ესქატოლოგიური მითები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ესქატოლოგიური მითები - (ძვ. ბერძ. εσχατος „საბოლოო“, „უკანასკნელი“ + λόγος „სიტყვა“, „მოძღვრება“), ესაა მითები მოსალოდნელ მომავალზე ანუ ქვეყნიერების დასასრულზე. ესქატოლოგიური მითები თავისი სტრუქტურითა და სიუჟეტებით კოსმოგონიურ მითებთან ავლენს კავშირს, მხოლოდ მოქმედება საპირისპირო მიმართულებით, ე. ი. კოსმოსიდან, სამყაროული წესრიგიდან ქაოსისკენ ვითარდება და, ამდენად, ესქატოლოგიური მითები მეორეულია და დამოკიდებულია ციკლური დროის კონცეფციასა და კოსმოგონიურ მითებზე. შეიძლება ითქვას, რომ პირველყოფილ ხალხებში სამყაროს დასასრული უკვე შემდგარ ფაქტად ითვლება, თუმცა ახლო თუ შორეულ მომავალში კვლავ უნდა განმეორდეს. მითები კოსმიური კატაკლიზმების შესახებ ფართოდ არის გავრცელებული. მათში აღწერილია, როგორ დაინგრა ქვეყნიერება და როგორ მოისპო კაცობრიობა, ცოცხლად დარჩენილი ერთი წყვილის ან რამდენიმე ქალისა და მამაკაცის გამოკლებით. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია მითები წარღვნის შესახებ. გარდა ამისა, არსებობს მითები, რომლებიც მოგვითხრობენ კოსმიური მასშტაბის კატაკლიზმებზე (მიწისძვრა, ხანძარი, მთების ნგრევა, ეპიდემია და ა. შ.), რომლებსაც ადამიანთა მოდგმა უნდა შეეწიროს. მაგრამ ქვეყნიერების ასეთი დასასრული უკანასკნელი არაა: იგი ერთი კაცობრიობისა და ერთი ქვეყნიერების დასასრულია, რომელსაც აუცილებლად ქაოსთან და კოსმოგონიასთან დაბრუნება, ახალი შესაქმე, ადამიანთა ახალი მოდგმა მოსდევს (მ. ელიადე).

კავკასიურ ესქატოლოგიურ მითებში მსოფლიო წარღვნას, ცნობილს მრავალი ხალხის მითოლოგიიდან, ფუნქციონალურად შეესატყვისება „ოქროს ხანისთვის“, ე. ი. ნართების, პირველი ადამიანების, ეპოქისთვის დამახასიათებელი „მიწის ცხიმის“, ნაყოფიერების გაქრობა, რაც, ნართული ეპოსის ცენტრალური პერსონაჟის (ადიღურში სოსრუყოს, ვაინახურში სესქა სოლსას) გამოჩენას უკავშირდება. ამასთან, ვაინახი ნართები მდნარი სპილენძის დალევით იხოცებიან, მაგრამ სუიციდის მოტივაცია განსხვავებულია: ერთი უკავშირდება ნართორსთხოელთა მონანიებას ჩადენილ ბოროტმოქმედებათა გამო, მეორე — ღვთის რისხვას (ცალკეულ ვარიანტებში შვიდწლიან მოუსავლიანობას), გამოწვეულს მათი ყაჩაღობის მიზეზით. ადიღი ნართების გადაშენების სხვა მოტივაცია განპირობებულია უშნო ანუ ჩვეულებრივი ადამიანების მოსვლით, ადამიანებისა, რომლებიც ნართებთან შედარებით ჯუჯები არიან. როგორც ჩანს, ეს შეპირისპირება გვიანდელია, ანუ იმ პერიოდისა, როცა მითოსური აზროვნება გარკვეული დოზით დასუსტებულია, წარმოდგენები ნართებზე, როგორც პირველწინაპრებზე, დემითოლოგიზაციას განიცდის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნართებისა და ადამიანების დაპირისპირება მხატვრული, მითოპოეტური აზროვნების გვიანდელ სტადიას ასახავს: მითოშემოქმედება მითიურსა და რეალურს შორის გარკეულ ზღვარს ავლებს. რიგ თქმულებათა მიხედვით, სწორედ ამის შედეგია აფხაზი ნართების გაქრობაც: რომელიღაც ცხოველის თავის ქალაში მყოფი ნართები მწყემსმა უფსკრულში მოისროლა. გვიანდელია ღმერთის ნებით ნართების დასჯის, მათი საბოლოო გაუჩინარების ერთ-ერთი ძირითადი მოტივი, რომელიც, როგორც ჩანს, ახალ (თავდაპირველად ქრისტიანულ, შემდეგ კი ისლამურ) იდეოლოგიებს უკავშირდება.



წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები