ვანის ქვაბთა წარწერების პოეზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვანის ქვაბთა წარწერების პოეზია – ვანის ქვაბთა სამონასტრო კომპლექსში მრავლად მოიპოვება ქვაბის ბინადარი ქალების წარწერებიც (XV ს.).

ვანის ქვაბთა მონასტერი თავდაპირველად მამათა მონასტერი იყო, მაგრამ XIV ს. მიწურულიდან, დედათა ე. წ. სამყოფელი (სხვა თვალსაზრისით – თავშესაფარი) ჩნდება. მონასტრის ყველაზე მაღალ სართულზე მოთავსებულ ჯვრის ტიპის პატარა გუმბათიანი ეკლესიის კედლებზე, როგორც შიგნით, ისე გარეთ, მოთავსებულია შავი საღებავით შესრულებული მხედრული წარწერები (დაახლ. 50-მდე), რომლებიც ხელწერისა და სხვა მონაცემების მიხედვით სავარაუდოდ XV ს. II ნახ. თარიღდება (წარწერების ერთი ნაწილი გამოაქვეყნა ე. ცისკარიშვილმა, 1954).

წარწერები ეკუთენის მონასტრის ბინადარ ქალებს, რომლებიც აქ იძულებით მოხვედრილან. ესენი არიან: გულქანი, ანა რჩეულაშვილი, თუმიან გოჯიშვილი, მისი და შაღაბანი სულთანი და სხვ. წარწერებში ქალები გოდებენ თავიანთი მძიმე ხვედრის გამო; თავს ავედრებენ და ითხოვენ შველასა და შენდობას ღეთისმშობლისა და ღვთაების ხატისაგან. ზოგიერთი წარწერა ყოფითი ხასიათისაა შეიცავს შემსრულებლის ბიოგრაფიულ ცნობებსაც. მაგ. გულქანის პროზაულ წარწერებში ნათქვამია, რომ მასზე „ულამაზეს სულიერი დედამიწაზედა არ იარებოდა“. ის „ქალად და გასათხოვად“ მოუყვანია მანუჩარს (საფიქრებელია, ყვარყვარე ათაბაგის შვილს, რომელიც XV ს. II ნახ-ში მოღვაწეობდა).

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ლექსითი წარწერები. პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ანა რჩეულაშვილის წარწერაში ჩართული „ვეფხისტყაოსნის“ ფრაგმენტი – უიმედობის გამომხატველი ორი სტროფი (1300-1301) ქაჯთა ტყვეობაში მყოფი ნესტანის წერილიდან. ამით ანა თავის უიმედო ყოფასაც ასახავს:

„ქ ციხეს ეზი ეზო მაღალსა, თუ ალნი ძლივ შემომაცდება, / გზა გურაბითა შემოვლენ, მცველნი მასედა დგებიან; / მაშიგან ორნი გუშაგნი ნაბადსა არ დაცდება, / მათსა შემბელსა დაჴოცენ, ცეცხლურებ მოედებიან. / ჩემო, ნუ მოხვალ ჩემზედა სხუათა მებრძოლთა წესითა,/ ნუცა მე მომკლავ ჭირითა ამისგან უარესითა, / დამთქმეთა, დაგთმობ ჭირითა ამისგან უარესითა“. ტექსტი აშკარად წარწერილია ზეპირად, რის გამოც დამახინჯებულია, მაგრამ მისი მნიშვნელობა ქართული ლიტერატურისათვის დიდია: ეს არის „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი უძველესი ჩანაწერი, რომელიც ორი საუკუნით უსწრებს ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერებს.

ლექსები აღმოჩნდა სხვა წარწერებშიც. ასეთია სულ I0 ლექსი, რომლებიც ადრე პროზაულ ტექსტებად იყო მიჩნეული და ასევე დაიბეჭდა. აქ არის ფრაგმენტები „ვეფხისტყაოსნიდან“ და „როსტომიანიდან“, ლირიკული ლექსები, როგორც მწიგნობრული (მაგ გულქანის მეორე წარწერა), ისე ხალხუყი ზეპირსიტყვიერებიდან (თუმიანის ლექსი „ზეცას გაველ, ზეცა ენახე…“). ზოგი მათგანი თვით წარწერათა ავტორების მიერ ჩანს შეთხზული და საკმაოდ მაღალი მხატვრული დონით გამოირჩევა. მაგ. თუმიანის ერთი სატრფიალო ლექსი ასე იკითხება: „ქ. მზეო, გიშენის წალკოტი ხილითა და ხევნარითა, / უწყალოდ მოკლავ მიჯნურსა და გულსა დახევ ნარითა“.

ვანის ქვაბთა წარწერები შეიცავენ ახალ მასალებს ძველი ქართული პოეზიის ისტორიისათვის და სრულიად დამსახურებულად იპყრობენ მკვლევართა ყურადღებას. გარდა წმინდა ისტორიულ--ლიტერატურული მნიშვნელობისა, წარწერები ენობრივი თვალსაზრისითაც საინტერესოა: ისინი მეტნაკლებად ასახავენ სასაუბრო ენის და, ამდენად, დიალექტის თავისებურებებსაც.

შ. ონიანი


ლიტერატურა

  • ცისკარიშვილი ვ. წარწერები ასპინძის რაიონიდან. – „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, ნაკე. 30, თბ. 1954;
  • ონიანი შ. ვანის ქვაბთა მონასტრის წარწერების პოეზია. – „საბჭოთა ხელოვნება“, 1959, M7, 1960. №8;
  • კეკელიძე კ ვანის ქვაბთა მონასტრის წარწერების პოეზია. – იხ, მისი: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. I3, თბ., 1974.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები