიო საბჭოს ლეჩხუმის განყოფილების თავმჯდომარეობა. 1900 წლდან იგი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრია. 1906 წლიდან მღვდელი ალექსანდრე ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია და პარალელურად ქუთაისის საშუალო სასწავლებლის მოსამზადებელ კლასებში საღვთო სჯულს ასწავლის. 1911 წელს სამკერდე ოქროს ჯვრით, ხოლო 1916 წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1918 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1918-1919 სასწავლო წელს საღვთო სჯულს ასწავლიდა ქუთაისის ვაჟთა II გიმნაზიაში. 1920 წლის 27 ივნისს დეკანოზი, როგორც იმერეთის ეპარქიის დელეგატი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეორე საეკლესიო კრებას ესწრებოდა.

1925 წელს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში ბერად აღკვეცის შემდეგ, დეკანოზი ალექსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ, ნინოწმინდელ მიტროპოლიტ კალისტრატეს, წილკნელ ეპისკოპოს პავლესა და და ბოდბელ ეპისკოპოს სტეფანეს თანამწირველობით, ეპისკოპოსად დაასხა ხელი და ცაგერის ეპარქიის მმართველად დაადგინა.

1928 კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ ჭყონდიდის ეპარქიაში გადაიყვანა და მასვე ჩააბარა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაც. 1930 წელს წილკნის ეპარქიაში დაინიშნა. გასული საუკუნის 30-იან წლებში, როცა მრავალმა სასულიერო პირმა გაიხადა ანაფორა და საერო სამსახურში გააგრძელა მოღვაწეობა, მეუფე ალექსი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვისაც არ უღალატია თავისი რწმენისა და საქმისათვის და სიკვდილამდე ერთგულად ემსახურა დედაეკლესიას. გარდაცვალებულს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ. დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში. (დოდო ჭუმბურიძე)

ლიტერატურა

ს. ვარდოსანიძე, ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები), თბ., 2010.

იხილე აგრეთვე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები

Logo1.JPG ალექსი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები