ვაი ჭკუისაგან
ვაი ჭკუისაგან – რუსი დრამატურგის ალექსანდრე გრიბოედოვის პიესა.
გრიბოედოვის შემოქმედებაში „ვაი ჭკუისაგან“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დრამატული ნაწარმოებია. მასში ასახულია ეპოქისათვის დამახასიათებელი ორი მსოფლმხედველობის შეჯახება - ფეოდალური წყობილების დამცველთა და რევოლუციურ ძალათა გააფთრებული ბრძოლა. საზოგადოებრივი კონფლიქტის გარდა, ნაწარმოებში მეორე, სასიყვარულო ხაზიცაა - ჩაცკისა და სოფიას კონფლიქტი. ეს კონფლიქტი სულ უფრო მძაფრდება და პიესის ბოლოს კულმინაციას აღწევს. კომედიის დასაწყისში ალექსანდრე ჩაცკი მშვიდ და მხიარულ ახალგაზრდად გვევლინება. უცხოეთში სამწლიანი მოგზაურობის შემდეგ მოსკოვში ბრუნდება და დილაადრიან მიაშურებს ფამუსოვების ოჯახს, რომლის ქალიშვილი სოფია ბავშვობიდანვე უყვარდა. თავიდან ჩაცკი თავდაჭერილად აკრიტიკებს თავის ნაცნობ-ნათესავებს, მოსკოვის მაღალი საზოგადოების წევრებს, მაგრამ როცა სოფია გულცივად დახვდება, ეს კრიტიკა სულ უფრო მწვავე ხასიათს იღებს. ჩაცკი ყოველთვის გამოარჩევდა სოფიას, რომელიც, მისი აზრით, მრავალი ღირსებით იყო შემკული, მაგრამ ეს უკანასკენლი იმედიც თანდათან გაუქარწყლდება. სოფიამ მლიქვნელ ქონდრისკაცზე - მოლჩალინზე გაცვალა, მასზე კი ჭორი გაავრცელა - შეშლილიაო. ჩაცკი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ფამუსოველთა წრეს არც საღი გონება გააჩნია და არც ჭეშმარიტი სიყვარულის უნარი.
საზოგადოებრივი და პირადი დრამები ერთმანეთს ავსებენ და ამძაფრებენ მოქმედებას. პიესა მთავრდება აღშფოთებული ჩაცკის მოსკოვის არისტოკრატიული საზოგადოებისაგან საბოლოო განშორებით. ნაწარმოებში მოცემულია უგუნურთა, უსულგულოთა მთელი გალერეა. თითოეული პერსონაჟი განსახიერებულია თავისებურად, ინდივიდუალურად, კონკრეტულად. პავლე ფამუსოვი, მოსკოვის მაღალი საზოგადოების წევრი, მდიდარი მოხუცი, რომელმაც თავის მაღალ მდგომარეობას, არა საქმიანი მონაცემების წყალობით, არამედ მისი უქონლობით მიაღწია. ის ცდილობს უფროსებს ასიამოვნოს. ფამუსოვისთვის სამაგალითოა განსვენებული ბიძა - მაქსიმ პეტროვიჩი, რომელიც, თუკი „დიდთა საამებლად საჭირო იყო, ისიც ცდილობდა - წელში მდაბლად რომ მოხრილიყო“. ერთხელ სასახლეში მიღებისას მაქსიმ პეტროვიჩი შემთხვევით წაიქცა, როცა შენიშნა, რომ მეფეს ამაზე გაეღიმა, ადგა და განგებ მეორეჯერ დაეცა. ფამუსოვმა იცის, რომ „მაღალ საზოგადოებაში“ ადამიანი პირადი ღირსებით კი არ ფასდება, არამედ სიმდიდრით და ჩინ-მედლებით. სწავლა-განათლებას მხოლოდ უბედურება და ბოროტება მოაქვს. იგი მთელ დროს გართობასა და სტუმარ-მასპინძლობაში ატარებს.
თუ ფამუსოვის სახით, გრიბოედოვმა რუსეთის ბიუროკრატიული სახე წარმოაჩინა, სკალოზუბის პერსონაჟის გამოსახვით, მწერალმა ბრიყვი „სალდაფონის“ ტიპაჟი შექმნა. მას ერთ ჭკვიანურ სიტყვასაც კი ვერ დააცდევინებ, შეუძლია ილაპარაკოს მხოლოდ სამხედრო კარიერასა და გამდიდრებაზე, რომელთა მისაღწევად ყველაფერს იკადრებს. ფამუსოვისა და სკალოზუბისგან განსხვავებით, მოლჩალინი უბრალო წარმოშობის პატარა მოხელეა, ფამუსოვის მდივნად მუშაობს და წარჩინების მისაღწევად საიმედო საშუალება - დუმილი - აირჩია. ის იმეორებს - „მე ვერ გავბედავ საკუთარი აზრის გამოთქმას“. დიდ კაცებს მოსწონთ ამ ქონდრისკაცის უსიტყვო მორჩილება და ლაქიური ხასიათი. ამ თვისებებით მან ყველას მოაწონა თავი და სოფიას სიყვარულიც დაიმსახურა. ფამუსოველთა წრეს ეკუთვნის ბრიყვი რეპეტილოვიც, რომელიც, თუთიყუშის მსგავსად, სხვის ნათქვამს იმეორებს.
სოფიას პიროვენება უფრო რთულადაა ასახული. ის საკმაოდ ჭკვიანი და ნაკითხი ქალია, ნებისყოფა და თავმოყვარეობაც გააჩნია. ერთი შეხედვით თავის წრეზე გაცილებით მაღლა დგას, მაგრამ დიდადაც არ განსხვავდება. სოფიას ჩაცკი „საშიშ ადამიანად“ მიაჩნია და სრულებით არ იზიარებს მის პროგრესულ შეხედულებებს. სოფიას იდეალია „ქმარი - მსახური“ და არა მეამბოხე გმირი.
თუ ფამუსოვებს ავტორი სატირული ხერხებით გვიხატავს, ჩაცკის იგი ლირიკულ ასპექტში ძერწავს. ტრაგიკულია ჩაცკის მდგომარეობა ბრიყვ ფამუსოველთა წრეში, რომლებიც მას გიჟად აცხადებენ, სწორედ იმიტომ, რომ ჩაცკი არსებითად დეკაბრისტულ შეხედულებებს ქადაგებს. ჩაცკი აღშფოთებით საუბრობს მებატონეთა სიმხეცეზე ყმების მიმართ, ამათრახებს არა მარტო სოციალურ უსამართლობას, ბატონყმობას, არამედ პოლიტიკურ რეჟიმსაც, თვითმპყრობელობას, ცარიზმის მსახურთ. მისი აზრით, ეს საზოგადოება ნამდვილ ევროპულ კულტურას ვერ დაეუფლება, მხოლოდ გარეგნულად ბაძავენ ყოველივე უცხოს. მაღალმა საზოგადოებამ განათლებული და ჭკვიანი გმირი გიჟად შერაცხა.
ერთი შეხედვით „ვაი ჭკუისაგან“ კლასიცისტურ კომედიას მიეკუთვნება. მასში დაცულია „სამი ერთიანობის კანონი“. ოთხივე მოქმედება მიმდინარეობს ფამუსოვების სახლში, 4 მოქმედება გრძელდება ერთი დღე-ღამის განმავლობაში, მოქმედება ვითარდება „პირდაპირი ხაზით“. პერსონაჟების სახელები მეტწილად მათი შინაგანი თვისებების გამომხატველია, როგორც ეს კლასიცისტურ კომედიებში იყო მიღებული. მაგალითად: მოლჩალინი - (სიტყვა-სიტყვითი თარგმანით) გაჩუმებული, რეპეტილოვი - გამეორება. მაგრამ ყოველივე ეს მხოლოდ გარეგნული ხასიათისაა. არსებითად „ვაი ჭკუისაგან“ რეალისტური ხასიათისაა. გრიბოედოვმა მხატვრული სიმართლით ასახა ცხოვრებისეული რეალობა, გამოხატა ეპოქის ტიპური და დამახასიათებელი მოვლენა - ორი იდეოლოგიის შეურიგებელი ბრძოლა. ავტორმა პიესას კომედია უწოდა. ფამუსოველთა საზოგადოებას მართლაც კომიკური ხერხებით ძერწავს, მაგრამ ამ ნაწარმოებს შეიძლება დრამა და უფრო მეტიც, ტრაგედიაც კი ვუწოდოთ, ვინაიდან ჩაცკის არსებობა ამ საზოგადოებაში ტრაგიკულია. ნაწარმოებში შერწყმულია ტრაგედია და კომედია, სასაცილო და სერიოზული, სატირა და ლირიკა. პიესა ლექსადაა დაწერილი. ავტორი ზოგჯერ ორი-სამი ფრაზით იძლევა ადამიანის ცოცხალ სახეს, გმირის ხასიათს. თითოეული პერსონაჟის ენა შეეფერება მის შინაგან თვისებებსა და ხასიათს.