ერითემატოზული ანგინები
ერითემატოზული ანგინები — ამ დროს ფარინგოსკოპიით ჩანს ჰიპერემიული და ჰიპერტროფიული ტონზილები და რკალები. ხშირია ფაშარი, ჩირქოვანი, ადვილად მოსაცილებელი ნადები. მისი გამომწვევი შესაძლოა იყოს როგორც ბაქტერია, ასევე ვირუსი.
ბაქტერიული ანგინების გამომწვევები პირის ღრუს ბაქტერიები არიან: Haemophilus influenzae, Staphylococcus, Moxarella catarrhalis, Streptococcus.
ხშირ შემთხვევაში, მათი პათოგნომურობა განპირობებულია ორგანიზმის დასუსტებით და გარემო პირობებით.
ყველა ეს ბაქტერია შეიძლება ბეტა ლაქტამაზის მწარმოებელი გახდეს.
ანგინების 80%-ის მიზეზი ვირუსული გამომწვევებია: ადენოვირუსები, გრიპის ვირუსი, მონონუკლეოზის ვირუსი – EBV
სარჩევი |
კლინიკური ნიშნები
ბეტა ჰემოლიზური, A ჯგუფის სტრეპტოკოკული ანგინა
ამ ტიპის ანგინები თითქმის არ გვხვდება 3 წლის ასაკამდე. შემდეგ, მათი რიცხვი იმატებს და შემთხვევათა 20%-ის მიზეზს წარმოადგენს. გართულების მხრივ, ამ ტიპის ანგინები ყველაზე საშიში გახლავთ. დიაგნოსტიკურ სირთულეს წარმოადგენს კლინიკური ნიშნების მსგავსება სხვა ტიპის ანგინებთან კერძოდ, ერითემატოზულ და ვირუსულ ანგინებთან.
ამ პათოლოგიაზე ეჭვი უნდა ავიღოთ, როდესაც სახეზეა:
- — სწრაფი დაწყება და ძლიერი სისუსტის შეგრძნება;
- — მაღალი სიცხე;
- — ძლიერი ტკივილი;
- — იზოლირებული ფარინგეალური ნიშნები, ანუ ცხვირის და ტრაქეის პათოლოგიის არარსებობა;
- — ცერვიკალური ადენოპათიები;
მიუხედავად ყველა ჩამოთვლილი ნიშნისა, სტრეპტოკოკული ანგინა პრაქტიკულად არ გამოირჩევა ვირუსული ანგინისაგან.
ნებისმიერი ერითემატოზული ანგინა უნდა იყოს გამოკვლეული და მკურნალობა უნდა დავიწყოთ ისეთივე, როგორც სტრეპტოკოკული ანგინის შემთხვევაში.
მკურნალობა გულისხმობს:
- — დაცული პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკოთერაპიას (Amoxiclav) 10 დღის მანძილზე (10 დღეზე ადრე სტრეპტოკოკული ინფექცია არ კვდება). მაკროლიდების გამოყენება ბოლო 10 წლის მანძილზე, სენსიბილიზაციის გამო, უშედეგოა და არ არის რეკომენდებული;
- — სიცხის დამწევების და დიდი რაოდენობით სითხეების მიღებას;
- — ცეფალოსპორინების გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ სასურველია მხოლოდ პენიცილინის ჯგუფის გამოყენების უშედეგობისას;
არსებობს კიდევ ერთი გზა. ეს არის ანტიბიოტიკების დანიშვნა სტრეპტოკოკული ექსპრესტესტის შემდეგ. ეს ტესტი დღეს უკვე ხელმისაწვდომია ყველასათვის და თავიდან აგვაცილებს ანტიბიოტიკების არაგეგმაზომიერ გამოყენებას.
თუ პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა პირობა იყო შესრულებული, მაგრამ მკურნალობა მაინც უშედეგოა, საქმე შეიძლება გვქონდეს:
- — სპეციფიკური ბეტა ლაქტამაზის მქონე არასტრეპტოკოკულ ბაქტერიასთან;
- — მონონუკლეოზურ ვირუსთან;
მორეციდივე ანგინები რეციდივების მქონე პაციენტებში უნდა ვიფიქროთ სხვა ბაქტერიების არსებობაზე. ეს არის Haemophylus, staphylococcus, ან ანაერობები, რომლებიც ტონზილების სიღრმეში არსებობენ და ზედაპირული ნაცხის კვლევა არ არის ინფორმაციული. ამ დროს მიზანშეწონილია ცეფალოსპორინების გამოყენება (Suprax).
ვირუსული ანგინები
ვირუსული ანგინები, ბაქტერიულთან შედარებით, უფრო ხშირად გვხვდება. მათ არსებობაზე, როგორც წესი, მიუთითებს შეშუპების უფრო დიფუზური ფორმა, ლარინგო ფარინგიტის თანხლება და, ამ სიმპტომებთან ერთად, ადენოპათიის არარსებობა.
ვირუსული ანგინების დამატებითი ინფიცირება ბაქტერიებით არც თუ ისე იშვიათი მოვლენა გახლავთ. ამიტომ ვირუსული ანგინების მკურნალობისას აუცილებელია მათი მუდმივი კონტროლი და ეჭვის შემთხვევაში, ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყება.