ვარძია (სამონასტრო ანსამბლი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვარძია

ვარძია − (ინგლ. Vardzia), XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის უბრწყინვალესი ძეგლი, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს ისტორიულ სამცხე-ჯავახეთის მხარეში, მესხეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: საცხოვრებელი და სხვა დანიშნულების გამოქვაბული ოთახები, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, სამრეკლო და კლდის სოფელი ანანაური.

სარჩევი

ისტორია

სამონასტრო კომპლექსი შენდებოდა 1156-1203 წლებში. დასახლება 1185 წლის 15 აგვისტოს თამარის მეფობის ხანაში (1184-1210 წწ.) აკურთხეს. ადგილის შერჩევა განპირობებული იყო კლდის საუკეთესო სამშენებლო თვისებებით, ხელსაყრელი ადგილმდებარეობით, საყოფაცხოვრებო, სამხედრო თვალსაზრისით და, აგრეთვე, სასმელი წყლის არსებობით.

ვარძიის კომპლექსის ფრაგმენტი

მშენებლობის პირველი ეტაპი მოიცავს საქართველოს მეფის გიორგი III-ის (1156-1184 წწ.) მეფობის წლებს. ამ დროსაა გამოკვეთილი პირველი საცხოვრებელი სახლები წყაროს მახლობლად. მშენებლობის მეორე ეტაპი თავსდება გიორგი III-ის სიკვდილისა და თამარ მეფის ქორწინებას შორის (1184-1186 წწ.). მშენებლობის მესამე ეტაპი მოიცავს წლებს ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მოხატვასა და ბასიანის ბრძოლას შორის (1186-1208 წწ.) და ტაძრის გარშემო მონაზონთა კლდის სახლების, თავდაცვითი სამალავის, წყალსადენის გვირაბისა და სარწყავი არხის გამოკვეთით. თამარ მეფის მითითებით თავდაპირველი გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა. წყაროსთან, უკვე იქ არსებულ გამოქვაბულთა ადგილზე, შეიქმნა მონასტრის ცენტრი – კლდეში გამოკვეთილი ეკლესია, მოხატული ქართლის ერისთავის რატი სურამელის ინიციატივითა და სახსრებით.

ვარძიის კომპლექსის ფრაგმენტი

1203 წელს ვარძიაში შეიკრიბა ქართველთა ლაშქარი, რომელმაც ბასიანის ბრძოლაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით. გაანადგურა ოთხასათასიანი მუსლიმთა კოალიციის არმია. დიდი ხნის განმავლობაში ვარძიის მონასტერში ესვენა ცნობილი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი. XII-XIII საუკუნეებში ვარძია ქართველთა მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ცენტრი იყო. აქ მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი სასულიერო მოღვაწე იოანე შავთელი. მონღოლთა ბატონობის ხანაში (1230-იანი წლებიდან) მონასტერი სამცხელი ფეოდალების, ჯაყელთა გვარიდან გამოსული ათაბაგების გავლენაში მოექცა. 1283 წლის მიწისძვრამ საგრძნობლად დააზიანა მონასტერი (ჩამოინგრა გამოქვაბულები, გვირაბები, წყალსადენი, ტაძრის სტოას წინა ნაწილი და სხვ.), რომელიც 1285-1306 წლებში აღადგინეს ბექა ჯაყელი-ციხისჯვარელის ათაბაგობის დროს. 1391-1444 წლებში იოანე ათაბაგის ძალისხმევით მონასტერს შეემატა სატრაპეზოს შენობა.

საქართველოს მუდამ უხდებოდა გარეშე მტრის მოგერიება. XIII-XIV საუკუნეებში მონღოლთა შემოსევების დროს გაძარცვული ვარძიის მონასტერი XVI საუკუნეშიც იმდენად სახელოვანი და მდიდარი იყო, რომ 1551-1552 წლებში ირანის შაჰმა თამაზმა აქედან ურიცხვი განძი გაიტანა. XVII საუკუნის ქართველი ისტორიკოსის ფარსადან გორგიჯანიძის ცნობით, ირანელებს წაუღიათ - ოქროს კარი, ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ხატები, ეკლესიის მთელი მოკაზმულობა. ჩამოუხსნიათ და დაუმტვრევიათ სამრეკლოს დიდი ზარი. თავად მონასტერი დაუზიანებიათ, ხოლო მკვიდრნი კი ამოუხოციათ. ასეთი დარბევის შემდეგ მონასტერი დასუსტდა და წელში ვეღარ გაიმართა. 1578 წლიდან მესხეთი და მათ შორის ვარძიაც, თურქეთის ბატონობაში მოექცა, მონასტერი დაცარიელდა და დიდებულმა სავანემ არსებობა შეწყვიტა. 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ, მესხეთი ვარძიითურთ, კვლავ საქართველოს დაუბრუნდა.

აღწერილობა

ვარძიის სამონასტრო კომპლექსი გამოკვეთილია ერუშეთის მთის კალთაზე ტუფბრექჩიის შერეულ კლდეში (სიგრძე 500 მ-მდე; სიმაღლე 40 მ.), განლაგებულია ცამეტ სართულად (სართულთა რაოდენობა სხვადასხვა ნაწილში იცვლება). სამხრეთისკენ მიმართული, მტკვრისკენ დაშვებული მცირე ფერდის თავზე აღმართული შვეული კლდოვანი მასივის შუაში გამოკვეთილი ანსამბლი შედგება ისტორიულად ჩამოყალიბებული 2 ნაწილისაგან – ვარძიის მონასტრისა და უფრო ადრინდელი ხანის (X-XII საუკუნეები) კლდის სოფლის ანანაურისაგან. ანსამბლის ეს ნაწილები ერთმანეთისგან მთავარი ეკლესიითაა გამოყოფილი.

ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ეკლესიის სამხრეთი ფასადი

ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა, რომელთაგან მთავარია ანსამბლის შუაგულში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. მასში კამარა, საკურთხევე-ლი და იატაკი გამოკვეთილია კლდეში, ხოლო სამხრეთი, ჩრდილოეთი და დასავლეთი კედლები ამოყვანილია თლილი ქვით. ასეთივე ქვითაა ნაგები სამხრეთი ფასადის წინ მდებარე ორთაღიანი კარიბჭეც. სხვა კლდეში ნაკვეთი ნაგებობების მსგავსად, ვარძიის ეკლესიაც აგებულ შენობათა ფორმებს იმეორებს – კამარით გადახურული დიდი დარბაზული ტაძრის კედლები პილასტრებითა და მათზე დამყარებული კლდეში გამოყვანილი გამბრჯენი თაღებითაა დანაწევრებული. თაღებს კამარის მზიდის ფუნქცია არ გააჩნიათ და მხოლოდ ქვის ნაგები ეკლესიების კონსტრუქციული ფორმების იმიტაციას წარმოადგენს. დარბაზი უხვადაა განათებული სამხრეთი შესასვლელის ღიობიდან და სარკმლებიდან შემოსული სინათლით. ეკლესიას ჩრდილოეთიდან სრულიად ბნელი სათავსი აკრავს, სადაც კლდის სიღრმეში აუზია ამოკვეთილი (ბუნებრივი წყაროს წყლის დონე აუზში მუდამ უცვლელი რჩება. მლოცველები მას აიაზმის წყალს უწოდებენ და სასწაულთმოქმედ ძალას მიაწერენ). ეკლესიის გვერდით კლდეში გამოკვეთილია სამარხები, ჩრდილოეთით აგურით ნაგები აკლდამაა, ფასადზე შემორჩენილია მოჭიქული შორენკეცის ნაშთები. აქვე, ეკლესიის მახლობლად, ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან იწყება სამალავ-გვირაბთა რთული სისტემა. მთელი მონასტერი სამხრეთ მხარესაა მიმართული და სადგომები კლდის სიღრმეში სამხრეთიდან ჩრდილოეთითაა განვითარებული. მონაზონთა საცხოვრებელი და საზოგადოებრივი პალატები ფასადის პერპენდიკულარულად კლდის სიღრმეში შეჭრილ ორ, სამ და ოთხი ოთახისგან შემდგარ სისტემას წარმოადგენენ და ერთმანეთს საგანგებო გასასვლელებით, ტალან-კარაპნებით უკავშირდებიან. მონასტერში 120 საცხოვრებელი კომპლექსის 420 სათავსია, მათ შორის 25 მარანი 185 ქვევრით. საცხოვრებელთა ეს ერთობლიობა შედგება ერთ ღერძზე განლაგებული კარიბჭის, საცხოვრებლისა და საკუჭნაოსაგან. სენაკებს განსხვავებული ზომები აქვთ, გვხვდება მცირე და მოზრდილი (7,0×7,0 მ; 7,0×10,0 მ.) ოთახები, რომელთა შორის ზოგიერთი, სავარაუდოდ, წარჩინებულთათვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. კარიბჭე მთავარი არქიტექტურული ელემენტია, რომელიც ვარძიას მის წინამორბედ უდაბნო-მონასტრებისგან განასხვავებს. კარიბჭის ფართო მთავარი თაღი არქიტექტურულ-მხატვრული ელემენტია მონასტრის ფასადის გაფორმებაში. საცხოვრებელი თუ საზოგადო დანიშნულების სათავსები ტექნიკურად მაღალ დონეზეა შესრულებული.

ვარძიის სამონასტრო კომპლექსი
ვარძიის კომპლექსის ფრაგმენტი სამრეკლო-კარიბჭე

ვარძიის ანსამბლში გარკვეულ არქიტექტურულ მახვილს ქმნის ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე, მთავარი კლდოვანი მასივის წინ ტერასაზე განცალკევებით მდგარი XIII-XIV საუკუნეების მიჯნის სამრეკლო, რომლის ქვედა მოცულობა, ამავე დროს, თაღოვანი კარიბჭის ფუნქციას ასრულებს. სუფთად გათლილი ქვით ნაგები სამრეკლოს მეორე სართული, ფანჩატური არ გადარჩენილა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთელ ანსამბლში მხოლოდ სამრეკლო და მთავარი ეკლესიის პორტიკი არაა კლდეში ნაკვეთი და კარგად დამუშავებული ქვითაა აგებული.

ვარძია არ გამოირჩევა მდიდრული მორთულობით, რაც ბუნებრივია ქართული კლდის ხუროთმოძღვრებისთვის. აქ სადგომთა კედელ-კამარები გლუვია. კედლის დანაწევრება-დამუშავების ელემენტია თითქმის იატაკის დონესთან დაწყებული თაღოვანი ნიშები. მაღლა გამოკვეთილია მცირე მართკუთხა ან თაღოვანი ნიშები, საჭრაქეები. შიდა ოთახებში გასასვლელები ლუნეტიანია ან მართკუთხა მოხაზულობის. ვარძიაში ძალიან ძუნწი მორთულობებიც გვხვდება: ზოგ თაღს საფეხურიანი პროფილი აქვს, ზოგან ჩარჩო შეწყვილებული ლილვებითაა გამოყვანილი. ზომისა და მდებარეობის მიხედვით გამოარჩევენ ჭურჭლის, წიგნების შესანახ ნიშებს, ზოგი უფრო დიდი ზომის საწოლადაც კი გამოიყენებოდა.

მთელ სამონასტრო კომპლექსში უკეთაა დაცული აღმოსავლეთი ნაწილი. აქ მთლიანად ან ნაწილობრივ გადარჩენილია 242 გამოქვაბული-ოთახი. მათ შორის გვხვდება 5,6×8 მ ფართობის დარბაზი. ამავე აღმოსავლეთ ნაწილშია „სადარბაზო” საკრებულო – მცირე ეკლესიით, თამარის ოთახი, სალხინო (მარნით) და სხვ. დასავლეთ ნაწილში – სატრაპეზო, ხოლო ცენტრალურ ნაწილში – საგანგებო თავ-შესაფარი (სამალავი ოთახები). გვირაბები მომარაგებული იყო წყლით. კლდეში გამოკვეთილი გვირაბების საერთო სიგრძე შეადგენს 3,5 კმ-ს.

X-XII საუკუნეების კლდის სოფელი ანანაური კომპლექსის უძველეს ნაწილადაა მიჩნეული. სოფელს საკმაოდ დიდი ტერიტორია უკავია. გამოქვაბული კომპლექსის გარდა, მასში შედის ყოფილი ბაღებისა და ვენახების ჩამოწოლილი ტერასები და ეს ტერიტორია ვრცელდება სარწყავი არხის ნანგრევებამდე. აქ ყურადღებას იპყრობს საერო კლდის სახლები – მათ შორის რთული ორსართულიანი სახლი ბოსლით, კლდის ლოდში გამოკვეთილი საწნახელი და წყალსაცავი. ზემო ტერასაზე მდებარეობს ანანაურის კლდეში გამოკვეთილი ეკლესია შექმ-ნილი არა უგვიანეს X საუკუნისა. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, მისი შიგა ზომები საკურთხევლის ჩათვლით 2,2× 4,5 მეტრია. კედლები და კამარა მთლიანად მოხატულია, რომელიც სავარაუდოდ XV საუკუნეს განეკუთვნება.

კედლის მხატვრობა

მთავარი ტაძრის ჩრდილოეთი კედლის ფრესკა: მეფე გიორგი III და თამარ მეფე

ვარძიის კომპლექსის ერთადერთი სამკაულია სამლოცველოთა კედლის მხატვრობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მოხატულობა (1184-1185 წწ.), სადაც ქრისტეს ცხოვრების ამსახველ სცენებთან ერთად გამოსახულია მეფე გიორგი III-ისა და თამარ მეფის პორტრეტები, აგრეთვე ქართლის ერისთავი რატი სურამელი (აღსანიშნავია, რომ თამარ მეფის პორტრეტი საქართველოში ვარძიის გარდა მხოლოდ სამგან გვხვდება – ყინწვისში, ბეთანიასა და ბერთუბანში. აქედან, ვარძიის ყველაზე უადრესადაა მიჩნეული. შესრულებულია მის გათხოვებამდე). ტაძრის მოხატულობა ქართული მონუმენტური ფერწერის მნიშვნელოვანი ძეგლია.

მთელ სამონასტრო კომპლექსში უკეთაა დაცული აღმოსავლეთი ნაწილი. აქ მთლიანად ან ნაწილობრივ გადარჩენილია 242 გამოქვაბული-ოთახი. მათ შორის გვხვდება 5,6×8 მ ფართობის დარბაზი. ამავე აღმოსავლეთ ნაწილშია „სადარბაზო” საკრებულო – მცირე ეკლესიით, თამარის ოთახი, სალხინო (მარნით) და სხვ. დასავლეთ ნაწილში – სატრაპეზო, ხოლო ცენტრალურ ნაწილში – საგანგებო თავ-შესაფარი (სამალავი ოთახები). გვირაბები მომარაგებული იყო წყლით. კლდეში გამოკვეთილი გვირაბების საერთო სიგრძე შეადგენს 3,5 კმ-ს.

X-XII საუკუნეების კლდის სოფელი ანანაური კომპლექსის უძველეს ნაწილადაა მიჩნეული. სოფელს საკმაოდ დიდი ტერიტორია უკავია. გამოქვაბული კომპლექსის გარდა, მასში შედის ყოფილი ბაღებისა და ვენახების ჩამოწოლილი ტერასები და ეს ტერიტორია ვრცელდება სარწყავი არხის ნანგრევებამდე. აქ ყურადღებას იპყრობს საერო კლდის სახლები – მათ შორის რთული ორსართულიანი სახლი ბოსლით, კლდის ლოდში გამოკვეთილი საწნახელი და წყალსაცავი. ზემო ტერასაზე მდებარეობს ანანაურის კლდეში გამოკვეთილი ეკლესია შექმ-ნილი არა უგვიანეს X საუკუნისა. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, მისი შიგა ზომები საკურ-თხევლის ჩათვლით 2,2× 4,5 მეტრია. კედლები და კამარა მთლიანად მოხატულია, რომელიც სავარაუდოდ XV საუკუნეს განეკუთვნება.

ვარძიის კომპლექსი ქართველი ხალხის მიერ შექმნილი გენიალური ქმნილებაა, რომელსაც დღესაც აღტაცებაში მოჰყავს თანამედროვე მსოფლიო საზოგადოება. ამჟამად ვარძიის სამო-ნასტრო კომპლექსი წარმოადგენს ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალს.

იხილე აგრეთვე

ვარძიის სამონასტრო კომპლექსი

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები