აბაშიძე ვასილ ალექსის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ვასილ აბაშიძე ალექსის ძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბაშიძე, ვასილ [ვასო] ალექსის ძე (1854, 22/ XI (ძვ. სტ.) – 1926, 9/X) – მსახიობი, დრამატურგი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, ქართული თეატრის აღდგენის მთავარი მონაწილე, სამუდამო სცენის დედაბოძთაგანი, საესტრადო სანახაობათა ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქართული სასცენო რეალიზმის ფუძემდებელი, ქართული სამსახიობო სკოლის მეთაური, რესპუბლიკის სახალხო არტისტი. მამა-პაპით „ტახტის აზნაური“, შორაპნის მაზრის სოფ. სავანედან იყო. დაიბადა ქ. დუშეთში, სადაც მამამისი სამაზრო სასწავლებლის ზედამხედველად მუშაობდა; დედა – უკრაინელი ანასტასია შატკოვსკაია – ქართულად თავდახურული, შინაური განათლებით, ქართული ენის საუკეთესო მცოდნე იყო.

სარჩევი

ბიოგრაფია

ვ. აბაშიძეს სწავლის წყურვილი 6 წლისას აღეძრა. დედამ ჯერ ქართული წერა-კითხვა ასწავლა, შემდეგ – რუსული. სწავლა დაიწყო თბილისის გიმნაზიაში [სადაც მისი ამხანაგები იყვნენ შემდეგში სახელგანთქმული ა. ი. სუმბათაშვილი-იუჟინი და ვლ. ნემიროვიჩ-დანჩენკო]. 1872 წელს ქუთაისის გიმნაზია ოქროს მედალზე დაამთავრა. ბავშვობიდანვე თვითგანვითარებას დაეწაფა. ქართულის გარდა იცოდა რუსული, სომხური და თათრული ენები. მოიპოვა „ქალაქისა და სამრევლო სკოლების პირველდაწყებითი სკოლების მასწავლებლის“ წოდება. მუშაობდა ქუთაისის ქართველ კათოლიკეთა სკოლაში (1875), ქ. შუშის საქალაქო სკოლაში (1877) და ყაზახის (განჯის გუბ., აწ კიროვაბადის) ნორმალური სასწავლებლის ზედამხედველად (1878).

თეატრი თბილისის რუსული დრამისა და იტალიური ოპერის წარმოდგენებმა შეაყვარა [იმხანად თბილისში გ. ერისთავის დროინდელი თეატრი ჩამქრალი იყო].

პირველად სცენაზე 1872 წელს [სხვა ცნობით – 1875 წ.], ქუთაისის სცენისმოყვარეთა შორის, ა. ოსტროვსკის პიესა „შემოსავლიან ადგილში“ გამოვიდა. ითამაშა ბელოგუბოვის როლი (იგივე როლი თბილისის სცენაზე, დიდი წარმატებით, 1879 წლის 15 სექტემბერს შეასრულა). 1877 წლიდან ვ. აბაშიძე წარმოდგენებს ქ. შუშაში მართავდა. იმავე წელს, 5 აპრილს, თბილისში, გ. სუნდუკიანის „ხათაბალაში“ ისაიას როლის შესრულებით დამსწრეთა ისეთი აღტაცება გამოიწვია, რომ რუსულმა პრესამაც კი საგანგებოდ აღნიშნა: «Василий Абашидзе, обнаруживший положительный и недюжинный талант. Его игра была безукоризненна все в нем до мельчайших подробностей гримировки, жестикуляции, отличалось верностью типа» („Тифлиский вестник“, 1877, № 70); ხოლო 1878 წელს, სცენისმოყვარეებმა კ. დ. ყიფიანის ხელმძღვანელობით მუდმივი წრე შექმნეს და ვ. აბაშიძე მიიწვიეს. 1879 წელს, ნ. ავალიშვილის, დ. ერისთავის, გ. თუმანიშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ა. როინაშვილისა და პ. უმიკაშვილის მეთაურობით ჩამოყალიბდა „ქართული დრამატული ტრუპა“ და სამუდამო სცენა, რომლის ერთი მესაძირკვლეთაგანი ვ. აბაშიძე იყო. იმავე, 1879 წელს ვ. აბაშიძე ახლად შემდგარი ქართული დრამატული დასის პირველ მოგზაურობაში მონაწილეობდა საქართველოს დაბა-ქალაქებში წარმოდგენების გასამართად, რითაც დიდი აღტაცება გამოიწვია და ხალხში სათეატრო ხელოვნების თესლი განაბნია.

ამ მოგზაურობის დროს, 1879 წელს, ვ. აბაშიძემ ცოლად შეირთო ჩვენი სცენის მშვენება – მარიამ მიხეილის ასული საფაროვი.

ვ. აბაშიძემ 400-მდე სხვადასხვა ხასიათის როლი განასახიერა. უკანასკნელად ქართულ კინოსურათ „ხანუმაში“ თბილისელი მოქალაქის ტიპი აღბეჭდა. ვ. აბაშიძე ყოველთვის დიდი ხელოვნებით, სიმართლით და აზრიანობით თამაშობდა მაღალ და ზნეობრივ კომედიებში, ასევე, გადაჭარბებულ ფარსებშიც კი. განსაკუთრებული ცხოველმყოფელობით შეასრულა ჩვენებური საჟანრო-სახასიათო როლები. გასაოცარი სინამდვილით ხატავდა მოწიწებას, გულუბრყვილობას, სიხარულს, ელდასა და სხვ. მაყურებლის წინაშე შლიდა ცხოვრების ყოველ მხარეს. შექმნა სცენაზე თამაშის საკუთარი სკოლა. საუცხოო იყო მისი აკოფა („ხანუმა“), ზიმზიმოვი („პეპო“), კარაპეტა („ძუნწი“), ისაია („ხათაბალა“), მაზუთიანი („ციმბირელი“), შმაგა („უდანაშაულო დამნაშავენი”), ორგანი („ტარტიუფი“), ივლიანე ჭარხალაძე („აღლუმი“), გასტონი („პარიზის ღარიბ-ღატაკნი“), ხლესტაკოვი და გოროდნიჩი („რევიზორი“), ბელოგუბოვი („შემოსავლიანი ადგილი“), საქო („მსხვერპლი“) და სხვ. მრავალი. ვ. აბაშიძე პირველი ქართველი მსახიობი იყო ნიჭით, ხელოვნებით და ხელობითაც. მანამდე ქართულ სცენას პროფესიონალი მსახიობი არა ჰყოლია. იყო თავისებური, განუმეორებელი, არავის ჰგავდა, არც არავინ მიმგვანებია. ვ. აბაშიძის სასცენო მოღვაწეობის აღსანიშნავი საიუბილეო წარმოდგენისათვის (1887 წ., 3 მაისი) ილია ჭავჭავაძის გაზ. „ივერიამ“ საზოგადოებას მოუწოდა: „იმედია, ჩვენი საზოგადოება დააფასებს მის ამაგს, რადგან ყველამ იცის, რა ღვაწლიც მიუძღვის ამ პირველხარისხოვანს და დიდად ნიჭიერ არტისტს ქართული თეატრის წინაშე“-ო. უფრო ადრე, იმავე გაზეთის („ივერია“, 1886, № 228) რეცენზენტი წერდა: „არ გაგონილა ამისთანა კომიკი, როგორც ბ-ნი აბაშიძეა“. განსაკუთრებული ოსტატობით ანსახიერებდა თბილისელ ვაჭრებს, ჩინოვნიკებს, ხელოსანყარაჩოხელებს, კინტოებსა და სხვ. ჰქონდა მშვენიერი გამოთქმა, საოცარი სახის მეტყველება, ბუნებრიობა, განსასახიერებელი ტიპის შესაბამისი მიხვრა-მოხვრა. ერთსა და იმავე დროს სცენაზე თამაშობდა და თუ საჭიროდ სცნობდა, მოთამაშე ამხანაგსაც (პარტნიორს) ასწავლიდა.

ვ. აბაშიძის რჩევით ბევრმა დაიწყო მშობლიურ სცენაზე მოღვაწეობა (ლ. მესხიშვილი, გ. გედევანოვი და სხვ.). ვ. აბაშიძის ნიჭით და სასცენო ხელოვნებით შთაგონებული დრამატურგები თავის პიესებში ამა თუ იმ გმირს მისი სასცენო უნარის შესაფერისად ქმნიდნენ (ა. ცაგარელი, გ. სუნდუკიანი, ვ. გუნია და სხვ.), ახალგაზრდა სცენის მუშაკნი სასცენო მოღვაწეობასა და როლის განსახიერებას ვ. აბაშიძის მიბაძვით იწყებდნენ.

1877 წლიდან ვ. აბაშიძე, როგორც დრამატურგი და პიესების მთარგმნელ-გადმომკეთებელი, მწერლობაშიც მონაწილეობდა. სასცენო ხელოვნების შესახებ კრებულები გამოსცა. 1885 წელს დააარსა და 12 ივლისიდან საკუთარი რედაქტორობით გამოსცემდა საყოველკვირეო გაზეთ (ჟურნალ) „თეატრს”, სადაც პიესებს, თეატრის შესახებ წერილებს, რეცენზიებს, მხატვრულ ნაწარმოებებს ბეჭდავდა (სხვათა შორის, ეგ. ნინოშვილმა წერა პირველად აქ დაიწყო). ცენზურისაგან აკრძალული წერილების ამ ჟურნალში დაბეჭდვის გამო ვ. აბაშიძე სამჯერ პასუხისგებაშიც მისცეს. 1886 წლის 8 ივნისს, „თეატრი“ ვ. გუნიას გადასცა, 1887 წელს – ა. ნებიერიძეს [რომლის ხელშიც, 1891 წელს, დაიხურა]. თანამშრომლობდა „დროებაში“, „ივერიაში“, „შრომასა“ და სხვა გამოცემებში. ასევე, შეადგინა „ჩანგი“, რომლის მეათე გამოცემა 1900 წელს გამოვიდა. ამის შესახებ შენიშვნა დაიბეჭდა ჟურნ. „კვალში“ (1900, № 39; „მოსაუბრე დღევანდელი იუბილეის გამო“, „კვალი“, 1902, № 11). ვ. აბაშიძემ პირველმა შეადგინა ქართულ სცენაზე დასადგმელად ნებადართული პიესების სია და ამით საძირკველი დაუდო რეპერტუარის ისტორიას. ასევე, პირველად მან დადგა ოპერეტები.

ვ. აბაშიძემ რამდენიმე წერილი სასცენოხელოვნებასა და სცენის ახალგაზრდა მუშაკებს მიუძღვნა. მისი აზრით: „თეატრი „ხალხის ნაკლოვანებათა გამკიცხავ-შემმუსვრელი წმიდათა-წმიდაა... სახალხო ტრიბუნა, საიდანაც ჩვენ ზნეობას უნდა ვსწავლობდეთ“; თეატრი „უწმიდესი ტაძარია, სამქადაგებლო დაწესებულება... ერთი საუკეთესო იარაღი ერის სულისა და გულის გასამშვენიერებლად, მისი ზნეობისა და ბუნების ესთეტიკური აღზრდისათვის“. ვ. აბაშიძე გვასწავლის, რომ „სცენა სარკეა ცხოვრებისა და ამიტომ უმთავრესი კანონი, რომელზედაც დამყარებულია ხელოვნება, არის სინამდვილე, ჭეშმარიტება: „... რაც უფრო ნიჭიერი და განათლებულია ხელოვანი, მით უფრო ღრმად და სწორედ წარმოადგენს ცხოვრებას და სინამდვილეს სცენაზე. სრულსა და საამურ მოქმედებას მხოლოდ მაშინ იქონიებს მსახიობი მაყურებელზედ, როცა იგი სცენაზე ცხოვრობს და არ არდგენს... მხოლოდ დაუღალავს მუშაობასა და ცხოვრების დაკვირვებას შეუძლიან შექმნას არტისტი ხელოვანი“ („ივერია“, 1894, № 172; „ცხოვრების სარკე“, II, 1901, გვ. 374-384).

მადლიერმა სამშობლომ ვ. აბაშიძეს სამჯერ გაუმართა იუბილე: 1887 წელს – სასცენო მოღვაწეობის 10 წლისთავი (ქართული თეატრის ისტორიაში ეს იყო პირველი იუბილე), 1902 წელს – მოღვაწეობის 25 წლის შესრულებისთვის (რაც მთელი საქართველოს ზეიმად გადაიქცა); 1913 წელს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ საპატიო წევრად აირჩია, ხოლო 1922 წლის 15 იანვარს მოღვაწეობის 50 წლისთავის შესრულების აღსანიშნავად იუბილე გადუხადეს, რომლის დროსაც საჭოთა ხელისუფლებამ რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭა (პირველად ვ. აბაშიძემ მიიღო ეს მაღალი წოდება) და პერსონალური პენსია დაუნიშნა.

ვ. აბაშიძე გარდაიცვალა 1926 წლის ოქტომბრის 9-ს. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში, აკაკი წერეთლის გვერდით. 1947 წლის 15 ნოემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ვ. აბაშიძის სახელი მუსკომედიის სახელმწიფო თეატრს მიაკუთვნა.

ვ. აბაშიძის ოჯახი, – თვითონ, მეუღლე მარიამი და ასული ტასო, – ქართული თეატრის მშვენებად და სიამაყედაა ცნობილი.

თხზულებანი
  1. მუქთახორა: სცენა 1 მოქმედებად;
  2. ქალების ვაგონი: ვოდევილი 1 მოქმედებად;
  3. ცოლი თუ გინდათ, ეს არი!!!: ვოდევილი 1 მოქმედებად / თხზულება ვასილ აბაშიძისა. – ქუთაისი, 1877 [კანზე: 1878]. – 47 გვ.; ტფ.: გრ. ჩარკვიანის გამოც., 1879. – 32 გვ.;
  4. ცელქები: ვოდევილი 1 მოქმედებად. – 1890;
  5. ტასიკო / დრამატიული ეტიუდი ვ. აბაშიძისა. – ფოთი: ლ. ტუღუშის გამოცემა და სტ., 1893. – 25 გვ.
ნათარგმნი და გადმოკეთებული
  1. ბელლო. დანაშაული და სასჯელი: მელოდრამა 5 მოქმედებად;
  2. დენერი. გაძარცული ფოსტა: 5 მოქმედებად;
  3. ვისი ბრალია?!: დრამა 5 მოქმედებად;
  4. ზაპელსკი, გ. ფარისეველი: ტრაგი-ფარსი 3 მოქმედებად;
  5. მდგმური ტრომბონით;
  6. მელიაკი; მილლო. კუდამელა;
  7. მეჯლისი იტალიელებით;
  8. ოსტროვსკი, ალ. არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი, ანუ რაც არ ექნეს მამაშენსა, ნურც შენ დახევ მარმაშებსა;
  9. ოფენბახი. მომღერალი ჩიტები: კომედია-ოპერეტა 3 მოქმედებად, 4 სურათად;
  10. რაინდი უშიშარი და გულმართალი;
  11. სკრიბი, ე. ესპანელი აზნაური: კომედია 5 მოქმედებად;
  12. სოფლის მასწავლებელი: კომედია 4 მოქმედებად;
  13. სუნდუკიანი, გ. აბანოს ბოხჩა: ხუმრობა 2 მოქმედებად;
  14. სუნდუკიანი, გ. კიდევ ერთი მსხვერპლი: დრამა 5 მოქმედებად;
  15. სწავლული ცოლი;
  16. ფელიე, ოქტავ. მოგზაური / თარგმანი ფრანგულიდან;
  17. ფონ-შახტანი. ჯამბაზები: კომედია 3 მოქმედებად;
  18. ყვავი ფარშავანგის ფრთებით;
  19. შეშლილია: დრამა 3 მოქმედებად;
  20. ეხლანდელი სიყვარული: კომედია 4 მოქმედებად / გადმოღებული ვ. აბაშიძისაგან (ა. დიაჩენკოს პიესის მიხედვით). – ფოთი, 1893 [ყდაზე: 1895]. – 76 გვ.;
  21. უნდა გავიყარნეთ: კომედია 3 მოქმედებად. – ცხოვრების სარკე: პიესების კრებული, მსახიობთა სურათებით. – წიგნი I. – ტფ: იოსებ იმედაშვილის გამოცემა № 19, 1899. – (რეცენზია იხ. „ივერია“, 1886, № 273, 275);
  22. დე-კურსელი, პიერ. ორი ჯიბგირი: პიესა 5 მოქმედებად და 7 სურათად / პიერ დე-კურსელისა; თარგმანი ვ. აბაშიძისა. – თბ., 1904. – 157 გვ.;
  23. სუნდუკიანცი, გ. საღამოს ერთი ცხვირი ხეირია: ვოდევილი ერთ მოქმედებად / გ. სუნდუკიანცისა. – თბ.: სორაპანი, 1911. – 30 გვ.
შეადგინა
  1. სრული სია დრამატულ თხზულებათა ქართულ ენაზე // თეატრი. – 1888. – № 32. – 34-36, 40 გვ.;
  2. ჩანგი / სალიტერატურო საღამოებსა და დივერტისმენტებში სახმარებლად შეკრებილი და შედგენილი ვ. ა. აბაშიძის მიერ. – თბ., [1888]. – II, 464, X გვ.; მეორე შევსებული გამოცემა. – 1892. – 570. – [11] გვ.; ოზურგეთი, 1893. – 160 გვ.; მე-4 გამოც., ახლად შევსებული და შესწორებული. – ბათუმი, 1900. – 368 გვ.;
  3. პანთეონი ქართული თეატრისა / გამოცემა ვ. ა. აბაშიძის. – წიგნი პირველი. – ტფ., 1894. – 104 გვ.;
  4. პატარა ჩანგი. შეშლილის წერილები გოგოლისა. სცენები, ლექსები და კუპლეტები. – თბ.: „გუთანი“-ს გამოცემა №1, 1902. – 63 გვ.; მეორე გამოცემა. – თფ.: ალ. შახ-ბარათოვის გამოცემა №10, 1903. – 63 გვ.; [მე-3 გამოცემა]. – თბ.: მ. ა. ზარიძის გამოცემა №62, 1907. – 63 გვ.; მე-3 [მე-4] გამოც. – თბ.: ალ. შახბარათოვის გამოცემა №47, 1908. – 64 გვ.;
  5. დრამები და კომედიები / შედგენილი ვ. აბაშიძის მიერ. – ტფ.: სორაპანი, 1911. – 249 [1] გვ.
გამოქვეყნებულია

მოკლე ცნობანი დრამატული ხელოვნების შესახებ (ვუძღვნი იმ ყმაწვილ ქალთა და კაცთ, რომელთაც ჰსურთ სცენას ემსახურონ) // ივერია. – 1894. – № 171, 172.

მის შესახებ
  1. ვასილ ალექსის-ძე აბაშიძე, 25 წლის სასცენო მოღვაწეობის სახსოვრად. – ტფ.: ქართული დრამატიული საზოგადოების გამოცემა, 1902. – 8 გვ.;
  2. ვასო აბაშიძის ოცდა-ხუთი წლის ქართულ სცენაზე მოღვაწეობის სახსოვრად. – ქუთაისი: ალ. არაბიძის გამოც., 1902. – 76 გვ.;
  3. ვასო აბაშიძე სხვადასხვა როლში // თეატრი და ცხოვრება. – 1914. – № 38;
  4. ამირეჯიბი, შ. ვასილ აბაშიძე. 50 წლის მოღვაწეობის გამო / საიუბილეო კომიტეტის გამოცემა. – ტფ., 1922. – 26 გვ.;
  5. კომუნისტი. – 1926. – № 231. – გვ. 4, 6; № 233. – № 3, 4; № 234. – გვ. 1, 3, 4; № 235. – გვ. 3; №236. – გვ. 3, 4;
  6. Бухникашвили, Г. Васо Абашидзе // Заря Востока. – 1926. – № 205;
  7. Имедашвили, И. Наш Васо // Заря Востока. – 1926. – № 1301;
  8. Похороны Васо Абашидзе // Заря Востока. – 1926. – № 1302;
  9. Ф.-а. Памяти народного артиста // Заря Востока. – 1926. – № 1298;
  10. Хранитель летописи грузинского театра // Заря Востока. – 1926. – № 1301;
  11. ზურაბიშვილი-ელეფთერიძე, ილია. ოთხი პორტრეტი // საბჭოთა ხელოვნება. – 1938. – № 4. – გვ. 39-54;
  12. Варданидзе, Г. Васо Абашидзе: [К 85 - летию со дня рождения (1855 - 1926)] // Заря Востока. – 1940. – 8 марта. – № 55;
  13. О присвоении имени народного артиста ГССР Васо Абашидзе Тбилисскому государственному театру музыкальной комедии: [Указ. 15 ноябрь] / Верховный Совет Грузинской ССР // Заря Востока. – 1947. – 22 ноября. – № 232;
  14. ზურაბიშვილი, ილია. ოთხი პორტრეტი: (მაკო, ვასო, ნატო, ლადო). – თბ.: ხელოვნება, 1948. – 148 გვ.;
  15. გერსამია, ს. ვასო აბაშიძე: [მონოგრაფია]. – თბ.: სახელგამი, 1949. – 152 გვ.;
  16. ბურთიკაშვილი, ალ. სცენის ოსტატები: (პორტრეტები). – თბ.: ხელოვნება, 1951. – 272 გვ.;
  17. გიჟიმყრელი, გ. დიდი მსახიობისადმი პატივისცემა თუ უპატივცემლობა? // ახალგაზრდა კომუნისტი. – 1951. – № 131;
  18. ქართული თეატრის მოღვაწენი სასცენო ხელოვნების შესახებ / საქართველოს თეატრალური საზოგადოება. – წ. 1: ვასო აბაშიძე / კრებ. შეადგინეს და შენიშვნები დაურთეს დ. ჯანელიძემ და კაპ. გაწერელიამ; რედ. და წინასიტყვ. ავტ.: დ. ჯანელიძე. – თბ.: ხელოვნება, 1951. – 178 გვ.;
  19. ჯანელიძე, დიმიტრი. სცენის დიდი ოსტატი // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1951. – № 40;
  20. Шапатава, Е. Мастер грузинского театра // Заря Востока. – 1951. – № 240.

წყარო:

  1. ბურჯაძე, ს. [იოსებ ბაქრაძე]. თეატრი // დროება. – 1878. – № 222;
  2. მანუა-ვაჩნაძიანელი. თელავი // ივერია. – 1878. – № 36. – გვ. 4-5;
  3. მესხი, ს. ქართული წარმოდგენა // დროება. – 1878. – № 195;
  4. ჭყონია, ილია (ი-ა, ი-ძე). ქუთაისის თეატრის მატიანე // ივერია. – 1878. – № 18. – გვ. 5-6;
  5. დროება. – 1879. – № 193; 1881. – № 7;
  6. თეატრი. – 1885. – № 7. – გვ. 68; № 8. – გვ. 69-71; № 11. – გვ. 97-99; № 12. – გვ. 109-110; № 14. – № გვ. 140; № 16. – გვ. 153-155; № 17. – გვ. 161-162; № 18. – გვ. 169-170; № 19. – გვ. 177-179; 1886. – № № 7. – გვ. 61-62; № 9; № 23. – გვ. 233-235; № 37. – გვ. 425; № 41. – გვ. 565-566; № 42. – გვ. 481-482; № 43. – გვ. 497-499; 1887. – № 11. – გვ. 10-14; № 13-14. – გვ. 5-10; 1888. – № 15. – გვ. 3; № 20. – გვ. 1-4; № 23. – გვ. 1-5; № 42-43. – გვ. 1; № 48-49. – გვ. 7-12; 1889. – № 1. – გვ. 15-16; № 3. – გვ. 4-11; № 6. – გვ. 6-10; № 10. – გვ. 1-3; № 19-20-21. – გვ. 6-7; № 22-23-24. – გვ. 4-10; № 25-26-27. – გვ. 3-5; № 28-29-30. – გვ. 1, 4-6; № 31-32-33. – გვ. 3-4;
  7. ივერია. – 1886. – № 33, 42, 251, 273; 1887. – № 56;
  8. ორ-ანი [არ. ახნაზაროვი]. სახელდახელო // ივერია. – 1887. – № 76;
  9. გუნია, ვ. ა) ქართული თეატრი 1879-1889. – ტფ., 1889. – გვ.: 3, 18-21, 24, 28, 105-111, 131; ბ) საქართველოს კალენდარი. – 1889; 1892. – გვ. 325; 1893. – გვ. 453-454; 1903. – გვ. 478; გ) კომუნისტი. – 1926. – № 291;
  10. კვალი. – 1893. – № 3. – გვ. 1-4; № 4. – გვ. 6-7; № 45. – გვ. 4-6; 1895. – № 5. – გვ. 16; 1896. –

№ 50. – გვ. 885; 1898. – № 47. – გვ. 772; 1899. – № 6. – გვ. 85; № 47. – გვ. 809; 1900. – № 47. – გვ. 748-749; 1902. – № 8, 9; № 11. – გვ. 173-174, 185-186, 188;

  1. ხახანაშვილი, ა. // კვალი. – 1894. – № 2;
  2. ცხოვრების სარკე: პიესების კრებული, მსახიობთა სურათებით. – წიგნი I. – თბ.: იოსებ იმედაშვილის გამოცემა № 19, 1899. – 240 გვ.; წიგნი II: [პიესები, ლექსები და წერილები] / წინასიტყვ. ავტორი ი. იმედაშვილი. – თბ.: ძმებ იმედაშვილების გამოცემა № 20, 1901. – გვ.: 366-384;
  3. Le Caucase illustré, J. M. Les artistes du Théâtre Géorgien. – 1899–1900. – № 7. – პ. 11.
  4. ბიოგრაფია // ივერია. – 1902. – № 21;
  5. ცნობის ფურცელი, სურათებიანი დამატება. – 1902. – 10 მარტი. – № 31, 32;
  6. ჯორჯაძე, არ. თეატრი და მწერლობა // მოამბე. – 1902. – № 2. – განყ. II. – გვ. 36-46;
  7. თეატრი და ცხოვრება. – 1910. – № 11. – გვ. 16; № 16. – გვ. 11; 1917. – № 38; 1920. – № 12, 18; 1924. – № 3, 4, 9;
  8. თუთაევი, ა. მცირე შენიშვნა // თეატრი და ცხოვრება. – 1910. – № 11;
  9. ვასო აბაშიძის თავგადასავალი // ლომისი. – 1923. – № 18;
  10. იმედაშვილი, იოსებ // მუშა. – 1926. – № 1166;
  11. ხუნდაძე, ს. სოციალიზმის ისტორია საქართველოში. – ტფ., 1927. – 11. – გვ. 313;
  12. ლასხიშვილი, გ. მემუარები (1885–1915). – ტფ., 1934. – გვ.: 120, 297;
  13. კლდიაშვილი, დ. მოთხრობები, პიესები, მემუარები. – ტ. II. – ტფ.: ფედერაცია, 1935. – გვ.: 126, 127, 351;
  14. ასკურავა, ივ. ნაწყვეტი ლანჩხუთის თეატრის ისტორიიდან // საბჭოთა ხელოვნება. – 1936. – № 11-12. – გვ. 58-59;
  15. მანსვეტაშვილი, იაკობ. მოგონებანი. ნახული და გაგონილი / ლევან ასათიანის რედაქციით. – ტფ.: ფედერაცია, 1936. – გვ.: 224-228, 272;
  16. ცაგარელი, ა. კომედიები / ი. გრიშაშვილის რედაქციით, წინათქმით, შენიშვნებით და ლექსიკონით. – [ტფ.]: ფედერაცია, 1936. – გვ.: 17, 361, 363, 374, 458, 470;
  17. Советская Грузия за 17 лет. – Тб.: Изд. «Заря Востока», 1938. – 110 с.;
  18. კომუნისტი. – 1939. – № 54; 1940. – 6 მარტი. – № 54;
  19. ქართული ჟურნალებისა და კრებულების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია / გ. აბზიანიძის რედ. და წინსიტყვ.; ბიბლიოგრ. რედაქცია და საძიებლები თ. მაჭავარიანის. – ნაკვ. 2: 1877-1892. – თბ., 1941. – გვ. 383; ნაკვ. 3: (1893-1905). – თბ., 1944. – გვ. 789;
  20. ქართული წიგნი: ბიბლიოგრაფია. – ტ. I: 1629-1920. – თბ., 1941. – გვ.: 469, 483, 491;
  21. Зандукели, М. Очерки по истории грузинской литературы. – Тб., 1941. – 57 с.;
  22. ბუაჩიძე, შ. // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1944. – № 34;
  23. ბაქრაძე, გ. ი. ქართული პერიოდიკა, 1819–1945 / ბიბლიოგრაფია შედგენილი გ. ი. ბაქრაძის მიერ; ვ. 37 ი. ეგნატაშვილის რედ. – თბ., 1946 [1947]. – გვ.: 10, 249;
  24. კაშმაძე, შალვა. ვანო სარაჯიშვილი: მონოგრაფია. – თბ.: სახელგამი, 1947. – გვ.: 174, 268;
  25. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება 1947 წ. 15 ნოემბერი // კომუნისტი. – 1947. – № 233;
  26. შვანგირაძე, ნინო. ვ. გუნიას უცნობი დღიური // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1947. – № 41;
  27. ბურთიკაშვილი, ა. ოთხი პორტრეტი // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1948. – № 51;
  28. კომუნისტი. – 1948. – № 73;
  29. Имедазде, В. Островский, Н. в Грузии // Заря востока. – 1948. – № 73;
  30. გვარაძე, ნიკო. თეატრალური მემუარები. – თბ.: სახელგამი, 1949. – 276 გვ.;
  31. დადიანი, შალვა. სახელოვანი იუბილარი // კომუნისტი. – 1949. – № 213;
  32. ბუხნიკაშვილი, გ. – ა) გაბრიელ სუნდუკიანი: რევოლუციამდელი სომხური და ქართული თეატრების ურთიერთობის ისტორიიდან. – თბ.: ხელოვნება, 1950. – 88 გვ.; ბ) ქართული თეატრი ასი წლის მანძილზე. – თბ.: სახელგამი, 1950. – გვ.: 31, 34, 38-43, 50, 54;
  33. ტყემალაძე, ვ. სცენის ოსტატები // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1951. – № 33;
  34. ქელბაქიანი, გ. კლასიკური დრამა თელავის სცენაზე // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1951. – № 50;
  35. ჯანელიძე, დ. ნ. გოგოლის „რევიზორი“ მარჯანიშვილის თეატრში // კომუნისტი. – 1951. – № 295;
  36. Гришашвили, И. Ревизор // Заря Востока. – 1951. – № 294;

წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები