ერწო-თიანეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერწო-თიანეთისაქართველოს ტერიტორიულ-ეთნოგრაფიული რეგიონია ერწო-თიანეთი, რომელიც ივრის ხეობის ზემო წელში მდებარეობს. სამეცნიერო ლიტერატურაში ერწო-თიანეთი ზოგჯერ კახეთის ერთ-ერთ მხარედ გაიაზრება. მაგრამ საისტორიო წყაროები და საბუთები ერწო-თიანეთს ცალკე ისტორიულ-გეოგრაფიულ//ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარედ გვაგულვებინებს. ასევეა დღევანდელი ეთნოგრაფიული მონაცემებით. ერწო-თიანეთი არც მთაა და არც ბარია. იგი მთიდან ბარში გარდამავალი ზონაა, მთისწინეთია. ერწო-თიანეთს, რომელიც დღევანდელი თიანეთის რაიონს მოიცავს, ჩრდილოეთიდან ფშავი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან – შიდა კახეთი, სამხრეთიდან – გარე კახეთი, დასავლეთიდან კი არაგვის ხეობის დაბლობი ნაწილი.

ერწო-თიანეთის დღევანდელი მოსახლეობა არაა მემკვიდრე XVII საუკუნემდე აქ მცხოვრები მოსახლეობისა. 1614 წელს, გაზაფხულზე შაჰ-აბასის ურდოებსა და ქართველებს შორის პირველი შეტაკება სწორედ აქ, ჟალეთში მოხდა. ერწო-თიანეთიდან ირანის შაჰს მაშინ 30.000 ტყვე და 40.000 მსხვილფეხა საქონელი გაუყვანია. ეთნოგრაფიული მონაცემებით, ერწო-თიანეთის მოსახლეობის უკიდურესად შეთხელებაში წვლილი ლეკიანობასაც მიუძღვის. მაგალითად, დევენაანთხევის ნასოფლარად ქცევას (აქ ბევრი ქვითკირის ნასახლარია) სწორედ ლეკიანობას უკავშირებენ. შემდგომში გადარჩენილი მოსახლეობის მცირე ნაწილი კახეთის ბარში გადასახლდა. ერწო-თიანეთში კი ძირითადად ქართველი მთიელები დაფუძნდნენ XVII-XIX საუკუნეებში . ასე რომ, თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში ერწო-თიანეთი ისრუტავდა საქართველოს მთიანეთის (ფშავის, ხევსურეთის, მთიულეთის, გუდამაყრის...) ნამატ მოსახლეობას. აქ დასახლებულმა მთიელებმა ერწო-თიანელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი შექმნეს, რომელთა მეტყველება თიანური კილო-კავის სახელითაა ცნობილი და რომელიც კახურის, ფშაურის და ხევსურულის ურთიერთგავლენის შედეგადაა წარმოშობილი.

ერწო-თიანეთში ქრისტიანული ნაგებობების არაერთი ნაკვალევია, რომელთაგან აღსანიშნავია VIII საუკუნის 40-50-იან წლებში მოღვაწე მეფის – არჩილის აშენებული მონასტერი, რომელსაც დღესაც ხალხი „არჩილის მონასტერს” უწოდებს. მთიელთა მიგრაციამ ერწო-თიანეთში მთური სალოცავების ნიშებიც მოამრავლა, რომლებსაც ნ. ბერძენიშვილი მოსწრებულად „ქრისტიანობის მოქიშპეებს” უწოდებდა. შეიძლება დავასახელოთ: „ლაშარის ჯვარი” (ტუშურებსა და ალაჭანში. პირველ მათგანში ლაშარის ჯვრის ნიში მამაკაცის ქანდაკების სახითაა წარმოდგენილი, რომელსაც ლაშად მიიჩნევენ), „თამარის სალოცავი”, „იხინჭა”, „კოპალა” (კოპალას ნიშებია ჟებოტაში, ხაშარში, გოჯიაანებში. გადმოტანილია გაბიდაურთ თემის ფშავლების მიერ), „ლომისა”, „იახსარი” (ამ სალოცავის ნიშებია თიანეთსა და ერწოში. გადმოტანილია ქისტაურთ თემის ფშავლების მიერ), „პირცეცხლი” (არტაანსა და მაგრანეთში. გადმოტანილია ჭიჩოელთ თემის ფშაველების მიერ), „პირქუში”, „დამასტური”, „ხმალა” (ზენამხარში. ხევსურთა სისაურთ თემის სალოცავი), „ხახმატი” (სოფელ ლიშოში. ხევსურთა ბისო-ხახმატის ღვთაება. გადმოტანილია ფილაურების მიერ), „კვირია” და სხვა მრავალი. ივრის ხეობაში არტაანს ზემოთ ხატხევში ლაშარისა და თამარ მეფის სალოცავებზე, სადაც, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, თავს იყრიდნენ კახეთიდან სალოცავად მოსულნი, 1970-იან წლებში ჩვენ მიერ დადასტურდა ქადაგად დაცემა. ერწოში სოფელ ორხევის თავზე „წმიდა ზაქარიას” ეკლესიის ნანგრევებია; მისი მლოცველნი ძირითადად ამაღლება დღეს კახეთიდან მოდიოდნენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათი წინაპრები ოდესღაც აქედან იყვნენ კახეთში საცხოვრებლად წასული.


წყარო

საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები