სომხური ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სომხური ენასომხეთის სახელმწიფო ენა, განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახს. სომხური ენაზე ლაპარაკობს (1979–ის აღწერით) 6 მლნ. კაცი, აქედან ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკებში – 3,7 მლნ. (თვით სომხეთში –2 მლნ-მდე).

გამოიყოფა სომხური ენის განვითარების 3 საფეხური: ძველი (V-XI სს.), საშუალო (XI–-XVII სს.), ახალი (XVII-იდან). ძველი სომხური ენა (გრაბარი) უპირატესად ფლექსიური ენაა, რომელსაც აქვს განვითარებული გრამატიკული წყობა, სიტყვაწარმოება და მდიდარი ლექსიკა. საშუალო სომხური ენა რომელიც ძირითადად კილიკიის სომხური დიალექტის ბაზაზე შემუშავდა, წარმოადგენს გარდამავალ საფეხურს ფლექსიურობიდან აგლუტინაციისაკენ. ახალი სალიტერატურო სომხური ენა (აშხარაბარი) ორი განშტოებითაა წარმოდგენილი: აღმოსავლურითა (ռւύ ჯგუფის დიალექტების ბაზაზე) და დასავლურით (վ ჯგუფის დიალექტების ბაზაზე). აღმოსავლურ სალიტერატურო სომხურ ენას საფუძვლად არარატის სომხური დიალექტი უდევს. ბრუნების სისტემაში შეინიშნება უნიფიკაციის ტენდენცია. უღლების სისტემა წარმოდგენილია 15 მწკრივით და მდიდარია ზმნური კატეგორიებით. ჭარბობს ანალიტიკური წარმოება, სინტაქსისათვის დამახასიათებელია წინადადების წევრთა თავისუფალი წყობა, საზღვრულის პოსტპოზიცია, დამხმარე ზმნის მოძრავი ბუნება ზმნის ფორმებში. დასავლური სალიტერატურო სომხური ენა გავრცელებულია უცხოეთში მცხოვრებ სომეხთა შორის, აღმოსავლური სომხური ენისგან განსხვავდება ზოგიერთი არსებითი ნიშნით, რომელთაგან უმთავრესია აწმყოსა და უწყვეტლის I ნაწილაკით წარმოება. მდიდარია დიალექტებით. აღმოსავლური სომხური ენისგან განსხვავებით, აქვს გამოყენების შეზღუდული სფერო.

სომხური დამწერლობა ფონეტიკური ხასიათისაა და მასზე ბერძნული ანბანის გავლენა ჩანს. მისი შექმნა (V ს. დასაწყისი) მიეწერება მესროპ მაშტოცს. ამ პერიოდიდან იქმნება მდიდარი სომხური მრავალჟანრიანი ორიგინალური და მთარგმნელობითი მწერლობაც.

მრავალსაუკუნოვანი მეზობლური კავშირები ასახულია როგორც ლიტერატურულ, ისე ენობრივ ურთიერთობათა მრავალ სფეროში.

ქართულ-სომხური ენობრივი ურთიერთობები ენათმეცნიერებისათვის ის უბანია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ნ. მარი სომხური ენის საფუძველში ორმაგ ბირთვს მოიაზრებდა, რომლის ერთი ნაწილი ქართულ ენასთან გენეტიკურად მონათესავედაც კი მიაჩნდა. ამ ორ ენას შორის მსგავსება ვლინდება:

ფონეტიკაში შეინიშნება ბგერების დიდი სიახლოვე. სომხურს, ისევე როგორც ქართულს, ახასიათებს ძ, ღ, წ, ჭ ბგერები, თანხმოვანთა ერთნაირი წყვილეულებრივი და სამეულებრივი სისტემები. სომხურს აქვს თანხმოვანთა ჰარმონიული კომპლექსები (ქართულისგან განსხვავებული).

მორფოლოგიაში საყურადღებოა ათეულების რიგის რთული რიცხვითების სისტემის შეცვლა და ქართულთან დაახლოება (ძველ სომხურში იყო 1+10, ახალ სომხურში ეს რიგი შეიცვალა 10+1); ჩვენებითი ნაცვალსახელებისთვის დამახასიათებელია ერთნაირად სამი პირის მიმართება: ეს, ეგ, ის (რაც იშვიათია სხვა ენებისთვის); ზმნის სისტემისთვის დამახასიათებელია უნახაობის აქტის კატეგორია, რაც მას აახლოებს ქართული ზმნის თურმეობითის ფორმებთან; ზმნიზედის ჯგუფებში, ისევე როგორც ქართულში, გამოიყოფა ფუძეგაორმაგებული ზმნიზედები, რომელთაგან ზოგიერთი ფორმითა და შინაარსითაც ახლოს დგანან. კნინობით-საალერსო ნაწილაკთაგან აღსანიშნავია იკ. აკ – უკ-ის იგივეობა. ასეთივე სიახლოვე შეინიშნება ზოგიერთ შორისდებულში.

სინტაქსში აღსანიშნავია მსაზღვრელის პრეპოზიცია და საზღვრულთან შეუთანხმებლობა რიცხვსა და ბრუნვაში, რაც ამ მოვლენას ახალი ქართული ენის მოდელთან აახლოებს (ისტორიულად მსაზღვრელი ორივე ენაში ადგილს იცვლის – პოსტპოზიცია იცვლება პრეპოზიციით). საზოგადოდ, ორივე ენის წინადადების სიტყვათწყობა დიდ სიახლოვეს გვიჩვენებს.

ლექსიკა ორივე ენისა რელიეფურად წარმოაჩენს საერთო სიტყვების დიდ რაოდენობას, რაც შედეგია ხანგრძლივი ისტორიული კავშირებისა ამ ენათა განვითარების ყველა ეტაპზე. ეს სიტყვები არაერთგვაროვანია: გარდა წმინდა ქართულ-სომხური ერთეულებისა, ბევრია საერთო ხმარების უცხოური წარმომავლობის სიტყვები (სირიული, ბერძნული, ირანული, არაბული, თურქული და სხვ), რომლებიც, გარდა ურთიერთზეგავლენისა, დამოუკიდებლადაც არიან შეთვისებული ორივე ენის მიერ.

მ. რობაქიძე

ლიტერატურა

  • შილაკაძე ი. ახალი სომხური ენის გრამატიკა, თბ., 1971;
  • მისივე, ძველი სომხური ენის გრამატიკა, თბ., 1975.

წყარო

საენათმეცნიერო საუბრები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები