ეროტომანია და სიყვარულის ბოდვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ეროტომანია-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეროტომანია და სიყვარულის ბოდვა - ეროტიკულ ბოდვას შეიძლება შევხვდეთ ნებისმიერი ფსიქიკური აშლილობის დროს, განსაკუთრებით პარანოიდული შიზოფრენიისას, მაგრამ ის დომინანტური და პერსისტენტული სიმპტომია ისეთი ფორმის ბოდვითი აშლილობისთვის, რომელსაც ეროტომანიას უწოდებენ.

ფრანგმა ფსიქიატრმა - დე კლერამბომ 1921 წელს გამოთქვა მოსაზრება, რომ უნდა მოვახდინოთ პარანოიდული ბოდვისა და ჩვეულებრივი ვნებით, სიყვარულით გამოწვეული ბოდვის დიფერენციაცია. ეს უკანასკნელი განსხვავებულია პათოგენეზის მიხედვით და მას თან ახლავს აგზნება. ეს განსხვავება მხოლოდ ისტორიული თვალსაზრისით არის საინტერესო, მაგრამ მოცემული სინდრომი დღესაც კლერამბოს სინდრომის სახელწოდებითაა ცნობილი. იგი იშვიათი მოვლენაა და ძირითადად ქალებთან გვხვდება. თუმცა, ტეილორმა (Taylor et al., 1983) დააფიქსირა ოთხი შემთხვევა 112 მამაკაცისგან შემდგარ ჯგუფში, რომლებსაც ძალადობაში ედებოდათ ბრალი.

ეროტომანიის დროს სუბიექტს, ჩვეულებრივ მარტოხელა ქალს, სჯერა, რომ ის კეთილშობილ პიროვნებას უყვარს. ეს წარმოსახვითი შეყვარებული, ჩვეულებრივ, მიუწვდომელია, რადგან უკვე ცოლიანია, ან სახეგანთქმული მსახიობია, ან საზოგადო მოღვაწეა. კლერამბოს მიხედვით უზომოდ შეყვარებულ ქალს სჯერა, რომ წარმოსახვით შეყვარებულს ის პირველად თავად შეუყვარდა და რომ მამაკაცის გრძნობა მის მიმართ უფრო ძლიერია, ვიდრე მისი ამ კაცის მიმართ. ეს რწმენა მას კმაყოფილებისა და სიამაყის გრძნობას უღვივებს. ის დარწმუნებულია, რომ წარმოსახვითი შეყვარებული ვერასოდეს ვერ იქნება მის გარეშე ბედნიერი ან სრულყოფილი ადამიანი.

პაციენტს ხშირად სჯერა, რომ მის წარმოსახვაში არსებულ შეყვარებულს არ შეუძლია გამოამჟღავნოს სიყვარული მთელი რიგი გაუგებარი მიზეზების გამო, უჭირს მასთან მიახლოება, არაპირდაპირი გზით ესაუბრება მას და იძულებულია, პარადოქსულად და არაადეკვატურად მოიქცეს. ქალმა შეიძლება საკმაოდ დიდი უხერხულობა შეუქმნას წარმოსახვით შეყვარებულს, რომელიც შეიძლება იქამდე მივიდეს, რომ მას პოლიციაში ან ასამართლოში უჩივლოს. ზოგჯერ პაციენტის ბოდვა ურყევი რჩება და იგი სხვა ადამიანის პარადოქსულ ქცევას ახსნას უძებნის. ის შეიძლება რეალობის მიმართ უკიდურესად ჯიუტი და შეუვალი იყოს. ზოგიერთი პაციენტი სიყვარულის ბოდვიდან დევნის ბოდვაზე გადადის, ხდება უხეში და საზოგადოებაში ხმამაღლა გამოთქვამს უკამყოფილებას „შეყვარებულის“ მიმართ. ეს დინამიკა კლერამბოს მიერ აღწერილია ორი ფაზის სახით - იმედი, რომელიც მტრული დამოკიდებულებით იცვლება.

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები