ერსტედი ჰანს ქრისტიან
ჰანს ქრისტიან ერსტედი – (დან. Hans Christian Ørsted, 1777 - 1851), დანიელი ფიზიკოსი.
ცნობილი მეცნიერის ახალგაზრდობის წლები, როგორც მისი ბიოგრაფები ამბობენ, – არ ყოფილა საინტერესო და განსაკუთრებული.
დაამთავრა სკოლა, შემდეგ სწავლობდა მედიცინას და საბუნებისმეტყველო საგნებს კოპენჰაგენში, აქვე მიიღო დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1817 წ. გახდა პროფესორი. მისი კვლევის თემა ელექტრობა იყო. ცდები დაიწყო ელექტრული ბატარეით, რომელიც შედგებოდა 600 თუთიისა და ვერცხლის ფირფიტისაგან. 1803 წ. დევისგან დამოუკიდებლად აღმოაჩინა, რომ ვოლტას ელემენტში უფრო სასარგებლოა მჟავათა ხსნარების გამოყენება, ვიდრე მარილხსნარებისა. ექსპერიმენტებს ატარებდა მხოლოდ კვირაობით, სამუშაოდან და ლექციებიდან თავისუფალ დროს. ამ გამოკვლევების შედეგად გამოაქვეყნა 1813 წელს ფრანგულ ენაზე ნაშრომი თემაზე: ქიმიური და ელექტრული ძალების იგივეობა.
ამ შრომებს ბიოგრაფები იხსენებენ დღეს იმისათვის, რათა მიუთითონ ათეული წლობით გაგრძელებულ კვლევებზე, რომლებიც წინ უსწრებდნენ იმ აღმოჩენებს, ახალი გზა რომ გაკაფეს ელექტრობაში, ასეთი აღმოჩენა იყო იმის დასაბუთება, რომ გამტარის პარალელურად მოთავსებული მაგნიტური ისარი გადაიხრება, როცა გამტარში დენი გადის მხოლოდ ახლა, 150 წლის შემდეგ შეიძლება ნამდვილად შევაფასოთ ამ აღმოჩენის პრაქტიკული მნიშვნელობა. შემდგომში იგი გამოიყენეს ელექტრომაგნიტის შესაქმნელად, რომელმაც ვოლტას ელემენტთან შეერთების წყალობით ელექტრული ტელეგრაფის იდეის განხორციელების საშუალება მოგვცა.
ელექტრომაგნიტი შემდგომში ტელეფონის აპარატის მთავარი ნაწილი გახდა. მისი მილი კი შემდეგ ხმამაღლამოლაპარაკეთ გარდაიქმნა. მაგრამ ერსტედის აღმოჩენის მთავარი შედეგი იყო ელექტრული დენის მაგნიტური გენერატორი – ფარადეის საქმე. შემდგომში ამ პრინციპზე აგებულმა ელექტრულმა მანქანებმა საშუალება მოგვცეს გვეწარმოებინა დიდი რაოდენობის იაფი ელექტრული ენერგია, რომელიც გამოიყენებოდა ელექტრულ ძრავებში, წარმოებაში და ტრანსპორტში, განათებისათვის, გათბობისათვის და სხვ.
მას შემდეგ რაც ერსტედმა თავისი აღმოჩენა საერთო სახალხო საქმედ აქცია, გაემართა ევროპის გარშემო სამოგზაუროდ, მოიარა საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია და ნორვეგია – ყველგან დიდი სიხარულით ხვდებოდნენ, მეცნიერებათა აკადემიის წევრად ირჩევდნენ. სამშობლოში მიანიჭეს სახელმწიფო მრჩევლის წოდება, მიიღო აზნაურის წოდება და ბევრი ჯილდოები, რომლებმაც იგი მატერიალურად დამოუკიდებელი გახადეს. ერსტედმა შეძლო, ეს კი ყველა მეცნიერის ხვედრი როდია, დაჰკვირვებოდა იმ ცვლილებებს, რაც მის გამოგონებებს და აღმოჩენებს მოჰყვა.