ვაჟიკა და ხვარამზე
ვაჟიკა და ხვარამზე – სატრფიალო ლექსთა ჯგუფის ლირიკული გმირები. ვაჟიკა და ხვარამზე ერთმანეთის ნანდაური, შეყვარებული ფშავლები იყვნენ და მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდნენ. მათ თემაზე შექმნილი ლექსის პირველი ჩანაწერი 1886 წლითაა დათარიღებული (უმიკ. II,9) მათი უიღბლო სიყვარული გადმოცემულია სატრფიალო პოეზიის შედევრში, რომელსაც „ქალ–ვაჟის სიყვარული“ ეწოდება. ვაჟიკა და ხვარამზეს სამიჯნურო ლექსების შეკრებაში მონაწილეობა მიუღია ი. ჭავჭავაძეს დ. ხიზანაშვილს, პ. უმიკაშვილს, თ. რაზიკაშვილს, მ. მრევლიშვილს და სხვ. გამოქვეყნებულია პ. უმიკაშვილის, თ. რაზიკაშვილის, ვ. კოტეტიშვილის კრებულებში. „ქალ-ვაჟის სიყვარული“ ამებეური შესრულების ვრცელი ლირიკული ლექსია, რომელსაც ორბუნად მღერიან ნახევარგუნდები. ქალი თამამად ესიტყვება ვაჟს, რომელსაც ერთ დროს ხვარამზის სახელზე ამოსდიოდა მზე, ახლა კი განზე დგას და თითქოს არ სურს გაიგოს შორით ალვის – შორით დაგვის ფილოსოფია.
- – ვინა ხარ, ვინ იარები, ლაღო, მაგ ლაღის ცხენითა?
- თავს რად არ მაიბრუნებ, ყანას რად მამკებ ცრემლითა?
- – ის გეგონაა, ქალაო, გუშინ რო მედიდებოდი?
- კაც-შუაკაცებ გიგზავნე, თხა-წალებურად ხტებოდი,
- ისე გაგახდევ სურვილსა, ნემსს ყუნწზე აეგებოდე,
- ჩაჰქონდე დილის ნიავსა, უსულოდ ჩაელღვეოდე,
- პატარას ნარის ჩიტარა თვალში ფხად ჩაეგდებოდე!
ვაჟიკასა და ხვარამზის ლექსების რკალი უიმედო სიყვარულის ნიადაგზე წარმოიშვა. ვაჟის გულწრფელ ტრფიალს ქალი თავის დროზე არ გამოეხმაურა, ხოლო მერე მშობლებმა ქალიშვილი შეუფერებელი ქორწინებით გაათხოვეს. ასე დაშორდა ერთმანეთს ღირსეული წყვილი, რამაც თითოეულის სულს წარუშლელი ტკივილი მიაყენა და პოეტური სიტყვითაც ღირსეულად აღიბეჭდა. ფშავში ლეგენდები დადის „ერთ ნაწვიმარ დღეში ვაჟიკამ ცხენით იმათ (ქალის) სოფელში გაიარა – იმათ სახლის გზაზე. ხვარამზემ იმისი ცხენის ნაფეხურებს თურმე ღობე შემოავლო, რომ არ წაიშალოსო“. თავად ხვარამზე შესანიშნავი მოლექსე ყოფილა და თვითონ შეუქმნია ქართული პოეზიის ეს მარგალიტები თავის სიყვარულზე. დღემდე შვიდი ლექსია მიკვლეული, რაც ამ ბრწყინვალე ფშაველი მგოსნის სახეს ახლოს წარმოგვიდგენს.