ექსპრესიონიზმი (თეატრი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ექსპრესიონიზმი თეატრში-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ექსპრესიონიზმი – (ლათ. expression – გამომსახველობა) – ექსპრესიონიზმი ავანგარდისტული მიმართულება ხელოვნებასა და ლიტერატურაში. ჩაისახა გერმანიაში XX ს. დასაწყისში. ეფუძნება სინამდვილის სუბიექტურ ინტერპრეტაციას, უპირატესობას ანიჭებს პირველად განცდას და შეგრძნებებს, მიისწრაფვის აბსტრაჰირებისაკენ, ამხელს მძაფრ ემოციურობას, იყენებს ფანტასტიკური გროტესკის ელემენტებს. ექსპრესიონიზმმა განსაკუთრებული ასპარეზი ჰპოვა გერმანიასა და ავსტრიაში. პუბლიცისტური პათოსით აღსავსე ექსპრესიონისტული დრამები შექმნეს: ვ. ჰაზენკლევერმა, გ. კაიზერმა, ლ. რუბინერმა, ე. ტოლერმა (და სხვ.).

ექსპრესიონისტული დრამატურგიისთვის დამახასიათებელი ნიშნებია:
მთავარი იდეის ღიად გამოხატვა;
კოლიზიის გაშიშვლება (სქემამდე დაყვანა);
პირობით-ისტორიული ან ფანტასტიკური, ზღაპრული გარემოს შექმნა;
პერსონაჟის ინდივიდუალობის უგულებელყოფა.

ამავე პრინციპებით იქმნებოდა ექსპრესიონისტული სპექტაკლებიც. მსახიობები არ ქმნიდნენ კონკრეტულ ხასიათებს, მოვლენებს არ გააჩნდა ყოფითი ან ისტორიული ნიშნები, პირობით სცენოგრაფიაში დიდი როლი ენიჭებოდა განათებას.

ექსპრესიონისტულ ხერხებს თავის დადგმებშო ხშირად იყენებდა მ. რეინჰარდტი, მისი გავლენა განიცადეს ე. პისკატორმა და ბ. ბრეხტმა. ჰიტლერის დიქტატურის ხანაში ექსპრესიონიზმი იდევნებოდა როგორც ბოლშევიზმის გამოვლენა კულტურასა და ხელოვნებაში.

ექსპრესიონიზმის გავლენა არ შენელებულა XX ს. მე-2 ნახევრის გერმანულენოვან დრამატურგიაშიც, რაც მკაფიოდ გამოვლინდა პ. ჰაკსის, პ. ვაისის, ვ. ბორჰერტის, მ. ფრიშის, ფ. დიურენმატის, ულრიხ ბეხერის შემოქმედებაში.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები