ვარიანის ღვთისმშობლის ეკლესია XIX ს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარიანის ღვთისმშობლის ეკლესია - ეკლესია დგას საქართველოში, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარიანის ცენტრში. სამშენებლო წარწერის თანახმად აგებულია 1835 წ.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (13,9 X 7,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე შიგნიდან თაღოვანი, გარედან სწორკუთხა სარკმელია. სარკმლის მარცხენა მხარეს ორი სწორკუთხა საშუალო ზომის, ხოლო მარჯვენა მხარეს ერთი სწორკუთხა მაღალი ნიშია. შიგნიდან თაღოვანი, გარედან სწორკუთხა ორ-ორი სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიცაა. დარბაზის გრძივი კედლების აღმოსავლეთ მონაკვეთში მდებარე სარკმლების ქვემოთ თითო შეისრული ნიშია. ამ ნიშებსა და აფსიდის მხრებს შორის შელესილობით გამოყვანილია თითო ხატის ჩასასმელი. გრძივ კედლებზე პილასტრებია, რომლებსაც ეყრდნობა ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღები. შენობის დასალეთ მონაკვეთში გამართულია ხის პატრონიკე. პატრონიკეში ასასვლელი კიბე დატანებულია დასავლეთ კედელში. ეკლესია შიგნიდან და გარედან შელესილია. სამხრეთ ფასადზე თაღოვანი შესასვლელი ჩასმულია სწორკუთხა შეღრმავებაში და დასრულებულია სამსაფეხურიანი აგურის ფრიზით. შესასვლელის ზემოთ აგურის წყობით გამოყვანილია შეღრმავებული ჯვარი. ამ ჯვარსა და შესასვლელს შორის ქვიშაქვაზე ამოკვეთილია სამშენებლო წარწერა. ფასადებზე სარკმლები დასრულებულია ფრონტონებით. აღმოსავლეთ სარკმლის ფრონტონზე გამოსახულია ჯვარი. ეკლესიის სახურავზე, დასავლეთით დგას ოთხივე მხარეს თაღებით გახსნილი აგურის პატარა სამრეკლო, რომელსაც აგურის პირამიდული სახურავი აქვს.

ბიბლიოგრაფია

  • ვარიანი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.V.-თბ.,1990.-გვ.65-67. სოფ. ვარიანის ფეოდალური ხანის კოშკის, 1835 წელს აგებული ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიისა და სოფლის სასაფლაოზე შემორჩენილი განვითარებული ფეოდალიზმის ხანის დარბაზული ტიპის ეკლესიის აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის გეგმა.
  • მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. ლიახვის ხეობა.-თბ.,1971.-გვ.84-85. სოფ. ვარიანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება. 3.მეგრელიძე ე. ლიახვის ხეობის წარწერები და სხვა სიძველეები //მაცნე.-1966.-N3.-249-255. სოფ. ვარიანის შესახებ ხალხში გავრცელებული თქმულებები. დედაღვთისას ორი ეკლესიისა და მრგვალი კოშკის აღწერილობა.
  • სოფ. ვარიანი (გორის მაზრა) //გაზ. ”ივერია”.-1898(6 ნოემბ.).-N238.-გვ.2. სოფ. ვარიანის ძველი ეკლესიის მოკლე აღწერილობა.
  • ვარიანის ღვთისმშობლის ეკლესია //ბოჭორიძე გ. ქართლის ეკლესია-მ0ნასტრები და სიძველები.-თბ.,2011.-გვ.97. 6.ვარიანის ეკლესია//შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.33. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე. მოკლე ცნობა ვარიანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის შესახებ.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები