ერედვის წარწერა 906

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერედვის წარწერა – ქართული ასომთავრული წარწერა, ამოკვეთილი ცხრა სტრიქონად სოფელ ერედვის (გორის რ-ნი) წმ. გიორგის ეკლესიის სამხრეთის ფასადის მრგვალი სვეტის ზედა ნაწილზე. წარწერის მრგვლოვანი ასოები რამდენადმე კუთხოვანი მოხაზულობისაა, ხოლო ი, ლ, ნ, ც ასოები ნუსხურისაკენ იხრებიან. წარწერის ტექსტი ასეთია:

სახელითა ღმრთისაჲთა, მამისა, ძისა და სულისა წმიდისაჲთა. მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, შეწევნითა წმიდისა გიორგისითა, ჴელმწიფობასა ღმრთივდამყარებულისა წმიდისა კოსტანტინე მეფისასა, რომელმან ბრძანა და ჩავიდა ჰერეთს შიგან, ჰერთა მეფეჲ გააქცია და მუნით მშუიდობით იქცა, ცისკრად ალავერდს ილოცა, მწუხრი ბრეძას გადაჰჴთა; მეორედ კულა ავიდა, ვეჯინისა ციხე დალეწა, ქართლს შინა უფლობასა ტბელისა ივანესა, მთავარეპისკოპოსობასა სანატრელისა ყესა, ჯუარითა მისითა; გაზრახვითა ნიქოზელისა სანატრელისა სტეფანე ეპისკოპოსისაჲთა, ძალითა, შეწევნითა მოყუასთაჲთა, მე თევდორე თაფლაისძემან დავდევ საძირკველი.

წელნი იყუნეს ხფი, ქრონიკ“.

წარწერის ტექსტში თარიღი ბოლომდე არ არის ამოკვეთილი. რადგან დასაბამითგან წელთაღრიცხვით აღნიშნული ხფი გვაძლევს 906 წელს (6510-5604), მაშინ მისი შესაბამისი ქრონიკონით უნდა ყოფილიყო რკვ (126 + 780).

წარწერა დოკუმენტურად ადასტურებს „მატიანე ქართლისაჲს“ (XI ს) მიხედვით კარგად ცნობილ ფაქტს კონსტანტინე აფხაზთა მეფის (893–922) ჰერეთს ლაშქრობის შესახებ, როდესაც მან „ილოცა ალავერდს წმიდის გიორგის წინაშე და შემოსა ხატი მისი ოქროთი“ (ქ. ც. I, 264: 15).

ნარატიულ წყაროზე („მატიანე ქართლისაჲ“) დაყრდნობით ცდილობენ ე. წ. დაათარიღონ „914 წლის ახლო“ დროით. ამ შემოხვევაში უპირატესობა უნდა მიეცეს წარწერის, როგორც მოვლენის თანადროული ძეგლის, ჩვენებას, ე. ი. უნდა დათარიღდეს 906-ით.

ე. სილოგავა



ლიტერატურა

  • ქართული წარწერების კორპუსი. ტ- 1, ნ. შოშიაშვილის გამოც, თბ. 1980 (ბიბლიოგრ).

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები