ერისთავი თამარ (პოეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თამარ ერისთავი

ერისთავი თამარ – (1932 – 2014), მთარგმნელი, პოეტი. დაიბადა თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თსუ-ს დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1960-1973 წლებში მუშაობდა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ინგლისური ენის კათედრაზე. 1974-1993 წლებში ხელმძღვანელობდა მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმნისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარ სარედაქციო კოლეგიის ახალგაზრდა მთარგმნელთა სექციას. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1954 წელს.

თამარ ერისთავის პოეტური კრებულებიდან აღსანიშნავია: „იარე მზეზე” (1965), „ლექსები” (1975), „იალკიალი” (1981) „ლექსები” (1984), „ვარსკვლავიანი ცის ქვეშ” (1986). მის ლექსებში გაცოცხლებულია საქართველოს ისტორიულ გმირთა სახეები, წარსულის სურათები. თარგმნა და შეადგინა შოტლანდიური პოეზიის ანთოლოგია (1979), თარგმნა ბერნსის ლექსები (1959), „ლირიკა” (1964), ბაირონის, პრევერის, ლერმონტოვის, ტიხონოვისა და სხვათა ნაწარმოებები.


რობერტ ბერნსი
თარგმნა თამარ ერისთავმა
ცოლი მყავს და ნამუსი მაქვს,
არ დავუთმობ არავის,
რქებს ვერავინ ვერ დამადგამს,
არც დავადგამ არავის.
ფულს დავხარჯავ თუ მაქვს ჩემი,
არ ვუმადლი არავის,
არა მაქვს რა გასაცემი,
არც სესხსა ვთხოვ არავის.
მე არავის ვემონები,
არც ვბატონობ არავის,
მტერს შიშველი ხმალით ვხვდები,
ქედს არ ვუხრი არავის.
გავიხარებ, გავლაღდები,
არ ვიდარდებ არავის,
თუ არავის ვენაღვლები,
არც მე ვნაღვლობ არავის.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები