ვაბიო
ვა/ვაბიო (უბიხ. Wa/Waba) – უბიხური პანთეონის უზენაესი ღმერთი, მოგვიანებით ალაჰის სინონიმი. ფუნქციონალური თვალსაზრისით, ადიღურ თჰას შეესაბამება.
ლ. ლავროვის აზრით, ისლამამდელ პერიოდში ამ სახელით რომელიღაც ადგილობრივი ღვთაება (ალბათ, უზენაესი – ნ. ა.) იწოდებოდა. ნ. მარმა მიუთითა ამ თეონიმის კავშირზე სვანური ღვთაების ვობი სახელთან და მეგრულში პარასკევის ვობი-შხა/ობი-შხა (ვობის დღე), ხოლო აფხაზურში ჭექა-ქუხილისა და მისი მფარველი ღვთაების აღმნიშვნელ Афы ტერმინებთან. თუკი ეს შეპირისპირება სწორია, უბიხური ვა/ვაბიო, შესაძლოა, ჭექა-ქუხილის ღმერთიც იყო, რადგან კავკასიის ხალხთა პანთეონში უზენაესის ადგილი უპირატესად სწორედ ამ ფუნქციის მატარებელ ღვთაებას ეკავა.
ჭექა-ქუხილის ღმერთი უბიხურში გვხვდება Уашхъуэ- Wašx°oa სახელით (Уа-шхъуэ: уа – „ღმერთი“, шхъуэ –„დიდი“, ე. ი. „დიდი ღმერთი“. შდრ. ადიღ. Тхьэ-шхъуэ „დიდი ღმერთი“). „უაშხო, მივაშხო ჭანა“.
ლიტერატურა
- Марр Н. Я. О религиозных верованиях абхазов // Христианский Восток, IV, вып. I. Петроград,1915;
- Лавров Л. И. Этнографический очерк убыхов // Ученые записки АНИИ, т. VIII. Майкоп, 1968;
- Ворошилов В. И. История убыхов. Очерки по истории и этнографии Большого Сочи С древнейших времен до середины XIX века. Майкоп, 2006.